პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენება წარადგინა.
“მოგესალმებით, ბატონო თავმჯდომარევ, პატივცემულო დეპუტატებო, ძვირფასო სტუმრებო, მივესალმები მედიას. დიდი პატივია ჩემთვის, წარმოგიდგინოთ მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში. მოგეხსენებათ კარგად, რომ საანგარიშო პერიოდი მსოფლიოსათვის ურთულეს, გამოწვევებით აღსავსე პერიოდს მოიცავს. ჩვენ ძალიან რთულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა. უკრაინაში ომი, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ვუყურებთ, რომ იცვლება საერთაშორისო წესრიგი, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და, რეალურად, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არის რეალური. ასეთ ვითარებაში რა, თქმა უნდა, ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის, და ჩვენი მთავრობის, ხელისუფლების მთავარი საზრუნავი, მთავარი ამოცანა არის სწორედ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა და, რაც მთავარია, ასეთ ვითარებაში ძლიერი ეკონომიკური განვითარების შენარჩუნება. მოგეხსენებათ კარგად, რომ ბოლო ორი წელი ქვეყანას აქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა, 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. ჩვენ წელსაც საკმაოდ ძლიერად დავიწყეთ. დღეს გამოქვეყნდა მაისის თვის მონაცემები, რომლის შესახებაც მინდა აღვნიშნო. მაისის თვის მონაცემების მიხედვით, პირველ 5 თვეში ჩვენ გვაქვს 7,5 ეკონომიკური ზრდა, რაც, დამეთანხმებით, ასეთ ვითარებაში საკმაოდ ძლიერი მიღწევაა. მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა მთავრობამ შეძლო ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველო გამხდარიყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვიწევს მუშაობა ვითარებაში, როცა არა მხოლოდ გარე საფრთხეები გვაქვს, არამედ შიდა საფრთხეები, შიდა მტრების დესტრუქციული მოქმედებები წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას, საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სტაბილურობისთვის. ის, რაც ქართულმა ოცნებამ შეძლო ბოლო 10 წლის განმავლობაში, არის მართლაც უპრეცედენტო. ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი, უწყვეტი სტაბილური პერიოდი, რაც არის საფუძველი სწორედ ჩვენი ქვეყნის განვითარების. ახლა მე მინდა უფრო დეტალურად მოგახსენოთ ჩვენ მიერ გაწეული საქმიანობა. დავიწყებდი, ზოგადად, ეკონომიკის მიმოხილვით. ბოლო 2 წელი გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა – 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. ასევე მინდა ვთქვა, რომ სულ რაღაც 2 წლის წინ ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 50 მლრდ ლარი, 2021 წელს იყო 60 მლრდ, შარშან იყო 72 მლრდ ლარი და წელს ველოდებით, რომ მთელი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება დაახლოებით 80 მლრდ ლარი. 3 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა თითქმის 30 მლრდ ლარით გაიზარდა. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, წელს ეს მაჩვენებელი იქნება 8 200 დოლარი. შეგახსენებთ, რომ 3 წლის წინ, 2020 წელს, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 4 500 დოლარი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა ე.წ. საგარეო მოწყვლადობა. შარშან მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-თან მიმართებით 6.