ჩვენი ერის გამოკვეთილი, გამორჩეული მებრძოლი სული, რომელმაც ჩვენი პატარა ქვეყანა გამოატარა ისტორიის ამ დრამატულ პერიპეტიებში, რომელთაც მრავალი სახელმწიფო თუ იმპერია შთანთქეს

22/02/2021

ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობის და სამთავრობო პროგრამის 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ საკითხზე იმსჯელეს. ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დეპუტატებმა საკომიტეტო ფორმატში ორი დღის განმავლობაში მინისტრობის კანდიდატებთან საინტერესო დისკუსია გამართეს და დეტალურად, საგნობრივად განიხილეს მათი ხედვები და სამომავლო გეგმები. მისივე თქმით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვამდე, დეპუტატებს პრემიერ-მინისტრობის და მთავრობის წევრების კანდიდატების ხედვების გასაცნობად, ახლა უკვე ფრაქციის სხდომის ფორმატში, კიდევ ერთხელ მიეცემათ მათი მოსმენის საშუალება. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის წევრებს სამთავრობო პროგრამის ძირითად მიმართულებებზე და მთავრობის სამომავლო გეგმების პრიორიტეტებზე ინფორმაცია გააცნო.

„ჩემთვის დიდი პატივია წარვდგე თქვენს წინაშე და წარვადგინო ჩვენი ხედვა, სამთავრობო გუნდის ხედვა. ორი დღის განმავლობაში თითოეული უწყების მიხედვით დეტალური მოსმენები გაიმართა. მე როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, დამტკიცების შემთხვევაში საშუალება მექნება, ის 100 დღე გამოვიყენო და კარგად ჩამოვაყალიბო ჩემი ხედვა და რა თქმა უნდა, სამთავრობო გუნდთან კონსულტაციების შემდეგ განახლება შევიტანო სამთავრობო პროგრამაში. შესაბამისად, დღეს ზოგად პრეზენტაციას და თეზისების დონეზე ჩემს ხედვას წარმოგიდგენთ თუ როგორ მესახება ჩვენი ქვეყნის გამოყვანა ამ კრიზისიდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა თავის გამოსვლაში საქართველოს უახლესი ისტორიის წარსული მიმოიხილა და 2012 წლის, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

