თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და ძლიერი ქარის დროს, ხის დაცემის შედეგად გარდაცვლილი ტატიანა პავლოვნას ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. თბილისის მერმა გუშინდელ სტიქიაზე ისაუბრა და გამგეობების წარმომადგენლებს საგანგებო რეჟიმში მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
„გუშინდელ ძლიერ ქარს მოყვა დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხეებისა და ნარგავების მოთხრა, სახურავების გადახდა, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ სტიქიას ემსხვერპლა ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე. მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს. რა თქმა უნდა, ყველაფრის აღდგენა და გამოსწორება შესაძლებელია, ახალი ხე-მცენარეები დაირგვება, მაგრამ სამწუხარო და გულდასაწყვეტია, როდესაც ფიქსირდება ადამიანის გარდაცვალება. მინდა, ათივე რაიონის გამგებელს მოვუწოდო, მაქსიმალური ყურადღებით ვიყოთ. დღესაც მოსალოდნელია ქარი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუშაობა გაგრძელდეს საგანგებო რეჟიმში, ისევე როგორც გუშინ. მთელი ღამის განმავლობაში იყო შემოსული ზარები, ადგილზე ხდებოდა ჩვენი სამსახურების გასვლა და დღესაც მაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინოთ ამ მიმართულებით და მაქსიმალური თანადგომა აღმოვუჩინოთ ადამიანებს, დავეხმაროთ დაზარალებულ მოსახლეობას, ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ დედაქალაქში, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამჯერად, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიას ფეხით მოსიარულეებისთვის გაათავისუფლებენ და გარემოვაჭრეებს ბაზრობაზე გადაიყვანენ.
„როგორც იცით, ბოლო პერიოდში აქტიურად დავიწყეთ მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება. პირველი პროექტი ხორციელდება მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ტერიტორიაზე, საიდანაც გარე ვაჭრობამ გადაინაცვლა ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ავიღეთ ყველა უკანონოდ განთავსებული ჯიხური. ფეხით გადაადგილებაც კი შეუძლებელი იყო და პრობლემას წარმოადგენდა იმ ადამიანებისთვისაც, ვინც ყოველდღიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობდა. კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება მეტროსადგურ „სამგორის“, კერძოდ კი, ნავთლუღის ბაზრობის ტერიტორიაზე. გვინდა, რომ ყველა მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია ასე მოწესრიგდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა გლდანის რაიონის გამგებელსა და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს გარემოვაჭრეებთან კომუნიკაციის დაწყება სთხოვა.
„ამჯერად, კიდევ ერთ მსგავს პროექტს დავაანონსებ – მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ. მინდა, დავავალო გლდანის რაიონის გამგებელს, ასევე, მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს და პროცესში ჩართვა ვთხოვო გლდანის მაჟორიტარ დეპუტატს, კონსტანტინე ზარნაძეს, რომ დაიწყონ კომუნიკაცია გარემოვაჭრეებთან, ასევე ბაზრობების მესაკუთრეებთან, რომ ეს ადამიანები ეტაპობრივად გადავიყვანოთ ბაზრობაზე და ნორმალურ პირობებში გააგრძელონ მუშაობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დაავალა, რომ პარალელურად დაიწყოს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურულად მოწესრიგება.
„ჩვენი მიდგომა ასეთია, რომ მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორია, ჩასასვლელები, ასასვლელები მაქსიმალურად მოწესრიგებული იყოს. დღეს, არსებული მდგომარეობა არავისთვის მისაღები არ არის. ამ ადგილებში ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია. მესმის იმ ადამიანებისაც, ვინც ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან. მაგრამ მათ ეს ყველაფერი შეუძლიათ ცივილურად და ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე გააკეთონ, სადაც ეს ნებადართულია. ჩვენ გარემოვაჭრეებს ყველანაირად დავეხმარებით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაზეც გამახვილდა. აღინიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებულ ქსელზე დაკვირვებას თბილისის მერია 24-საათიან რეჟიმში აწარმოებს, რათა აღმოიფხვრას მცირე ხარვეზები, რომელიც გამოვლინდება. დედაქალაქის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებსა და მის შედეგებზეც ისაუბრა.