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და ისტორიულ მინიმუმს – 4.1%-ს გაუტოლდა. ჩვენ თუ შევადარებთ 2012 წელს მშპ-თან მიმართებით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, რომელიც 2-ჯერ უფრო მაღალი იყო, სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა. ასევე გეტყვით, რომ მიმდინარე წლის აპრილში ეროვნული ბანკის ოფიციალურმა სარეზერვო აქტივებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 5.1 მილიარდ დოლარს მიაღწია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ, ეკონომიკური აქტივობის მაღალ ზრდასთან ერთად, გაიზარდა ინკლუზიურობა და შემცირდა როგორც უმუშევრობის დონე, ისე სიღარიბე. უმუშევრობის დონე, პატივცემულო დეპუტატებო, წინა წელთან შედარებით, შემცირდა მნიშვნელოვნად და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს – 17.3%-ს. აქვე შეგახსენებთ, რომ 2012 წელს, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება, უმუშევრობის დონე თითქმის 27% იყო. წელს, პირველ კვარტალში, დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად – 70 ათასით გაიზარდა და შეადგინა 1 271 000. უმუშევრობის შემცირება, პირველ რიგში, კერძო სექტორში სამუშაო ადგილების ზრდით არის განპირობებული, იმ გარემოთი, რომელიც ჩვენ შევქმენით. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. თუ შევადარებთ გასულ წელს, ეს მაჩვენებელი საკმაოდ შთამბეჭდავია. აბსოლუტური სიღარიბის დონე ასევე ისტორიულ მინიმუმამდე – 15.6%-მდე ჩამოვიდა და წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელიც არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული. 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30%, 30% იყო წინა ხელისუფლების დროს სიღარიბის მაჩვენებელი. წელს ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვიდა სიღარიბე – 15.6%. ეს ნიშნავს, რომ ბოლო ათ წელში სიღარიბის დონე თითქმის განახევრდა, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა თავი დააღწია სიღარიბეს, უფრო ზუსტად, 535 000-მა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს.
2021-2022 წლებში ფისკალური კონსოლიდაცია მოსალოდნელზე გაცილებით სწრაფი ტემპებით წარიმართა. ბიუჯეტის დეფიციტი 9.3 პროცენტიდან ჩამოვიდა 3.1 პროცენტამდე, რეკორდულად მცირე – 2- წლიან პერიოდში შემცირდა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ეკონომიკური თავისუფლების აქტით განსაზღვრული ლიმიტი 3 პროცენტია. წელს ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილია 2.8 პროცენტზე. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც იყო შარშან, ჯერ პანდემიის დროს, პოსტპანდემიურ პერიოდში, შემდეგ ომის დაწყებიდან, ეს იყო მაღალი ინფლაცია და ფასების ზრდა. ინფლაცია გამოწვევა იყო მთელი მსოფლიოსთვის და ჯერ კიდევ რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. ინფლაციასთან საბრძოლველად რიგმა ძლიერმა ეკონომიკებმა სერიოზული ზომები მიიღეს. ჩვენც ანალოგიურად, საკმაოდ ეფექტიანი ნაბიჯები გადავდგით ამ წლის დასაწყისში და შედეგად გვაქვს 1,5% ინფლაცია. მაისის თვეში ჩვენ გვქონდა 1,5% ინფლაცია და ჩვენი მოლოდინია, რომ წელს ინფლაცია დაგეგმილზე ნაკლები იქნება. გასულ წელს მთავრობის ვალი ჩამოვიდა პანდემიამდელ დონეზე. ჩვენ ველით ვალის კლების ტენდენციის შენარჩუნებას. პანდემიის დროს მთავრობის ვალი 60%-ს გადასცილდა და წელს უკვე თითქმის 38%-მდე ჩამოვა, რაც ორი წლის განმავლობაში სერიოზული შედეგია. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შემცირდა შემოსავლების უთანასწორობაც. ე.წ. ჯინის კოეფიციენტი ასევე ისტორიულ მინიმუმზეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რადგან, მოგეხსენებათ, რაც უფრო დაბალია ჯინის კოეფიციენტი, მით უფრო თანაბრადაა გადანაწილებული საზოგადოებაში შემოსავალი. მე მინდა ახლა მოკლედ ჩამოვთვალო იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც განაპირობებს ეკონომიკურ წარმატებებს, ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან გაჯანსაღებას და გაუმჯობესებას:
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაფართოვდა ბიზნესის როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური ხელშეწყობის მექანიზმები; მეწარმეებისათვის, ადგილობრივ დონეზე ბიზნესის მხარდამჭერის მიზნით, შემუშავდა რეგიონული ზრდის ცენტრების კონცეფცია; წელს გაიხსნება საკონსულტაციო ცენტრები რეგიონებში.
