ჩვენი მთავარია მიზანია, არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, წყნარ, დემოკრატიულ, ღია, ტრანსფარენტულ გარემოში

27/09/2020

ჩვენი მთავარია მიზანია, არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, წყნარ, დემოკრატიულ, ღია, ტრანსფარენტულ გარემოში და ეს ასე იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, გმირთა მოედანზე, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, არჩევნები ტარდება სრულიად ახალი, ბევრად უფრო დემოკრატიული პრინციპით.

„ოპოზიციის შანსები როგორ შევაფასო, ეს საერთოდ არ არის ჩემი საქმე. არჩევნები ტარდება სრულიად ახალი, ბევრად უფრო დემოკრატიული პრინციპით. ამიტომ, ჩვენი მთავარია მიზანია, რომ არჩევნები იყოს მშვიდ, წყნარ, დემოკრატიულ, ღია, ტრანსფარენტულ გარემოში და ეს ასე იქნება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ დღეს, საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკსაც საჭიროზე მეტი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ეკონომიკური აღდგენა სწრაფად დაიწყოს, რაც პირდაპირ სწრაფ ზეგავლენას მოახდენს ლარის კურსზე.

„ყველას ძალიან კარგად გვესმის და პირველ რიგში, მე ძალიან კარგად მესმის, რომ ლარის კურსი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორი, ჩვენს ქვეყანაში ლარის კურსი არის სოციალური ფაქტორიც. ეს ძალიან კარგად გვესმის და გაცნობიერებული გვაქვს. რა თქმა უნდა, დღეს ლარი ზედმეტად გაუფასურებულია, იმიტომ, რომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ლარის კურსის დღევანდელი ნიშნულისთვის არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური კრიზისია, საქართველო მაკროეკონომიკურად, ასე თუ ისე, ნორმალურ პარამეტრებშია. ბევრი რამ არის დამოკიდებული ემოციებზე და მოლოდინებზე. გასაგებია, რომ გლობალური პანდემია გვაქვს, გასაგებია, რომ ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა გვაქვს, გასაგებია, რომ არჩევნების მოლოდინია, შესაბამისად ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ეს. არ დაგვავიწყდეს ზაფხული, როდესაც პირველი ტალღისას, ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება იყო, მაგრამ შემდგომ ის ნორმალურ ნიშნულს დაუბრუნდა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ დღეს საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკსაც საჭიროზე მეტი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკური აღდგენა სწრაფად დაიწყოს, რაც პირდაპირ სწრაფ ზეგავლენას მოახდენს ლარის კურსზე”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა შეკითხვას, რომელიც საკარანტინო სივრცეებში არსებულ მდგომარეობას შეეხებოდა.

„ჩვენ საკარანტინო სივრცეებში მდგომარეობას ვაკონტროლებთ დეტალურად. შეიძლება იქ, რაღაც გამონაკლისები იყოს, მაგრამ რეაგირება არის მომენტალური და სწრაფი, ამიტომ რაღაც დიდი გადახრები ვერ იქნება,”- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა საჩხერეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, საჩხერეს გარკვეული უპირატესობა აქვს.

„საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, საჩხერეს გარკვეული უპირატესობა აქვს და ეს უპირატესობა გამოვლენილია საჩხერის ჯანდაცვის სისტემაში, განათლების სისტემის ინფრასტრუქტურაში და ბევრ სხვა რამეში. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ, ზოგიერთი ჩვენი ეკონომიკურად ძალიან სუსტ მდგომარეობაში მყოფი რეგიონებისთვის, რა თქმა უნდა, საჩხერე შეიძლება იყოს მაგალითი, – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რა კეთდება იმისთვის, რომ პანდემიამ არჩევნების ჩატარებას ხელი არ შეუშალოს.

„პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მეორე ტალღა იქნება. ეს ხომ არ არის რაღაც სიახლე. ყოველთვის ვამბობდით, რომ მეორე ტალღა იქნება, რომ ელემენტარული წესები უნდა დავიცვათ. დღეს, განვითარებულ მსოფლიოში, პირბადეზე, დისტანციასა და ჰიგიენის ელემენტარული ნორმების დაცვაზე უკეთესი პრევენცია ვირუსის გავრცელებისა ვერავინ მოიგონა, ამიტომ ეს წესები უნდა დავიცვათ და მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი იყო, ჩვენ ეს ვიცოდით, რომ ინფიცირების რაოდენობის ზრდა გვექნებოდა და გვაქვს კიდევაც, უნდა მივეჩვიოთ ვირუსთან თანაცხოვრებას, რასაც ვგეგმავდით და ყოველთვის ვამბობდით. მარტივია ინფექციის გაჩერება, მარტივად შეგვიძლია იგივე მკაცრი ზომების მიღება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, მაგრამ ჩვენ ხომ ეს არ გვინდა. ჩვენ გვინდა, განათლება გაგრძელდეს, ეკონომიკის მუშაობა, პოლიტიკური პროცესი გაგრძელდეს, ამიტომ უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები, ეს არ არის რთული. ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენის ელემენტარული ნორმები. კიდევ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენ, სამწუხაროდ, ქვეყანაში გვყავს ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობა, ეს უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენი ოჯახების სოციალური სტრუქტურა ისეა, რომ რამდენიმე თაობა ცხოვრობს ერთად და პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ მაღალი რისკის მატარებელ სოციალურ ჯგუფებს, მოხუცებს, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს და განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ. უფრო მეტიც, ალბათ სწორია რეკომენდაცია, განსაკუთრებით აჭარაში, რომ ხანდაზმული ადამიანები დარჩნენ სახლში, ეს ძალიან სწორი რეკომენდაციაა,”- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძესთან დაკავშრებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლებას ჩართული ჰყავს საერთაშორისო პარტნიორები და გამოყენებულია ყველა მექანიზმი, რომელიც დღეს მთავრობის ხელშია.

„ხელისუფლება არის უაღრესად აქტიური ყველა მიმართულებით. ჩვენ ჩართული გვყავს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ყველა მექანიზმი, რომელიც დღეს მთავრობის ხელშია და ეტაპობრივად, ჩვენს თითოეულ მოქალაქესთან მიმართებაში, მიზანს მივაღწევთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ შემდგომი ღონისძიებები იქნება მიზნობრივი და ლოკალური, სისტემური შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება.

„სასწავლო პროცესი განახლდება ზუსტად იმ რეჟიმში, როგორც გამოვაცხადეთ. ნებისმიერი შემდგომი ღონისძიება, ქმედება, ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, იქნება მიზნობრივი და ლოკალური. სისტემური შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ჩვენ მარტივად შეგვიძლია ამის გაკეთება, მაგრამ ამას მოჰყვება მძიმე სოციალური და ეკონომიკური შედეგები, ამიტომ, ნორმალური ცხოვრების პირობებში გავრცელება რომ იყოს შედარებით დაბალი, უნდა ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და მარტივად – დავიბანოთ ხელი უფრო ხშირად”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0