„როგორც იცით, დავიწყეთ სატრანსპორტო პოლიტიკის მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება. მოგეხსენებათ, გასულ წელს, საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის მონაწილეობით, დასრულდა თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კვლევა, რომელზე დაყრდნობით, შესაბამისი სატრანსპორტო ნაკადებისა და მოქალაქეთა მობილობის საჭიროებათა გათვალისწინებით, დაიგეგმა დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი, რომელმაც ერთ სატრანსპორტო და სატარიფო სისტემაში გააერთიანა აქამდე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედი მიკროავტობუსები, ავტობუსების ქსელი და თბილისის მეტროპოლიტენი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე განცხადებით, რეფორმის ძირითადი ეტაპის შემდეგ, ახალი ქსელის დანერგვამ შესაძლებელი გახადა გაზრდილიყო მისაწვდომობა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის, ქალაქის სხვადასხვა რაიონში იმ უბნების ქსელში ჩართვით, რომელსაც აქამდე არ ემსახურებოდა მუნიციპალური ტრანსპორტი.
„სამწუხაროდ, იყო ისეთი უბნები, ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდებოდა, ან ძალიან დიდი იყო მოცდის დრო – ერთი საათი უწევდათ მოქალაქეებს ლოდინი. ჯამში, საუბარია ამგვარ მიკროავტობუსის 46 და ავტობუსის 17 მარშრუტზე. ამავე მიზნით, დამატებით, დაგრძელდა 13 მარშრუტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, პირველი თებერვლიდან, ახალი მარშრუტების პარალელურად, ამოქმედდა სააბონემენტო სისტემა, რომლის ფარგლებშიც, მოქალაქეები სარგებლობენ სხვადასხვავადიანი სააბონემენტო ბარათებით, მათი საჭიროების მიხედვით. გარდა ამისა, რეფორმის შედეგად, საათ-ნახევრიანი შეღავათიანი მგზავრობის ტარიფი გავრცელდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობაზე.
„რეფორმამ შესაძლებელი გახადა, მარშრუტების ოპტიმიზაციის შედეგად, მიგვეღო სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მაქსიმალური მოლოდინის დრო მოძრაობის პიკურ პერიოდში შემცირდა 15 წუთამდე. ამ მიმართულებით, დღესაც მიმდინარეობს მუშაობა. კონკრეტულ ქუჩებზე სპეციალური ზოლები გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რათა მათ უპრობლემოდ შეძლონ გადაადგილება და დროულად მისვლა დანიშნულების ადგილზე. ქსელის დანერგვის პარალელურად, უკვე დასრულდა ავტობუსების და მიკროავტობუსების პარკის განახლება, რამაც კიდევ უფრო გაზარდა არსებული შეზღუდული ტევადობა, თუმცა, რეფორმის ეს საფეხურები, რა თქმა უნდა, არ არის ბოლო ეტაპი. იცით, რომ მომავალი წლისთვის დაგეგმილი გვაქვს 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტ ადამიანს მოვემსახუროთ და მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პატარ-პატარა ხარვეზები, რომელიც ტრანსპორტის აღნიშნულ ქსელს აქვს, აუცილებლად გამოსწორდება.
„ამ ყველაფერს რატომ ვლაპარაკობ: ჩვენ დავიწყეთ ძალიან მასშტაბური რეფორმის განხორციელება. ცხადია, ყველა რეფორმას აქვს თავისი ხარვეზი და ჩვენც გვქონდა მოლოდინი, რომ ამ რეფორმასაც შეიძლება გარკვეული ხარვეზები ჰქონოდა. გვაქვს შემთხვევები, როდესაც მაგალითად, კონკრეტულ მარშრუტებზე არ არის საკმარისი რაოდენობის მიკროავტობუსი ან მარშრუტს სჭირდება დაგრძელება. 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს დაკვირვება არსებულ ქსელზე, თუ სად არის საჭირო ჩვენი ჩართულობა – ახალი ქსელის, ახალი მიკროავტობუსის დამატება, დამატებითი ავტობუსის გაშვება კონკრეტულ მარშრუტზე და ა.შ. ის პატარ-პატარა ხარვეზები, რომელიც დღეს არსებობს, იქნება გამოსწორებული. ყოველდღიურად მიმდინარეობს დაკვირვება იმისთვის, რომ მგზავრობა იყოს კომფორტული და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი. ამ რეფორმის ფარგლებში გავაგრძელებთ ზედამხედველობას და სადაც პრობლემა იქნება, მაშინვე მოხდება ჩარევა და პრობლემის გამოსწორება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების პარალელურად, დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე დამონტაჟებულ 45 ელექტროდამტენს კიდევ 23 დამტენი დაემატება. მისივე განცხადებით, თბილისის მერიამ პროექტის განხორციელება ბიზნესთან თანამშრომლობის ისეთი მოდელით დაიწყო, რომ პროექტისთვის მუნიციპალიტეტის სახსრები არ დახარჯულა.