ჩვენი მთავრობა საჰაერო კავშირსაც აძლიერებს თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობით

25/10/2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი − „გლობალური კარიბჭის ფორუმი 2023″ სიტყვით გამოვიდა:

“სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებო, ევროკომისრებო, მინისტრებო, ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, მივმართავდე გლობალური კარიბჭის ფორუმის მონაწილეებს. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენს დღეს ბრიუსელში ჩვენი მასპინძლობისათვის. 2021 წლის დეკემბერში, როდესაც გლობალური კარიბჭის ინიციატივა შეიქმნა, ევროკავშირმა პარტნიორები მოიწვია მდგრად განვითარებაზე აქცენტირებისთვის ტრანსპორტისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ჯანდაცვისა და განათლების სისტემათა გაძლიერებისა და ციფრული წინსვლის ხელშეწყობის საშუალებით. ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მყოფი საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა მის ერთ-ერთ უძლიერეს აქტივს წარმოადგენს, ამიტომ გაძლიერებული კავშირი ვაქციეთ ჩვენი შიდა დღის წესრიგის პრიორიტეტად. გლობალურ პარტნიორებთან და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ვმუშაობთ, რათა ჩვენი ქვეყანა გადავაქციოთ რეგიონულ სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ციფრულ ცენტრად. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ აქვს სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს გამოუყენებელი შესაძლებლობები შავი ზღვის კვეთით, რაც მტკიცედ დაგვაკავშირებს ევროკავშირთან და საშუალებას მოგვცემს, სრული პოტენციალი ავითვისოთ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციისთვის. აღმოსავლეთ-დასავლეთის ვაჭრობის დივერსიფიკაციისა და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, შუა დერეფანი საქართველოს გავლით ხდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი არსებული მარშრუტების სიცოცხლისუნარიან ალტერნატივად. გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებით, გამარტივებული პროცესებით და კონკურენტული ხარჯთწარმოებით იზრდება ამ დერეფნის მნიშვნელობა.
საქართველოს, როგორც ვაჭრობისა და ლოგისტიკის რეგიონული ცენტრის, პოზიციის მხარდასაჭერად ჩვენი მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარებას. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდება განხორციელდა ქვეყნის გზების, რკინიგზისა და აეროპორტების განახლებაზე ისევე, როგორც ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტების შემუშავებაზე. ეს მოიცავს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტს, რომელიც სატრანზიტო შესაძლებლობებს შექმნის და მწვანე, განახლებადი ენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობებს გააჩენს საქართველოს გავლით ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის, ხოლო შავ ზღვაზე გაუმჯობესებული საბორნე მიმოსვლა გააძლიერებს საერთაშორისო ტრანზიტს შუა დერეფნის გავლით. ახალი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა საქართველოს შესაძლებლობებს გაზრდის დიდი ოდენობის ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით. გარდა ამისა, შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი სწრაფ ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან სამხრეთ კავკასიამდე, რაც ჩვენს მოსახლეობას უფრო სწრაფი და საიმედო ინტერნეტკავშირით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის მიზნით 2024 წლის ბოლომდე ეროვნული რკინიგზის გამტარუნარიანობა ორჯერ გაიზრდება ძირითადი მაგისტრალებისა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის დაგეგმილ გაუმჯობესებასთან ერთად.
ჩვენი მთავრობა საჰაერო კავშირსაც აძლიერებს თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობით, რომელიც უმაღლესი კატეგორიის სატრანსპორტო კვანძი გახდება და საქართველოს პოზიციებს გააძლიერებს გლობალური საავიაციო სექტორის მნიშვნელოვანი მონაწილის რანგში. ვაღიარებთ რა ენერგიაზე მზარდ მოთხოვნას და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საკითხთა გადაჭრის აუცილებლობას, აქტიურად ვნერგავთ ახალ ინიციატივებს განახლებადი ენერგიის სექტორში. მათ შორისაა ჰიდრო, ქარის, მზისა და სხვა მდგრადი წყაროები. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მასშტაბით არსებული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ძირითადი მილსადენები უზრუნველყოფს ნახშირწყალბადების უსაფრთხო ტრანსპორტირებას ცენტრალური აზიიდან ევროპის მიმართულებით. ყველა ახალი ტრანსფორმაციული პროექტი შედეგად იქონიებს სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ ზრდას, კეთილდღეობას ჩვენი ხალხისა და, ზოგადად, რეგიონისთვის.
