დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, პლენარული სხდომა კანონპროექტების განხილვით გაგრძელდა. კანონმდებლებმა მესამე მოსმენით განიხილეს და ერთხმად მიიღეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა წარადგინა.
„ჩვენი ვალდებულებაა საზოგადოებას მოვუწოდოთ, რომ პირბადის ტარება არის სავალდებულო. ჩემი თხოვნა და მოწოდება იქნება პარლამენტის ყველა წევრის მიმართ – რომ ვატაროთ პირბადე. ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი ჩვენი საზოგადოებისთვის, როდესაც საზოგადოებას მოვუწოდებთ პირბადის ტარებაზე, პირველ რიგში, ჩვენ უნდა მივცეთ ამის მაგალითი, ამიტომ გუშინაც გავაჟღერე ეს პოზიცია, რომ მოხდეს მკაცრი ადმინისტრირება ასევე, პარლამენტის წევრთა მიმართებაში პირბადის ტარების წესის დაცვის. სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა. წინა დღეებში 7 პირთან მიმართებაში პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ვირუსი არ არის დამარცხებული და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ყველა, რომ პირბადის ტარების წესის დაცვით, როგორმე შევაფერხოთ ამ ვირუსის გავრცელება. აქედან გამომდინარე, კოლეგებო, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიქნებით მაგალითი ჩვენი საზოგადოების, რომ პირველ რიგში ჩვენ დავიცავთ ამ წესს და პირბადის ტარების წესის დაცვის მაგალითს მივცემთ ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მისი განმარტებით, მთავრობა ინტენსიურად მუშაობს იმისთვის, რომ გარკვეული რაოდენობის პირბადეების მიწოდება მოხდეს სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის, რათა მათთვის მძიმე ტვირთი არ იყოს პირბადის შეძენა. თუმცა, აღნიშნა ისიც, რომ სახელმწიფოს ეკონომიკური რესურსიდან გამომდინარე, ეს არ იქნება დიდი ოდენობა. მისივე განმარტებით, შშმ. პირებთან და იმ პირებთან მიმართებაში, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია პირბადე ატარონ და პირიქით, ამან შეიძლება გამოიწვიოს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ამ შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებებმა უნდა გასცენ ცნობა და ასეთი პირები არ დაჯარიმდებიან.
„თუმცა, ის ადამიანები, ვინც ინფიცირებულები არიან ან შესაძლო რისკ ჯგუფთან ჰქონდათ შეხება, მათთან მიმართებაში ეს გამონაკლისი ვერ იქნება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისივე განმარტებით, რაც შეეხება აბიტურიენტებს, მათთან მიმართებაში უნდა იყოს დაცული დისტანცია.
„ძალიან კარგად ვიცით, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩაბარების დროს არ იქნება კომფორტული რამდენიმე საათის განმავლობაში პირბადის ტარება თუმცა, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებით, იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ამ მხრივ, მთავრობა ინტენსიურად მუშაობს ექსპერტებთან ერთად და ჩვენ შევქმნით გარემოს, რომელიც ხელს შეუწყობს აბიტურიენტებს კომფორტულ გარემოში ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მისი განმარტებით, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება დახურულ საჯარო სივრცეებში. ფიზიკური პირის მიერ ამ წესის გაუთვალისწინებლობა ადმინისტრაციული წესით 20 ლარის ოდენობით ჯარიმას გამოიწვევს, ხოლო თუკი იურიდიული პირი ან ინდმეწარმე სუპერმარკეტში, სავაჭრო ქსელში, სავაჭრო ობიექტში დაუშვებს პირს, რომელსაც არ იქნება პირბადე, დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით.
„ჩვენ მაქსიმალურად რაციონალურად, დაბალანსებულად გავწერეთ ეს პროექტი. შემოთავაზებულია, რომ დახურულ საჯარო სივრცეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, უნდა იყოს პირბადის ტარება სავალდებულო. ასევე ტაქსით მგზავრობის დროს და ის პირი, ვინც ამ წესს არ დაიცავს და დაარღვევს, მაშინ გათვალისწინებული იქნება ჯარიმა 20 ლარის ოდენობით. ეს წესი იმოქმედებს პანდემიის და ეპიდემიის დროს. თუკი საქართველოში იქნება სიტუაცია მაქსიმალურად კონტროლს დაქვემდებარებული თუმცა, პანდემია მსოფლიო მასშტაბით იარსებებს, მაშინ შესაძლებელია მთავრობამ მიიღოს იმის გადაწყვეტილება, რომ ეს წესი გაუქმდეს. შემუშავებულია მაქსიმალურად მოქნილი რეგულაციები იმისთვის, რომ ერთი მხრივ, პრევენცია მოხდეს, დავიცვათ ჩვენი მთავარი საზრუნავი – საზოგადოების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ასევე, მძიმე ფინანსურ ტვირთად არ დააწვეს ჩვენს საზოგადოებას ის რეგულაციები რომელიც წარმოდგენილია“, – განაცხადა მომხსენებელმა.
წარმოდგენილ კანონპროექტს კანონმდებლებმა მხარი 76 ხმით, ერთხმად დაუჭირეს. პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა. შესაბამის დადგენილებას პარლამენტმა 80 ხმით დაუჭირა მხარი. შესაბამისად, კომისიის შემადგენლობაში არიან: ეკა ხოფერია – ჟურნალ „სითის“ რედაქტორი და დამფუძნებელი; სოფო ნარჩემაშვილი – ტელეწამყვანი, ჟურნალისტი; მარიამ გოგოსაშვილი – ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი; თორნიკე გურული – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; დავით ცხადაძე – კინოოპერატორი, ხელოვნებათმცოდნე; მაკო ჯაოშვილი – საერთაშორისო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი; ერმილე მესხია – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი; ანი კიკნაძე – მედიაკავშირი „ობიექტივი“, საინფორმაციო სამსახურის უფროსი და გიორგი ნონიაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი, მოწვეული პედაგოგი. სხდომაზე, მესამე მოსმენით განიხილეს საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტით რეგულირდება ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) დაბეგვრის რეჟიმთან, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კონკრეტულ კოდებში მითითებული ნავთობპროდუქტების აირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდებასთან, ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) აქციზით დაბეგვრასთან, ბუნებრივი აირის კონდენსატის ან/და გათხევადებული ბუნებრივი აირის აქციზის გამოანგარიშებასთან დაკავშირებული საკითხები. კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს.