ჩვენი მთავრობისთვის მთავარი მიზანი და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფორმირება და ჩვენი მდებარეობის, ჩვენი პოტენციალის სრული რეალიზაცია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა ამ პროექტის დაწყების პირველივე დღიდან სრულ მხარდაჭერას ვუცხადებდით და კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მხარდაჭერას კომპანია “პეისს” და მის თითოეულ თანამშრომელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან და „პეის ჯგუფის” პრეზიდენტ იოსებ დოლიძესთან ერთად, ახალი საზღვაო ნავსადგური დაათვალიერა, რომელიც „პეის ჯგუფისა” და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის(DFC) ერთობლივი ძალისხმევით აშენდა. ნავსადგურის მშენებლობის ფარგლებში განხორციელდა 93 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, აშენდა მასშტაბური ჰიდროტექნიკური ნაგებობები და მოეწყო თანამედროვე საპორტო ინფრასტრუქტურა. პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კომპანია „პეისის” მხრიდან ფოთის ახალი ნავსადგურის მასშტაბური მშენებლობა 2020 წლიდან მიმდინარეობდა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის. მისივე თქმით, მშენებლობის პროცესში შეიქმნა ასობით ახალი სამუშაო ადგილი, რაც რა თქმა უნდა, პანდემიის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო რეგიონის მოსახლეობისთვის.
„მოგესალმებით ყველას, ძვირფასო სტუმრებო, მეგობრებო და კოლეგებო! ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა, საქართველოს შავი ზღვის კარიბჭეში, ფოთში და თქვენს წინაშე სიტყვით გამოსვლა. დღეს მართლაც დიდებული დღეა! ვულოცავ კომპანია „პეის”, მის თითოეულ თანამშრომელს ასეთი მასშტაბური პროექტის წარმატებით განხორციელებას! მოგეხსენებათ, 2020 წლიდან კომპანია „პეისის” მხრიდან მიმდინარეობდა ფოთის ახალი ნავსადგურის მასშტაბური მშენებლობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის. დღეის მდგომარეობით, განხორციელებული ჯამური ინვესტიცია შეადგენს 93 მილიონ ამერიკულ დოლარს, რომელიც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ 120 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა პროექტში. კერძოდ, აშშ-ს ფედერალური მთავრობის საერთაშორისო ფინანსური განვითარების კორპორაციიდან (DFC) გამოყოფილი იქნა დაფინანსება 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც კიდევ ერთი გამოხატულებაა, რომ საქართველო უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა და რომ ის წარმოადგენს რეგიონში უდიდესი სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის მქონე ქვეყანას. მე მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ სოსო დოლიძეს, რომელმაც თავის გუნდთან ერთად ეს არაჩვეულებრივი, მასშტაბური პროექტი განახორციელა ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ კომპანია “პეისი” წარმატებით საქმიანობს უკვე 30 წელია და დღეს არის ამ კომპანიის იუბილე და ვულოცავ თითოეულ მის თანამშრომელს. კომპანიაში დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო კომპანიის ოპერირებაში მყოფი არსებული ნავმისადგომების ყოველწლიური საშუალო ტვირთბრუნვა 3 მილიონ ტონას შეადგენს. მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ამ პროექტის განხორციელების პროცესში კომპანიამ ძალიან დიდი სოციალური პასუხისმგებლობაც გამოიჩინა, მშენებლობის ფარგლებში შეიქმნა ასობით ახალი სამუშაო ადგილი, რაც რა თქმა უნდა, პანდემიის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო რეგიონის მოსახლეობისთვის,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ახალი ნავსადგური საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე პროექტებს შორის აქამდე რეალიზებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მისი ღირებულება 120 მილიონ დოლარს აღწევს. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ ნავსადგურის მშენებლობის პროექტი 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა, რაც ორგანიზაციის მიერ ერთ პროექტზე გამოყოფილი ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში. პროექტის სრულად დასრულების შემდეგ საქართველოს ერთიანი სანავსადგურე ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა 3.5 მილიონი ტონით გაიზრდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, აშშ-ის ელჩსა და „პეის ჯგუფის” პრეზიდენტთან ერთად, ოფიციალური ცერემონიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტმა მამუკა წერეთელმა. სტუმრებმა მოუსმინეს Albright Stonebridge Group-ის ვიცე-თავმჯდომარის ჯეიმს ო ბრაიენის ვიდეომიმართვას, რომელმაც აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნისა და ALBRIGHT STONEBRIDGE GROUP-ის ხელმძღვანელის მადლენ ოლბრაიტის წერილი წაიკითხა. მადლენ ოლბრაიტის წერილში აღნიშნულია, რომ ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის პროექტი საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობისა და ორმხრივი ერთგულების დემონსტრაციაა. მადლენ ოლბრაიტმა საქართველოს მთავრობას, “პეის ჯგუფსა” და აშშ-ის განვითარების კორპორაციას ახალი ნავსადგურის გახსნა მიულოცა. სტუმრებმა ასევე მოისმინეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) მმართველი დირექტორის, კენეტ ენჯელის ვიდეო მიმართვა.