პროგრამის საშუალებით საანგარიშო პერიოდში მხარდაჭერილია 1,000-მდე პროექტი, შეიქმნება 6,000-მდე ახალი სამუშაო ადგილი, მხოლოდ ამ ერთი პროგრამის ფარგლებში. სულ კი, შექმნის დღიდან, ამ პროგრამის ამოქმედების დღიდან დღემდე, „აწარმოე საქართველოში“ სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში 11 ათასამდე პროექტი დაფინანსდა და 62 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა.
რეკორდულ მაჩვენებელს – 2 მილიარდ დოლარს მიაღწია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ; დაინერგა ინოვაციური მიდგომები ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ჩვენი ქვეყნის პოტენციალით უკვე დაინტერესდნენ მსოფლიოს უმსხვილესი და მრავალმილიარდიანი კორპორაციები. დაფიქსირდა შარშან ექსპორტისა და ტურიზმიდან შემოსავლების რეკორდული ზრდა.
გასულ წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 107.6%-ით გადააჭარბა და 3.5 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა. თუ ამ მონაცემებს შევადარებთ 2021 წელს, ზრდამ 182% შეადგინა.
წელს არა მხოლოდ ვუბრუნდებით პანდემიამდელ მაჩვენებლებს, არამედ, მთავრობის სწორი სტრატეგიის შედეგად, რეკორდული მოცულობის შემოსავალს ველით ტურიზმის ინდუსტრიიდან.
პირველი კვარტლის მდგომარეობით, 1.2 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს ვუმასპინძლეთ, რაც მნიშვნელოვანი აღდგენაა 2019 წელთან შედარებით. მიღებული შემოსავალი არის რეკორდული პირველ კვარტალში, თითქმის 800 მილიონი აშშ დოლარი, რაც 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 38%-იანი მატებაა. საფუძვლიანი მოლოდინი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე ვუმასპინძლებთ დაახლოებით 6 მილიონზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს და ქვეყანა ელოდება დაახლოებით 4.5 აშშ დოლარის შემოსავალს, რაც 2019 წელთან მიმართებაში 134% მატებაა. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჯამურად აეროპორტების მგზავრთნაკადი დაუბრუნდება პანდემიამდელ მონაცემებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, განვიხილავთ ახალი აეროპორტის აშენების შესაძლებლობას. ვამუშავებთ ორ ვარიანტს. ერთი ვარიანტი არის არსებული აეროპორტის გაფართოება, თუმცა, ამ ვარიანტს აქვს უფრო მეტი მინუსები. გვაქვს მეორე, ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც დამუშავების პროცესშია. საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი, საუკეთესო არქიტექტორებისა და ჯგუფების, კომპანიების შერჩევა და ჩვენ გვინდა, რომ სამუშაოები დავიწყოთ 2024 წელს. მანამდე, რა თქმა უნდა, პროექტირებას დასჭირდება დრო და ამის თაობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ უფრო დეტალურ ინფორმაციას. ჩვენი ამბიციაა და ეს განვაცხადეთ უკვე, გავხდეთ რეგიონში საავიაციო ჰაბიც და მოვემსახუროთ არა მხოლოდ პირდაპირ ფრენებს, არამედ ტრანზიტული მგზავრების დიდ ნაკადებსაც. რა თქმა უნდა, ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია გვქონდეს რეგიონში საუკეთესო, საერთაშორისო კლასის აეროპორტი, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით. ბოლო წლებში, ძვირფასო მეგობრებო, მზარდი ტენდენციით ხასიათდება საგარეო ვაჭრობა. შარშან რეკორდული იყო ექსპორტის ზრდა, ასევე – სავაჭრო ბრუნვა.
ექსპორტი გაიზარდა 31.%-ით და შეადგინა 5.6 მილიარდი დოლარი, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 33.%-ით არის გაზრდილი და შეადგინა თითქმის 20 მილიარდი დოლარი, უფრო ზუსტად 19.2 მილიარდი დოლარი, რომელიც ასევე რეკორდული მოცულობაა. ბოლო წლებში იზრდება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების მქონე ქვეყნებთან ვაჭრობა.
