ჩვენი მიზანია პარტიული ორგანიზაციის გაძლიერება, ინსტიტუციური მშენებლობა

02/04/2018

გიორგი კვირიკაშვილი:
“მოგეხსენებათ, 70 წლის იუბილე უსრულდება ქალაქ რუსთავს. ძალიან მიხარია, რო ასეთ დროს მოგვიწია ჩამოსვლა ამ მართლაც ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში და მის ცენტრში საუბარი იმაზე, რა მიღწევები გვაქვს.
მინდა, ჩვენი პარტიის აქტივისტებმა იცოდნენ ამ მიღწევების შესახებ, ვინაიდან, ეს გარკვეულწილად სიამაყის გრძნობას მატებს თითოეულ ჩვენგანს, რადგან ამ მიღწევებში ყველა თქვენგანის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ თქვენი აქტივობისთვის, ვინაიდან ამის გარეშე შეუძლებელია, პარტიამ მიაღწიოს წარმატებას. ჩვენი მიზანია პარტიული ორგანიზაციის გაძლიერება, ინსტიტუციური მშენებლობა, რათა განსაკუთრებით რეგიონებში მაქისმალური იყოს ჩვენი მოსახლეობის ჩართულობა. პარტიის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს, ქვეყნის მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ აუცილებელია, დავუფასოთ ღვაწლი იმ ადამიანებს, რომლებიც პარტიის დაარსების პირველივე დღიდან, 2011 წლის შემოდგომიდან ჩვენს გვერდით დგანან და ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანეს მონაკვეთში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველს, ვინც გულანთებული დგას ჩვენს გვერდით და ამ წარმატებას აშენებს.
ჩ ვენი მიზანია ასევე ის, რომ ახალგაზრდობის ჩართულობა იყოს კიდევ უფრო ფართო, რადგან ვფიქრობთ, რომ ახალგაზრდების ჩართულობის გარეშე დინამიური ორგანიზაციის მშენებლობა წარმოუდგენელი იქნება. მინდა, ძალიან ვთხოვო ყველა ახალგაზრდას, აქტიურად ჩაერთონ, გამოთქვან იდეები, რადგან ჩვენ მათ აუცილებლად მოვუსმენთ.
მინდა,საკმაოდ დეტალურად ვისაუბრო ჩვენს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, ვინაიდან, სამწუხაროდ, ხშირად მასმედია ხშირად არ აშუქებს გაკეთებულ საქმეებს. დღეს, მოგეხსენებათ, მოდაშია ნეგატივი და ხშირად, ადამიანებმა სამწუხაროდ არ იციან თუნდაც მეზობელ სოფელში თუ ქალაქში გაკეთებული საქმის შესახებ.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ თვითკმაყოფილნი გაკეთებული საქმით. რა თქმა უნდა, წინ გაცილებით უფრო ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია, გაკეთებული საქმეები და შესრულებული დანაპირები იცოდნენ განსაკუთრებით ჩვენი პარტიის აქტივის წევრებმა.

ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელდა ჯამში დაახლოებით 1700 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 151 300 000 ლარია.
რეგიონში დაიგო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 401 კმ გზას – 70 500 000 ლარი.
აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 100–მდე საბავშვო ბაღს -8 400 000 ლარის ოდენობით. მხოლოდ გასული 3 წლის განმავლობაში აშენდა 9 საბავშვო ბაღი, მათ შორის: ქალაქ რუსთავში, მარნეულში სოფელ ალგეთში, სოფელ სადახლოში, წელს დასრულდება საბავშვო ბაღების მშენებლობა წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში კიზილკილისსა და კოხტაში, გარდაბანში სოფელ ახალსოფელში და სოფელ აღთაკლია–ყარათაკლიაში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთში და სოფელ ასურეთში. აღნიშნულ ბაღებს ჯამში 800–ზე მეტი ბავშვის მომსახურება შეუძლიათ.
რეაბილიტირდა და ახალი სასმელი წყლის სისტემა იქნა გაყვანილი 278 სოფელში, თანხით 15 800 000 ლარი. გასულ წელს დაიწყო ისეთი მასშტაბური პროექტი, როგორიცაა მარტყოფის, ნორიოსა და ახალსოფლის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა, რომელიც, უნდა ითქვას, რომ თავისი მნიშვნელობით და მასშტაბებით უპრეცედენტოა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის და იგი 5 სოფლის – ახალსოფლის, ნორიოს, მარტყოფის, ახალი სამგორის და ვაზიანის 18 000-მდე ოჯახს მოემსახურება 24-საათიან რეჟიმში.
