სხვადასხვა სექტორისთვის იქნება შემუშავებული კონკრეტული პროგრამები, რომელიც ბიზნესს მისცემს საშუალებას ახალი სესხების აღების შემთხვევაში მთავრობის მხარდაჭერით ისარგებლონ
“2 მილიარდი ლარის ფარგლებში, აღნიშნული პაკეტი გულისხმობს, ბიზნესსაქმიანობების არსებულ კრიზისულ პერიოდში მხარდაჭერას. პირველი ამოცანა არის სამუშაო ადგილების და არსებული ბიზნესსაქმიანობის შენარჩუნება, მეორე ნაწილი კი ემსახურება მოქალაქეთა დახმარებას ამ რთულ პერიოდში. ჩვენი ვალდებულებაა, ასევე ვიზრუნოთ იმაზე, რომ ქართულ ბიზნესს შევთავაზოთ სხვადასხვა ინსტრუმენტი, რათა ბიზნესმა შეძლოს საქმიანობის გაგრძელება, კონკურენტუნარიანი პოზიციების დაბრუნება და ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა სფეროსთან, რათა მათზე ორიენტირებული და მიზნობრივი მექანიზმები შევთავაზოთ. ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტია სესხების საგარანტიო მექანიზმის შექმნა, რომელზეც კომერციულ ბანკებთან და ეროვნულ ბანკთან ერთად ვმუშაობთ, რათა შემუშავდეს კონკრეტული პაკეტები, რომელიც სხვადასხვა სექტორის გამოწვევებს პასუხობს. საგარანტიო მექანიზმი მთლიანობაში არის ორიენტირებული ასევე 2 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის გადაზღვევისთვის და შესაბამისად, სხვადასხვა სექტორისთვის იქნება შემუშავებული კონკრეტული პროგრამები, რომელიც ბიზნესს მისცემს საშუალებას, ახალი სესხების აღების შემთხვევაში მთავრობის მხარდაჭერით ისარგებლონ, რათა ბანკებიც და ბიზნესიც იყვნენ გარანტირებული, რომ კომპანიები შეძლებენ თავიანთი სესხების მომსახურებას“ – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.