ამჟამად საქართველოს ექსპორტის 87% თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე 45 ქვეყანასა და ერთ დამოუკიდებელ საბაჟო ტერიტორიაზე (ჰონგ-კონგი) გადის. ეს გახლავთ მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3, 2.3- მილიარდიანი სამომხმარებლო ბაზარი. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის, რა თქმა უნდა, ინოვაციებზე, ახალ ტექნოლოგიებსა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება. ინოვაციების სააგენტო საგრანტო პროგრამების ფარგლებში მუშაობს აქტიურად. დღემდე 35 მილიონი ლარით დაფინანსდა გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპი. შედეგად ბენეფიციარებმა 120 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღეს და მოიზიდეს 330 მილიონ ლარამდე კერძო ინვესტიცია და შეიქმნა 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. ეს არის ძირითადად ახალგაზრდების მიერ წამოწყებული სტარტაპები. ჩვენ ვეხმარებით და კიდევ უფრო მეტად დავეხმარებით ამ მიმართულებას. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. 2022 წლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვებამ 15.2 მილიარდი ლარი შეადგინა. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი გაზრდილია 112%-ით.
ბოლო 10 წლის განმავლობაში 96%-ით, 4.4 მილიარდ ლარამდეა გაზრდილი დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება.
ასევე უნდა აღვნიშნო, რომ შარშან საქართველოდან მსოფლიოს თითქმის 96 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული – 1.3 მილიარდამდე დოლარის ღირებულების პროდუქცია, რაც 2021 წლის მაჩვენებელს – 10.5%-ით აღემატება. ექსპორტის ზრდის ტენდენცია წელსაც გრძელდება. 5 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გვაქვს 33%-იანი ზრდა. გასულ წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის – 103 მილიონ ლიტრამდე, 252 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო.
ღვინის ექსპორტი გაიზარდა სტრატეგიულ ბაზრებზე, – პოლონეთში გვაქვს 30%-იანი, ამერიკაში 28%-იანი ზრდა, ლატვიაში – 20%, გერმანია -34%, ესტონეთი 50%, იაპონია -68%, რუსეთი -50 %. ასე რომ, სულ, ჯამურად, კიდევ ვიმეორებ, შარშან გვქონდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის 103 მილიონი ლიტრი ღვინის ექსპორტი. ამით 250 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღეს ქართველმა მეწარმეებმა. ასევე იზრდება სპირტიანი სასმელები, – აქ ზრდა გვაქვს 57%-იანი, 48 მილიონ დოლარს აჭარბებს მიღებული შემოსავალი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ევროკავშირის ბაზარზე არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება. სწორედ ამ მიზნით, მოგეხსენებათ, ჩვენ მივაღწიეთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას 8 წლის წინ. ამიტომ აქტიურად მიმდინარეობს ამ ბაზრის ათვისება. გეტყვით, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, 129%-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი ევროკავშირში, 26%-ით – სპირტიანი სასმელების, ხილისა და ბოსტნეულის წვენების – 100%-ით. ასე რომ, ყოველ წელს ჩვენ გვაქვს სერიოზული პროგრესი ამ მიმართულებით.