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავალებული ჰქონდა ქალაქის მასშტაბით, ელექტროდამტენები განთავსებულიყო. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ წავახალისოთ ელექტრომობილების შემოყვანა საქართველოსა და, რა თქმა უნდა, თბილისში. ბოლო წლების განმავლობაში, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე, ბიზნესთან თანამშრომლობით, 45 ელექტროდამტენი დავამონტაჟეთ ისე, რომ მუნიციპალიტეტიდან თანხები არ დახარჯულიყო. დღეს 45-ვე ლოკაციაზე განთავსებული ელექტროდამტენები მუშაობს გამართულად და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადასახადი არის ნული. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აღნიშნული მიმართულება წავახალისოთ. ჩვენ ასევე, ვმუშაობთ სხვა ლოკაციაზე დამტენების განთავსებაზე. 23 დამატებითი ლოკაცია გვაქვს, სადაც ელექტროდამტენებს განვათავსებთ და ქალაქის მასშტაბით, ელექტრომობილების დატენვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და ყველა იმ თანამშრომელს, ვინც აღნიშნული პროექტის განხორციელებაშია ჩართული, მადლობა გადაუხადა. გარდა ამისა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირაში, თბილისში, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის ბოლო, შემაჯამებელი ღონისძიებები იმართება. მისი თქმით, მომავალ კვირას, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის საპატიო სტატუსს თბილისი მექსიკის ქალაქ გვადალახარას გადასცემს.
„უკვე ერთი წელი შესრულდა, რაც თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქია. პანდემიის მიუხედავად, ასამდე პროექტი განხორციელდა, რომელშიც ათასობით ადამიანი იყო ჩართული. წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველი შეხვედრის ფარგლებში, ვმასპინძლობთ ოფიციალურ სტუმრებს იუნესკო-დან, გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციიდან, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან და საერთაშორისო საბიბლიოთეკო ასოციაციიდან, ასევე, იმ ქალაქების მერებს და წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის წარმომადგენლებს, რომლებიც უკვე იყვნენ იუნესკო-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქები ან მომავალში იქნებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, 14 აპრილს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდება.
„14 აპრილს ყველას გიწვევთ დედაენის ბაღში, სადაც ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები ჩატარდება. ასე რომ, ყველას გელით დედაენის ბაღში. 14 აპრილს ერთად ვიზეიმოთ ქართული ენის დღე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დასასრულს, დედაქალაქის მერმა სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზეც ისაუბრა. კერძოდ, აღინიშნა, რომ ბავშვთა ქალაქ „მზიურისა“ და ვაკე-საბურთალოს პოლიციის N1 განყოფილების მიმდებარედ FIFA-ს სტანდარტის მოედანი მოეწყო. პროექტის საერთო ბიუჯეტმა 1 184 000 ლარი შეადგინა.
„მზიურისა“ და ვაკე-საბურთალოს პოლიციის N1 განყოფილების მიმდებარედ სპორტული მოედანი მოეწყო. აქ დაიგო FIFA-ს სტანდარტის ხელოვნური საფარი. გარდა ამისა, 208 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია; მოეწყო ხის კოტეჯი, სადაც განთავსდა გასახდელები და სველი წერტილები; მოეწყო გარე განათება და მოედნის გარშემო – ქვაფენილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, მოედნის მშენებლობის დასრულება MASTER LEAGUE-ის ახალი სეზონის დაწყებით აღინიშნება.
„თბილისის მერიის მხარდაჭერით, მასტერ ლიგა უკვე მეოთხე წელია იმართება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს თბილისის ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა წინა წელთან შედარებით, გაზრდილია 35%-ით და რეგისტრირებული გუნდების რაოდენობამ დედაქალაქის მასშტაბით, ჯამში, 74 შეადგინა. აღნიშნული გუნდები სამ ლიგაში იქნებიან გადანაწილებული (MASTER LEAGUE, MASTER LEAGUE-II და MASTER LEAGUE-III). ჩემპიონატი გაიხსნება თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდებს შორის მატჩით. სასიამოვნოა, რომ აღნიშნულ ტურნირში ამდენი ახალგაზრდა ჩაერთვება. მეც მზად ვარ, მასში მონაწილეობა მივიღო და მხარი დავუჭირო ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.