„2012 წლის არჩევნებზე ხალხის გამარჯვების პირველი ხელშესახები შედეგი იყო თავისუფლება დევნისა და წამებისგან, სახელმწიფო ინსტიტუტების დეპოლიტიზაცია. თანდათან უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა ეკონომიკის გაჯანსაღების, ჯანდაცვის, განათლების სისტემათა განვითარების, სოციალური თანასწორობის მიმართულებით, რა თქმა უნდა, დღევანდელი ინსტიტუტების, ჯარის, პოლიციის შედარება არ შეიძლება იმასთან, რაც ჩვენ დაგვხვდა. ქართული ოცნების საქმიანობის შედეგებზე საუბარი დიდხანს შეიძლება. ამ საქმიანობისადმი ხალხის დამოკიდებულებაზე ყველაზე კარგად მეტყველებს ბოლო არჩევნების შედეგები. ჩვენს ისტორიაში პირველად პოლიტიკურ პარტიას ამომრჩეველმა მესამედ ანდო ქვეყნის მართვა. მაგრამ დღეს თქვენს წინაშე მხოლოდ იმიტომ არ ვდგავარ, რომ ოპონენტების იდეოლოგიის და პოლიტიკის მარცხსა და ჩვენს მიღწევებს შორის კონტრასტი გიჩვენოთ. ეს შესავალი მივიჩნიე საჭიროდ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, თუ რა გზით მოვედით დღემდე, როდესაც მთელი მსოფლიო და ჩვენი ქვეყანაც გლობალური, უპრეცედენტო კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, ამიტომ, სანამ განვსაზღვრავთ შემდგომი ნაბიჯის მიმართულებას, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, კარგად უნდა გავაცნობიეროთ თუ სად ვიმყოფებით დღეს და როგორ მოვედით დღევანდელობამდე“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და დესტაბილიზაციის მცდელობები სახელმწიფოს დასუსტების მიზნით მიზანმიმართულ ქმედებებად შეაფასა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს თავს და ვთქვათ, რომ ერთ წრეზე ვტრიალებთ 30 წელია და მე ვახსენე სიტყვა გარღვევა და ამ გარღვევის ვერ მივაღწიეთ, ჩვენ არაერთი ფასადური განახლების და რეფორმების მომსწრე გავხდით წინა ხელისუფლების დროს და ის დესტაბილიზაციის მცდელობები რაც დღეს მიმდინარეობს ქვეყანაში, რა თქმა უნდა არის მიზანმიმართული ქმედება ჩვენი სახელმწიფო დასუსტების მიზნით, მე ვფიქრობ რომ პირველ რიგში ის ფასადური მითები უნდა დავანგრიოთ, რომლებიც ათწლეულებია აფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ჩვენი მოქალაქეების განვითარებას , შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მითი არის სუსტი სახელმწიფოს იდეა მცირე სახელმწიფოს იდეა, რომელიც გულისხმობს, რომ სახელმწიფო რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ჩაერიოს ეკონომიკაში და ბაზრების უხილავი ხელი თავისით დაარეგულირებს ყველაფერს, მე ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, იმ კონტექსტს რაც დღეს არის ქვეყანაში და მსოფლიოში შექმნილი, ვფიქრობ, რომ პროცესების თვითდინებაზე მიშვებით განვითარების პრეცედენტი ისტორიამ არ იცის არც ევროპა და არც ამერია ამ გზით არ განვითარებულა. მე ვფიქრობ, რომ ძლიერი სახელმწიფოსთვის ეკონომიკის განვითარება უმთავრესი პრიორიტეტია, იგი ქმნის საფუძველს ჩვენი ყველა ცხოვრების სხვა მიმართულებით წინსვლისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოსვლის დასასრულს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა კონსტრუქციულ ოპოზიციასთან დიალოგის გამართვის მნიშვნელობასა და ქვეყნის განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„თუ ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილს ეყოფათ ძალა და გამბედაობა, და გონიერება, და სახელმწიფოებრივი აზროვნება ასეთი შრომისთვის, მე ამას მხოლოდ მივესალმები, და მთლიანად ჩვენი გუნდი მიესალმება მათთან დიალოგს. რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ იმ რადიკალურ ფრთას, რომელიც, პირდაპირ სახელმწიფოს დისკრედიტაციას და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევას ცდილობენ. ჩვენ ხალხს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ გვაერთიანებს ჩვენი ცოცხალი რწმენა, ჩვენი რწმენა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში შთაგვაგონებდა წინსვლისკენ. მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს ენერგია, რაც ქმნის ჩვენს დიდ ისტორიას, რომლის რეალური შინაარსი სწორედ პროგრესისკენ არის სწრაფვა განახლების, მარადიულ ფასეულობებთან კვლავ მიბრუნების და ახალ ვითარებაში აღორძინების უდიდესი ნიჭია. ჩვენი ერის გამოკვეთილი, გამორჩეული მებრძოლი სული, რომელმაც ჩვენი პატარა ქვეყანა გამოატარა ისტორიის ამ დრამატულ პერიპეტიებში, რომელთაც მრავალი სახელმწიფო თუ იმპერია შთანთქეს. და რაც მთავარია, მე მინდა აღვნიშნო ჩვენი ქართული ინტელექტი, ქართველი ხალხის ნიჭი, ჩვენი განვითარების უმთავრესი რესურსი. მე მჯერა, რომ ჩვენს ხალხს, რომელმაც შემქნა არა ერთი უნიკალური, იგივე ქართული მრავალხმიანობა თუ ვეფხისტყაოსანი, თუ სვეტიცხოველი, რა თქმა უნდა, კიდევ მრავალი პროგრესის მიღწევა შეგვიძლია ყველას ერთად, მაგრამ აქ ვუბრუნდები იმ მთავარ საკითხს, რომელიც ბოლოს ვახსენე. ჩვენ გვმართებს ერთიანობა დიდ ეროვნულ იდეებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ უახლოესი 100 დღის განმავლობაში მე წარმოგიდგენთ დეტალურ ხედვას, ასევე ჩვენი ქვეყნის ათწლიანი განვითარების გეგმას, მე იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, იმედი მაქვს თქვენთან თანამშრომლობის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გამოსვლის შემდეგ ფრაქციის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. პარლამენტის წევრებმა ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ასევე ეკონომიკურ, კულტურულ, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებით კითხვებით მიმართეს და მისგან დამატებითი ინფორმაციები მოისმინეს. კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ ფრაქციის თავმჯდომარემ დღევანდელი სხდომა შეაჯამა და მმართველი გუნდის სახელით, ირაკლი ღარიბაშვილს და მთავრობის წევრობის კანდიდატებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

„გუნდის განწყობიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ თქვენი და მინისტრობის კანდიდატების მიმართ სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ. სხდომის ბოლოს შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ გვქონდა მოცემულობა ქვეყანაში, როდესაც ხდებოდა ფიზიკური ძალადობა და დღეს გვაქვს მოცემულობა იგივე მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობისა, რომელიც ხორციელდება ერთადერთი გზით – ხერხი ამ გზის არის ტყუილი. მე გეთანხმებით, რომ პროაქტიურ რეჟიმში ჩვენ გვმართებს ის მიმდინარე პროექტები, რაც მიმდინარეობს და რაც დაგეგმილია უფრო მეტად, მათ შორის კომუნიკაციის თვალსაზრისით, წამოვწიოთ წინა პლანზე და დრის წესრიგი შეიქმნას სიმართლით და რეალობით. ეს არის ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი საიმისოდ, რომ დღის წესრიგი არ იქმნებოდეს ტყუილით და ამ ტყუილზე საპასუხო რეაქციებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0