მოეწყო 3 ნაგავსაყრელი – რუსთავში, რომლის ღირებულება თითქმის ნახევარი მილიონი ლარია; დმანისში, რომლის ღირებულება 160 ათას ლარზე მეტია,ბოლნისში, რომლის ღირებულება 300 ათას ლარია . ასევე დაიხურა 2 ნაგავსაყრელი – მანგლისსა და წალკაში. მოეწყო ნარჩენების გადამტვირთავი სადგური მანგლისი-წალკა, რომლის ღირებულებაა 230 ათასი ლარია .
მიმდინარეობს და მომავალ წელს დასრულდება ახალი ნაგავსაყრელის მოწყობა, რომელიც მოემსახურება რეგიონის 5 მუნიციპალიტეტს – წალკას, დმანისს, თეთრიწყაროს, მარნეულსა და ბოლნისს. მოხდება მათი აღჭურვა აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით. პროექტის ჯამური ღირებულებაა 11,5 მილიონი ევრო.
რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა დამატებით 25 261 ოჯახს.
პროექტის „სინათლე ყველა სოფელს“ ფარგლებში ელექტროენერგიის მიწოდების ქსელში ჩაერთო დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი სოგოუთლო და პირველად მრავალი წლის შემდეგ ელექტროენერგია მიეწოდა აქ მცხოვრებ 18 ოჯახს.
რეგიონში ექსპლუატაციაში შევიდა 3 ჰიდრო და 237 მგვტ სიმძლავრის 1 თბოელექტროსადგური. მშენებლობის ეტაპზეა კიდევ 1 ახალი ჰიდროელექტროსადგური, რომლის სავარაუდო ინვესტიცია 900 000 აშშ დოლარია.
დაგეგმილია გარდაბანში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მეორე ბლოკის მშენებლობა. თბოსელექტროადგურის ექსპლუატაციაში შესვლა 2020 წელს იგეგმება. სამუშაოები დაწყებულია პროექტის ღირებულება 160 მლნ აშშ დოლარი გახლავთ.
გარდაბანში შენდება ტყიბულის ადგილობრივ ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგური, რომლის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 200 მლნ აშშ დოლარი იქნება.
აშენდა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგური „მარნეული 500“. პროექტის განხორციელების შედეგად შესაძლებელი გახდა ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილის, განსაკუთრებით თბილისისა და ქვემო ქართლის, ელექტროენერგიით მომარაგების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მეწარმეობის განვითარების მიზნით, ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს და მათ შორის არის „აწარმოე საქართველოში“. პროექტის ფარგლებში, რეგიონში სულ მხარდაჭერილია 39 პროექტი, 66 მლნ ლარზე მეტი ჯამური ინვესტიციის მოცულობით. პროექტები 1,100-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს.
ამ პროექტებს შორის არის ისეთი საწარმოები როგორიცაა:
· გარდაბანში, მეფრინველეობის საწარმო, რომელშიც დასაქმებულია 30 ადამიანი და ჯამური ინვესტიცია 9 მილიონ ლარია.
· მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მეფრინველეობის საწარმო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში, რომლის ინვესტიციის მოცულობაა დაახლოებით 150 ათასი ლარი და დასაქმებული ჰყავს 20 ადამიანი.
· სამშენებლო მასალის საწარმო ქალაქ რუსთავში, ჯამური ინვესტიცია 4 მილიონ 800 ათასი ლარია და დასაქმებულია 60 ადამიანი.
· ასევე, ქვის მასალის მწარმოებელი საწარმო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მწყნეთში, ინვესტიციის მოცულობით მილიონ 315 ათასი ლარი, დასაქმებულია 35 ადამიანი. და სხვა…
ჩამოვთვალე, რადგან ხშირად მარტო სტატისტიკა, შეიძლება არ იყოს იმდენი ინფორმაციის მომცემი და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად გაიხსნა კონკრეტული საწარმოები. რა თქმა უნდა, სია გაცილებით უფრო დიდია, უბრალოდ, არ შეგაწყენთ თავს უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდებით.