შარშან სოფლის მეურნეობაში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 6,2 მილიარდი ლარი შეადგინა მხოლოდ სახელმწიფო პროგრამებიდან. აქედან სახელმწიფო თანადაფინანსება 1,6 მილიარდი ლარია. ერთ-ერთი წარმატებული პროგრამა მინდა აღვნიშნო, ეს არის „დანერგე მომავალი“. ყოველ წელს იზრდება ხეხილის ბაღების ფართობები. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, გაშენებულია 20 ათას ჰექტარზე მეტი თანამედროვე ბაღი, მივიღეთ 40 ათას ტონაზე მეტი მოსავალი, რომლის ღირებულება 85 მლნ ლარს აღემატება. მარტო გასულ წელს, მეგობრებო, 4 ათას ჰექტრამდე თანამედროვე მრავალწლიანი ბაღი გაშენდა. პროგრამის ფარგლებში დასაქმებულია 10 000-მდე მუდმივი და 45 000-მდე დროებით დაქირავებული სამუშაო ძალა. ორგანიზებულად, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, ჩატარდა რთველი, რაც სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამით იქნა სტიმულირებული. ჩვენი ქვეყნის მასშტაბით გადამუშავდა 257 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი და მევენახეებმა შემოსავლის სახით 270 მილიონი ლარი მიიღეს. ბოლო 10 წელიწადში ზოგადად მევენახეებმა მიიღეს ძალიან დიდი შემოსავალი. შეიძლება ითქვას, ასეთი შემოსავლები არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ეს არის დასტური იმისა, რომ ჩვენ მიერ დაწყებული, ინიიცირებული პროგრამები რეალურ შედეგს გვაძლევს. ძალიან ბევრი მეწარმე, ფერმერი არის ჩართული ამ პროგრამებში და, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაგრძელებთ ამ პროგრამების მხარდაჭერას. ზოგადად, მინდა ძალიან მოკლედ ვთქვა, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სოფლის მეურნეობაში იყო ირიგაცია. დღეს უკვე წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 45,000-დან – 165,000 ჰექტრამდე, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 14,000-დან 43,000 ჰექტრამდე გაიზარდა.
გასულ წელს სოფლის მეურნეობის, ირიგაციის, დრენაჟისა და მიწის მართვის სექტორში მოზიდულ იქნა უპრეცედენტო – 300 მლნ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსი 4 მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისგან, და ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ უფრო მეტ მხარდაჭერას. რაც შეეხება ენერგეტიკას და ტრანსპორტს, მე მინდა უფრო ვრცლად ვისაუბრო ამ თემაზე. შარშან ჩვენ ისტორიული მნიშვნელობის პროექტი დავაინიცირეთ. ეს არის ქართული ინიციატივა, ეს შეეხება „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემ კაბელს“. ეს პროექტი ჩვენ განვიხილეთ და მე ვიყავი პირადად ჩასული ბრიუსელში. 2021 წლის აპრილში და ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა სწორედ ეს იყო, როდესაც ჩვენ ვარჩევდით მსხვილ პროექტებს. ჩვენ თავიდანვე მივიღეთ სრული მხარდაჭერა ევროკავშირისგან. შემდეგ აქტიური თანამშრომლობა გავაგრძელეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, აზერბაიჯანთან, რუმინეთთან, უნგრეთთან და შარშან ხელი მოეწერა მემორანდუმს. ახლა აქტიურად მიმდინარეობს შესწავლა. ჩვენ ველით, რომ სექტემბერში გვექნება უკვე კვლევის შედეგები და ამის შემდეგ გადავალთ უკვე მეორე ფაზაზე. სრული მხარდაჭერა აქვს ამ პროექტს გამოცხადებული ბრიუსელიდან, ევროკავშირიდან, მსხვილი საფინანსო ინსტიტუტებიდან, და ჩვენ ველით, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ისტორიული პროექტი, რომელიც ბოლო 30 წელიწადში განხორციელდება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ შარშან ექსპლუატაციაში შევიდა 7 ჰიდროელექტროსადგური. ამჟამად, სულ გაფორმებულია 229 მემორანდუმი, მიმდინარეობს მუშაობა 4 დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების შესახებ. ელექტროსადგურების სავარაუდო ჯამური დადგმული სიმძლავრე – 3000 მგვტ-ს, სავარაუდო გამომუშავება კი, დაახლოებით, 13 მლრდ კვტ/სთს შეადგენს. ასევე დაინერგა განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა, რომლითაც მხარდაჭერას მიიღებს 15 ჰიდრო, 2 ქარისა და 10 მზის ელექტროსადგურის პროექტი. დაგეგმილი გვაქვს 350-430 მგვტ კომბინირებული ციკლის ახალი თბოელექტროსადგურის – „გარდაბანი 3“-ის მშენებლობა, რომელიც ყველაზე დიდი სიმძლავრის თბოსადგური იქნება საქართველოში. