ჩვენი მთავარი ამოცანა უახლოეს და საშუალოვადიან პერიოდში, ეკონომიკური ზრდის სტაბილურად მაღალი ტემპების შენარჩუნება იქნება

06/07/2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვა – „ეკონომიკა – 2030“ წარმოადგინა. ეკონომიკური განვითარების სტრატეგია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 10-წლიანი სამთავრობო გეგმის ფარგლებში შემუშავდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე დაესწრნენ პარლამენტარები, საქართველოს ბიზნეს გაერთიანებების, საქართველოს აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ინკლუზიური ზრდისკენ, ეკონომიკურ პროცესებში მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობისა და მდგრადი განვითარებისკენ. კერძოდ, 2012 წლის შემდეგ, სიღარიბის მაჩვენებელი კლებულობს. მინისტრის განცხადებით, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება და საპროგნოზო მაჩვენებლის შესაბამისად, 2030 წლისთვის სიღარიბე დაახლოებით 10 პროცენტამდე დაიკლებს.

„ჩვენი მთავარი ამოცანა უახლოეს და საშუალოვადიან პერიოდში, ეკონომიკური ზრდის სტაბილურად მაღალი ტემპების შენარჩუნება იქნება, ისევე, როგორც მაკროეკონომიკური სტაბილური გარემო და გარემოს განჭვრეტადობა ჩვენი ბიზნესისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მინისტრნმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შესანარჩუნებლად აუცილებელია ადგილობრივი წარმოების და ექსპორტის განვითარება, რაც ჩვენი ეკონომიკური ზრდის ქვაკუთხედია.

„ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ ბოლო წლებში იმისთვის, რომ ჩვენი მცირე ბაზარი ხელოვნურად გაგვეფართოვებინა და მეტი გასაქანი მიგვეცა ადგილობრივი მეწარმეებისა და ექსპორტიორებისთვის. დღეს საქართველოს 46 ქვეყანასთან აქვს თავისუფალი, უბაჟო ვაჭრობის შესაძლებლობა, ეს არის მსოფლიოს მომხმარებლების დაახლოებით 30%. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტულ ქვეყნებთან – დიდ ბრიტანეთთან, სამხრეთ კორეასთან, ყურის ქვეყნებთან, ასევე ინდოეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ 2025 წელს გვქონდეს უკვე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი 51 ქვეყანასთან, 2030 წელს სულ მცირე 57 ქვეყანასთან და ეს იქნება მსოფლიო მოსახლეობის 72%“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

პრეზენტაცია „ეკონომიკა – 2030“ ასევე მოიცავს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აგრო და ეკოტურიზმის მხარდაჭერას. ეს იქნება კომპლექსური დახმარება ფერმერისთვის, რომელსაც აქვს თუნდაც მცირე ფერმერული მეურნეობა და გადაწყვეტს, რომ მცირე სასტუმრო, რესტორანი, კაფე ან სხვა ტურისტული ობიექტი განავითაროს პარალელურად. მინისტრის ინფორმაციით, ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, ერთ-ერთი სიახლე იქნება ექსპორტზე ორიენტირებული და იმპორტის ჩამნაცვლებელი პოტენციური დარგებისთვის წახალისების სპეციალური მხარდაჭერის მექანიზმების შეთავაზება. მისივე განცხადებით, იდენტიფიცირებულია 50-მდე სხვადასხვა დარგი. მათთვის მომზადდება კომპლექსური, ერთიანი ბერკეტი, რომელიც, ერთდროულად მოიცავს სესხის პროცენტის სუბსიდირებას, საკრედიტო-საგარანტიო მხარდაჭერას და სრულიად ახალ კომპონენტს – გრანტს. განვითარების 10-წლიან გეგმაში დიდი ყურადღება დაეთმო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებს. მინისტრის განცხადებით, ტრანსპორტი ქვეყნის ერთ-ერთი საკვანძო დარგია და ამ სფეროში, სულ მცირე, 3 მლრდ ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების 10-წლიანი სამთავრობო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. ეკონომიკის მინისტრის პროგნოზით, 2025 წელს საქართველო 10 მლნ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლებს, ხოლო 2030 წლისთვის კი საქართველოს სულ მცირე 13-14 მლნ ტურისტი ესტუმრება. ტურიზმის აღდგენის სამიზნე მაჩვენებელები – 2025 წელს სულ მცირე 4,240,000,000 დოლარზე მეტი შემოსავალია. ხოლო 2030 წელს ნავარაუდევია ამ რეკორდული მაჩვენებლების გაორმაგება. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთ სტრატეგიულ პროექტზე, რომელმაც საქართველოს ენერგეტიკული სისტემა ევროკავშირისას უნდა დააკავშიროს შავი ზღვის ფსკერზე გამავალი მაღალი ძაბვის კაბელის მეშვეობით. აღნიშნული პროექტი კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია, რომ საქართველოს მიზანი, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, არის უცვლელი. ნათია თურნავას განცხადებით, მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას. პრეზენტაციის თანახმად, მომდევნო ათ წელიწადში გენერაციის სიმძლავრე 7 ათას მეგავატს გადააჭარბებს. პრეზენტაციის შესაბამისად, მეტი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, აუცილებელია მეტი სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმის განხორციელება. მათ შორის, პრიორიტეტულია კაპიტალის ბაზრის რეფორმა, შედეგადაც კერძო სექტორს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ხარისხი გაუუმჯობესდება. წარმატებით ხორციელდება სახელმწიფო საწარმოების რეფორმა. სხვადასხვა შეფასებით, საქართველოს აქვს 10 მლრდ აშშ დოლარის სასარგებლო წიაღისეული, საიდანაც ინდუსტრიული მარაგები 3 მლრდ აშშ დოლარია. წიაღის რეფორმის შედეგად გაგრძელდება სექტორის მდგრადი და გრძელვადიანი განვითარება ტექნიკური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინებით. საქართველოს საქართველო ლიდერია რეგიონში ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის კუთხით, რომლის მიზანსაც ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის ევროკავშირთან ჰარმონიზაცია წარმოადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0