უკრაინასა და საქართველოს შორის საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების ნებართვების გაცვლის პროცედურის თაობაზე ელექტონული საინფორმაციო სისტემების შექმნა იგეგმება. შესაბამის მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დღეს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა და უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ დმიტრო აბრამოვიჩმა, რომელიც საქართველოში უკრაინის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. გურამ გურამიშვილის განცხადებით, მხარეები ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიების საავტომობილო გადაზიდვებში დანერგვის პროცესში თანამშრომლობის შედეგად ეტაპობრივად შეძლებენ დღეისთვის არსებული ნებართვებისა და კონტროლის სისტემის სრულად ციფრულ ფორმატში გადაყვანას, რაც საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების სფეროში ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების მრავალწლიან თანამშრომლობას უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს.
„ჩვენი კორიდორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინასთან საავტომობილო მიმოსვლის პერსპექტივები, შესაბამისად, გაფორმებული მემორანდუმი ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის საავტომობილო მიმოსვლისა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
მისივე ინფორმაციით, უკრაინულ მხარესთან ერთად ასევე განიხილეს შავ ზღვაზე კავშირების გაუმჯობესების საკითხები, რომლის ძირითადი მიმართულება არის საბორნე და საკონტეინერო გემების რეგულარული მიმოსვლა როგორც რეისების რაოდენობის გაზრდის ასევე შავზღვაში დამატებითი ახალი ბორნების დაყენების კუთხით.