ჩვენი მთავრობის ინტენსიური მუშაობის შედეგად, პატრიარქის, პრეზიდენტის ჩართულობით, ზაზა გახელაძე თავისუფალია

15/07/2021

ჩვენი მთავრობის ინტენსიური მუშაობის შედეგად, პატრიარქის, პრეზიდენტის ჩართულობით, ზაზა გახელაძე თავისუფალია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერგნეთში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, სადაც ის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულ ზაზა გახელაძეს დახვდა. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში მიიღო მონაწილეობა.

„პირველ რიგში მადლობა ზაზას, ამ გმირ და ვაჟკაც კაცს, ნამდვილად. ჩვენი ინტენსიური მუშაობის შედეგად, ჩვენი პატრიარქის უშუალო ჩართულობით, პრეზიდენტის ჩართულობით, რა თქმა უნდა, მთელი მთავრობა ვიყავით მობილიზებული ამ თვეების განმავლობაში, ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებები ვაწარმოვეთ და ზაზა არის თავისუფალი. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა, მადლობა ჩვენს პატრიარქს, პრეზიდენტს და რა თქმა უნდა, ყველა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, სუს-ის ხელმძღვანელობას, შინაგან საქმეთა მინისტრს, ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამ გმირი კაცის ოჯახს – მის დედას, მამას, მეუღლეს და შვილებს, რომლებიც ელოდებიან”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი ერგნეთში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტ ანდრიასთან ერთად იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა, უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძე ოჯახში, სოფელ ქვემო ჭალაში, პირადად მიიყვანა და ზაზას ოჯახის წევრებს მისი გათავისუფლება მიულოცა. ზაზა გახელაძის ოჯახმა გაწეული ძალისხმევისთვის პრემიერ-მინისტრს მადლობა პირადად გადაუხადა. ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. ცხინვალის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ მას 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს 8 მაისს შეხვდა და პირობა მისცა, რომ ზაზა გახელაძე გათავისუფლდებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0