ჩვენი ინტერესია, ახალი თბოსადგურის მშენებლობა

29/05/2023

„ჩვენი ინტერესია, ახალი თბოსადგურის მშენებლობა მაქსიმალურად ეფექტური იყოს. ეს ჩვენი ენერგოსისტემის სტაბილურობას შეუწყობს ხელს. როდესაც ვსაუბრობთ განახლებადი ენერგიის პროექტებზე, მათი ინტეგრირება ქსელში ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია, რადგან ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი სიმძლავრეები სტაბილური ენერგეტიკული წყაროებიდან. გარდაბნის აღნიშნული პროექტი ამ მიმართულებითაც დაგვეხმარება, რომ ქსელში მეტი განახლებადი ენერგეტიკული პროექტის ინტეგრირება მოვახდინოთ“, -ამ საკითხზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა განკარგულება, რომლის თანახმადაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალ 350-430 მგვტ. სიმძლავრის მქონე კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურს კერძო ინვესტორი ააშენებს. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ვებგვერდზე გამოცხადდება აუქციონი, სადაც დაინტერესებულ პირებს მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ლევან დავითაშვილის თქმით, გარდაბნის თბოსადგური 3-ი ექსპლუატაციაში არაუგვიანეს 4 წელში უნდა შევიდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0