განვითარებაზე ორიენტირებული პარტნიორების როლი ამ პროექტების განხორციელებაში უმნიშვნელოვანესია. სხვათა შორის, ევროპის საინვესტიციო ბანკი არის ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს და ემთხვევა ჩვენს პრიორიტეტებს. საქმიანობის დაწყების დღიდან მას მნიშვნელოვანი საკრედიტო რესურსი აქვს გამოყოფილი და უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, 2 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული ჩვენს ქვეყანაში.
მიუხედავად იმისა, რომ რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების კომპლექსური საკითხები არასტაბილურობით ხასიათდება და ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, თან სხვა რეგიონული და გლობალური პრობლემა-გამოწვევები არსებობს – მათ შორის საქართველოსთვის – პრაგმატული საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით ჩვენმა მთავრობამ შეძლო უწყვეტი მშვიდობა-სტაბილურობის შენარჩუნება. ეს არის მთელი ათწლეულის განმავლობაში უწყვეტი მშვიდობის პერიოდი საქართველოში! ჩვენ უზრუნველვყავით ასევე ძლიერი ეკონომიკური ზრდა. ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა საქართველოში, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპი 10 პროცენტზე მეტი იყო 2021 და 2022 წლებში. ეს პოზიტიური ზრდის ტენდენცია 2023 წელსაც გაგრძელდა და საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 7 პროცენტს მიაღწია. ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია და 1 პროცენტზე ნაკლებ ნიშნულზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზების მიხედვით, საქართველო, სავარაუდოდ, შეინარჩუნებს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის სტატუსს. საქართველოს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და სტრუქტურული რეფორმების შედეგები სამომავლოდაც უზრუნველყოფს ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებს. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს საკანონმდებლო, ბიზნეს და საინვესტიციო გარემო სხვადასხვა საერთაშორისო სარეიტინგო ინსტიტუტების ინდექსებში დიდი მოწონებით სარგებლობს. მინდა რამდენიმე მათგანი ვახსენო:
„World Justice“ პროექტის „კანონის უზენაესობის ინდექსის“ მიხედვით, 2023 წელს საქართველო პირველ ადგილს იკავებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში; 2021 წლის „ღია ბიუჯეტის“ კვლევის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით, საერთაშორისო რეიტინგის თავში მოექცა საქართველო; მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში“ საქართველომ ევროკავშირისა და ნატოს ბევრ წევრ სახელმწიფოს გადაუსწრო; „Fraser Institute“-ის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშის მიხედვით, ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების პირველ 25-ეულშია საქართველო 2023 წლის მდგომარეობით. ჩვენი ყოველი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციას, მოდერნიზაციასა და განვითარებას ისახავს მიზნად, რათა საქართველო დავაბრუნოთ ევროპულ ოჯახში – იქ, სადაც ეკუთვნის. მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლაზე ვისაუბრო. ჩვენი მთავრობის მნიშვნელოვანი მიღწევები, მათ შორის – ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ადასტურებს ჩვენს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს – გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. გასული წლის ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი ფურცელი გადაშალა ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობაში. ბოლო გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ქართველების თითქმის 90 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას. ძვირფასო მეგობრებო, რაც მთავარია, ურყევი ერთგულება გამოვავლინეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტის მიმართ. საგულდაგულო, ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესის მეშვეობით მივაღწიეთ ძლიერ პროგრესს მათ შესრულებაში. გულდასმით გავითვალისწინეთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან მიღებული ყველა წინადადება და ძლიერ წინსვლას მივაღწიეთ. ამიტომ ქართველი ხალხი ელის, რომ საქართველოს შედეგები და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტი სამართლიანად იქნება შეფასებული. გულდასმით, ერთგულებით და ჯეროვნად შემუშავებული გეგმით ჩვენი ერის ცივილიზაციური ბედისწერის რეალიზებისა და ევროკავშირის ოჯახში გაწევრიანებისთვის მოუთმენლად ველით კანდიდატის სტატუსის მიღებას. აშკარაა, რომ საქართველოს მოგზაურობა ევროპული ინტეგრაციისა და ჩვენი გლობალური პარტნიორობის გაძლიერებისკენ ურყევი ერთგულებით, გამძლეობით გამოირჩევა. ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევების მიუხედავად, მტკიცედ ვრჩებით ევროკავშირისა და მისი ღირებულებების ერთგულნი. დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და გამჭვირვალობის მიმართ ჩვენი ერთგულება ურყევია. საქართველო, როგორც ევროპული ერი და ბუნებრივი, გლობალური კარიბჭე, მზადაა, გააძლიეროს ევროკავშირი და წვლილი შეიტანოს მის უკეთეს მომავალში”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0