“აწარმოე საქართველოში” მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ცალკე კომპონენტით მხარდაჭერილია 420 პროექტი, ჯამური საინვესტიციო მოცულობით 4.2 მლნ ლარი. ჯამში დაფინანსებულია 700-მდე ბენეფიციარი.
სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ხელშეწყობით, კერძოდ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტითა და აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამით ქვემო ქართლის რეგიონში გაიხსნა 22 ახალი საწარმო და გაფართოვდა 148 არსებული საწარმო. სრულმა ინვესტიციამ თითქმის 17 მილიონი დოლარი შეადგინა. დასაქმდა ჯამში 2500-მდე ადამიანი.
ამ მიმართულებით, ერთ-ერთი წარმატებული საწარმოა შემნახველი მეურნეობა ,,მზიანი მოსავალი“ ბოლნისში. ინვესტიცია დაახლოებით 700 ათას დოლარს შეადგენს, საწარმოში დასაქმებულია 25 ადამიანი.
ასეთივეა მარნეულის სოფელ აზიზქენდში სასათბურე მეურნეობა ,,მზა ჩითილი“. საწარმოში ჯამურად მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და მასში 30 ადამიანია დასაქმებული. საწარმოში წლიურად 30 მილიონი ერთეული ჩითილის წარმოებაა შესაძლებელი.
წარმატებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის შედეგად რეგიონში 148 კოოპერატივი ჩამოყალიბდა, რომლებიც ძირითადად მეცხოველეობას, მეფუტკრეობას, მებოსტნეობასა და მემარცვლეობას ეწევიან.
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში ქვემო ქართლის რეგიონიდან მონაწილეობს 8 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი წალკის, თეთრიწყაროსა და დმანისის მუნიციპალიტეტებიდან.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან პროგრამაში ჩართულია 1 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელშიც გაწევრიანებულია 13 მეპაიე, მიმდინარეობს კოოპერატივისთვის 600 ჰა სათიბ-საძოვრების 25-წლიანი იჯარით გადაცემისათვის პროგრამით დადგენილი პროცედურები.
წალკის მუნიციპალიტეტიდან პროგრამაში 4 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი მონაწილეობს, კოოპერატივებში გაერთიანებულია 66 ადგილობრივი მეპაიე, მიმდინარეობს კოოპერატივისათვის 1800 ჰა სათიბ-საძოვრის 25-წლიანი იჯარით გადაცემის პროცედურა.
დმანისის მუნიციპალიტეტიდან პროგრამაში 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი მონაწილეობს, კოოპერატივებში გაერთიანებულია 59 მეპაიე, მიმდინარეობს კოოპერატივისათვის 2900 ჰა-მდე სათიბ-საძოვრის 25-წლიანი იჯარით გადაცემა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში 5 ჰა-მდე მიწის ფართობზე აშენდა მზის სათბურები, ერთსივრციანი სათბურები და სხვა დამხმარე ნაგებობები, ჯამში – 6 დიდი და 27 პატარა სათბური.
ახალი ტექნოლოგიებით აშენებული და აღჭურვილი სათბურების მომსახურებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების ასათვისებლად ადგილობრივი ფერმერები გადიან შესაბამის ტრენინგს. დღეისათვის უკვე 500-მდე ფერმერია გადამზადებული.
სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავლის“ ფარგლებში რეგიონში დამტკიცებულია 126 პროექტი, რაც ითვალისწინებს 738 ჰა-ზე ვაშლის, კაკლის, თხილის, ნუშის, ხურმის და ქლიავის ახალი ბაღების გაშენებას. ჯამური ინვესტიციაა 6 მილიონ ლარზე მეტია.
ქვემო ქართლის რეგიონში დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 28 პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 32 მილიონი ლარია. შედეგად, წყალუზრუნველყოფილია ახალი 22 ათასამდე ჰექტარი და სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა 13 600 ჰექტრამდე მიწის ფართობზე. დამეთანხმებით, რამდენად მნიშვნელოვანია სასოფლო-სამურნეო სავარგულების გასარწყავიანება, ეს პროდუქტიულობის ამაღლებას ემსახურება და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.