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ამის თაობაზე მე არაერთხელ განვაცხადე, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და პორტის მშენებლობა დაიწყება წელს, მთავრობის დაფინანსებით. აქედან 51% იქნება მთავრობის საკუთრება, დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადეთ უკვე ინტერესთა გამოხატვა და ახლა მიმდინარეობს აქტიურად დამუშავება ამ საკითხების, მათ შორის, სერიოზული ინვესტორისგან გამოითქვა ინტერესი. თუმცა, ამ ეტაპზე არა ვართ იმ კონდიციაში, რომ ეს ინფორმაცია გავასაჯაროოთ. ამის თაობაზე მოგვიანებით დაგიბრუნდებით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მიღებული არის გადაწყვეტილება, – მოგახსენეთ, რომ ჩვენ წელს დავიწყებთ მშენებლობას და ეტაპობრივად ჩვენ, რა თქმა უნდა, პარალელურად გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს ინვესტორებთან. იცით, რომ შარშან ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან ე.წ. შუა დერეფნის განვითარების შესახებ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული საგზაო რუკა, ვიცით, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა. პოტენციალი იმისა, რომ ტვირთნაკადი გაიზარდოს ამ დერეფანში, არის საკმაოდ დიდი და რეალური არის ეს პერსპექტივა. მაგრამ ამ მიზნით აუცილებელია, რომ გაიზარდოს გამტარუნარიანობა რკინიგზის, პორტების. იცით, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩქაროსნული მაგისტრალების პროექტის დასრულებაზე, 2024-ის ბოლოს იქნება დასრულებული ეს მნიშვნელოვანი, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი გზა. ასევე რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დასრულდება მომავალ წელს, რითაც გაორმაგდება გამტარუნარიანობა ჩვენი რკინიგზის. ამიტომ, აუცილებელი არის, რომ პორტების გამტარუნარიანობაც გაიზარდოს. და სწორედ ამ მიზნით, ჩვენ დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას. ასევე ფოთის პორტის ინვესტორის მხრიდან გამოითქვა, მფლობელის მხრიდან გამოითქვა ინტერესი, სურვილი, მზაობა, შეიძლება ასეც ითქვას, რომ მათაც განახორციელონ ინვესტიციები, ფოთის პორტის განვითარებისა და გაფართოების. ასე რომ, ამ მიმართულებით სერიოზული წინსვლა გვექნება მომდევნო წლების განმავლობაში. ქვეყანა უნდა იყოს მზად დაგეგმილი მემორანდუმის და ხელმოწერილი საგზაო რუკის შესაბამისად, 2027 წლისთვის უნდა იყოს გამართული ინფრასტრუქტურა, მათ შორის, საგზაო, რკინიგზა, პორტები. აი, ეს არის ჩვენი ხედვა და ჩვენი გეგმა, რომელსაც თანამიმდევრულად მივყვებით. ასევე გეტყვით, რომ ბოლო პერიოდში, ბოლო 10 წელში, საგრძნობლად გაიზარდა გაზიფიცირების სამუშაოები. გაისად მოსახლეობის თითქმის 93% იქნება გაზიფიცირებული. ეს არის რეკორდული მონაცემები. თუ ამას შევადარებთ 2012 წელს, ძალიან დიდი სხვაობა გვაქვს ამ მიმართულებით. ასევე ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ეხება საავტომობილო სამგზავრო გადაყვანას ქვეყნის შიგნით. გამოწვევა იყო და დღესაც რჩება ყველა დიდ ქალაქში და ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში არსებული ავტოსადგურები, რომლებიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ დავნერგავთ ევროპულ სტანდარტებს. დავიწყეთ აქტიურად შეძენა ახალი ავტობუსების, რეგიონებისთვის. ამ რეფორმის ფარგლებში მოხდება ავტობუსების სერტიფიცირება, სრული განახლება და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების განებართვიანება, რათა მივაღწიოთ სამ უმთავრეს მიზანს – მგზავრთა გადაყვანის უსაფრთხოება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, კომფორტი და, რა თქმა უნდა, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა.