დღეისათვის მიმდინარეობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 11 სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 11 მილიონ 350 ათასი ლარია.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბოლნისისა და წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბნების ტერიტორიებზე მოეწყო ტყის დროებითი სანერგეები.
რაც შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს – ქვემო ქართლის რეგიონში აშენდა 2 ახალი საჯარო სკოლა – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთში, რომლითაც სარგებლობს 144 მოსწავლე, და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლა, რომლითაც 150 მოსწავლე სარგებლობს. ასევე, მიმდინარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისში მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლის მშენებლობა. რეგიონის 53 საჯარო სკოლაში კი, განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს რუსთავის მუნიციპალიტეტში.
დაიწყო პროფესიული კოლეჯის „მოდუსის“ სრული რეაბილიტაცია. კოლეჯი უკვე უზრუნველყოფილია შესაბამისი ახალი აღჭურვილობით. სტუდენტთა სამეწარმეო იდეების განვითარების მიზნით, კოლეჯში ამოქმედდა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეულია არსებულ ქსელში.
განხორციელდა სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა, რომელშიც ჩართული იყო რუსთავისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების 7 საჯარო სკოლა.
ქვემო ქართლში გაიხსნა ძიუდოს 2 დიდი არენა, რომლითაც 500-მდე ადგილობრივი ბავშვი და ახალგაზრდა სარგებლობს. მარტყოფში ფონდმა ,,ქართუმ“ საერთაშორისო სტანდარტების რაგბის ბაზა ააშენა.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა 78 სპორტულ ობიექტს, რომლის საერთო ღირებულება 2 400 000 ლარია. აშენდა 67 ახალი სპორტული ობიექტი, თანხით 5 000 000 ლარი.
რაც შეეხება ჯანდაცვის მიმართულებას – რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში არის სრულად აღჭურვილი 82 სოფლის ამბულატორია.
10 სოფელში – ოფრეთი, რანჩპარი, ირგანჩაი, ახალსოფელი, კოხტა, ნორიო, ხრისი, თეზი, ბეკამი და რუისი – აშენდა ახალი ამბულატორიები.
რეგიონში განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი, რომელიც აღჭურვილია მაღალი და საშუალო გამავლობის 31 ახალი ავტომობილით. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები სრულად არის აღჭურვილი სამედიცინო ინვენტარით, რაც პირველადი დახმარების ხარისხიან მიწოდებას უზრუნველყოფს.
ქვემო ქართლის რეგიონს 166 სოფლის ექიმი და 179 ექთანი ემსახურება ჯამში, რომელთა ხელფასები 30%-ით გაიზარდა.
ქვემო ქართლის რეგიონში სულ 200 ადამიანი დასაქმდა შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის მეშვეობით. გრძელდება პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა, რომლის ფარგლებში მომზადებული პირები დასაქმდებიან შესაბამის ვაკანსიებზე.
ქვემო ქართლის რეგიონში რეაბილიტირებულ შენობებსა და ახალაშენებულ კორპუსებში ბინა გადაეცა 329 დევნილ ოჯახს. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, 362 დევნილი ოჯახისთვის შესყიდულ იქნა კერძო სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით. საცხოვრებელი ფართობი დაუკანონდა 1339 დევნილ ოჯახს. საცხოვრებელი სახლი დაუკანონდა 309 ეკომიგრანტ ოჯახსაც, ხოლო 44 ეკომიგრანტი ოჯახისთვის შესყიდული იქნა ახალი სახლი.
საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნა მანგლისში, კოდაში, ფოკაში, კაზრეთში, სადახლოში, მარტყოფსა და წალკაში.
2018 წლის განმავლობაში დაგეგმილია იუსტიციის სახლის მშენებლობა ბოლნისში.
რეგიონში ასევე მიმდინარეობს ისტორიული და კულტურული ძეგლების აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოები. დაწყებულია ფიტარეთის ტაძრის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 250 000 ლარია.
ქვემო ქართლში არის ყველა პირობა ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებისათვის. ამ კუთხით უკვე გადადგმულია ნაბიჯები. ეწყობა კულტურულ და ისტორიულ ძეგლებთან მისასვლელი გზები და საველოსიპედო ბილიკები.
ქალაქ წალკიდან დაშბაშის კანიონამდე გაყვანილია მისასვლელი გზა. მიმდინარე წელს იგეგმება კანიონის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
იგეგმება ბოლნისის სიონიდან წუღრუღაშენის ტაძართან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, თეთრიწყაროს ტურისტული მომსახურების ცენტრის შექმნა, სოფელ სამშვილდის ციხემდე და ეკლესიამდე მისასვლელ გზაზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია და მრავალი სხვა პროექტის განხორციელება.
რა თქმა უნდა, ეს არ არის განხორციელებული პროექტებს სრული ჩამონათვალი. მე მაქსიმალურად შევეცადე ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები ჩამომეთვალა, ასევე მომეცა კონკრეტული დასახელებები იმ საცხოვრებელი პუნქტებისა, სადაც კონკრეტული, მათ შორის ბიზნესპროექტები განხორციელდა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ქვეყანაში საჭიროა სტაბილური განვითარების კიდევ რამდენიმე წელი, რათა ყველა ოჯახმა საკუთარ თავზე იგრძნოს ამ განხორციელებული პროექტების შედეგები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი ამოცანაა, ყველა ოჯახზე აისახოს ქვეყანაში მიმდინარე პროგრესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა სტაბილურობა, სწრაფი ეკონომიკური ზრდა და სწორედ ამ ამოცანას ვახორციელებთ თქვენთან ერთად. ეს ყველაფერი მოვყევი, რადგან ყველა თქვენგანმა იგრძნოს საკუთარი წვლილი ქვეყანაში განხორციელებულ და არსებულ პროგრესში.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ის, რომ შევინარჩუნოთ ქვეყანაში სტაბილურობა იმ პრაგმატული და თანმიმდევრული პოლიტიკით, რომელსაც ვახორციელებთ.
ჩვენი ქვეყნის გამთლიანება იყო და რჩება ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად და ქვეყნის დეოკუპაცია, რა თქმა უნდა არის ნომერ პირველი ამოცანა ჩვენი ხელისუფლებისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენი საგარეო და შიდა პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ ერთის მხრივ სტაბილურობით და მეორეს მხრივ თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკით მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება შეუქცევადი გახდეს და ჩვენ მივაღწიოთ აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების განვითარების დონეს. ამისთვის ჩვენ გვჭირდება სტაბილური განვითარების კიდევ არაერთი წელი და რა თქმა უნდა, ჩვენ თანმიმდევრულად, თქვენთან ერთად, ამ ამოცანას შევასრულებთ.
მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველა თქვენგანს, მადლობა მინდა გადავუხადო მაჟორიტარ დეპუტატებს, რომლებიც ჩვენთან ერთად არიან, ასევე რეგიონის მაჟორიტარებსა და მმართველობის ორგანოებს; მინდა, ასევე დიდი მადლობა გადავუხადო სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს.მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მომავალი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული ხაზი იქნება თვითმმართველობების გაძლიერება. ჩვენ, პარლამენტთან ერთად, ვახორციელებთ თვითმმართველობის უმნიშვნელოვანეს რეფორმას, რომელიც ითვალისწინებს მომავალი ათი წლის განმავლობაში, მშპ-თან მიმართებაში გავაორმაგოთ თვითმმართველობების დაფინანსება. ეს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი პროექტების დაფინანსება გაორმაგდება მშპ-თან მიმართებაში და ეს მიაღწევს ევროპულ დონეს. ჩვენი ამოცანაა, გადაწყვეტილებების მიღების სიმძიმის ცენტრმა გადაინაცვლოს რეგიონებში, თვითმმართველობის ორგანოებში. სწორედ ამიტომ, ჩვენ ჩვენ გვჭირდება ძლიერი პარტია, ძლიერი პარტიული ორგანოები და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი დელეგატების მუშაობა, რათა მათ მოიტანონ თქვენი სატკივარი, ამოცანები და სიხარული ცენტრალურ ორგანოებში, რომ ეს შემდგომ მაქსიმალურად აისახოს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე პარლამენტის მუშაობაში. რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების ჩართულობა ამაში უნდა იყოს მაქსიმალურად ფართო.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის. წინ ძალიან ბევრი წარმატებაა, ამისთვის საჭიროა მაქსიმალური კონსოლიდაცია და პარტიული ორგანოების გაძლიერება.
გმადლობთ.”

Tweet about this on TwitterShare on Facebook0