რაც შეეხება ჯანდაცვასა და სოციალურ მიმართულებას. ზოგადად, ეკონომიკისა და საბიუჯეტო შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდის შედეგად, მეტი რესურსები, რა თქმა უნდა, მივმართეთ ჯანდაცვის, სოციალური მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ ხარისხიანი და საყოველთაო, ხელმისაწვდომი, სოციალური სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ჯანდაცვის შემდგომი განვითარება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს. წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი გაზრდილი არის და შეადგინა 880 მილიონი ლარი. დღეისათვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცული არის მოსახლეობის 95%-მდე. პროგრამის დაწყებიდან, 3 მილიონ მოქალაქეს დავუფინანსეთ 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა და ამაში ბიუჯეტიდან გადავიხადეთ 7 მილიარდი ლარი. ანუ, ჩვენი ქვეყნის 3 მილიონმა მოქალაქემ დაზოგა 7 მილიარდი ლარი ბოლო 10 წელიწადში. ეს არის ძალიან სერიოზული შედეგი, რომელზეც ჩვენ ვიმუშავეთ აქტიურად და კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ ამ სერვისებს. ზოგადად შედარებისთვის, მინდა მოვიყვანო კიდევ ერთი მონაცემი, – 2012 წელს, მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდები თითქმის 75%-ს შეადგენდა, 2022 წელს ეს მონაცემები შემცირებულია, 41%-მდე არის ჩამოსული, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი წინსვლაა. მოგეხსენებათ, რომ წარმატებული აღმოჩნდა ჩვენ მიერ გატარებული რეფორმა, მედიკამენტების ფასების დარეგულირების და შემცირების მიმართულებით. თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგად, დღეს ხელმისაწვდომი არის ყველაზე მეტად მოთხოვნადი 550-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. მედიკამენტების ფასები შემცირებულია 60-დან 80 %-მდე, წლის ჭრილში, მოსახლეობამ 200 მილიონ ლარზე მეტი დაზოგა შარშან და ეს ყოველ წელს მოიმატებს, ეს ეკონომია, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა ნახავს. წელს, ასევე მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდა. დღეისათვის 1600-ზე მეტ წამალზე უკვე განისაზღვრა რეფერენტული ფასი, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მედიკამენტების ღირებულება. ზოგადად, მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მიზნით, აღიჭურვა და შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალით დაკომპლექტდა წამლის ხარისხის ლაბორატორია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სფეროში გვაქვს გამოწვევა, რომელიც არის ხარისხი ზოგადად, ხარისხიანი ჯანდაცვა არის და რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. ამ მიმართულებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც უნიკალურია მთელ მსოფლიოში, უპრეცედენტო, შეიძლება ასე ითქვას, რამაც ამ ვირუსის, ამ დაავადების გავრცელება 67%-ით შეამცირა. ბავშვთა ასაკის ონკოლოგიური პრობლემის გადასაჭრელად შევიმუშავეთ ჩვენ პროექტი, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის გახსნამდე, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვი საზღვარგარეთ, მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში სრულყოფილ მკურნალობას სახელმწიფო დაფინანსებით მიიღებს, სრულად დაფარავს ბიუჯეტი ამ ხარჯებს. ჩვენ ასევე გავზარდეთ დიალიზის სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. გასულ წელს სერვისი დაემატა მესტიაში, ყაზბეგში, თიანეთში, ამბროლაურსა და ლანჩხუთში. დღეს დიალიზის სერვისი ხელმისაწვდომი არის უკვე 39 დაწესებულებაში და იგეგმება კიდევ 12 სერვისცენტრის დამატება. მთავრობის დადგენილებით, რამდენიმე დღის წინ, ღვიძლის ტრანსპლანტაციის ძვირადღირებული ოპერაცია ასევე სრულად დაფინანსდება ჩვენი მოქალაქეებისთვის. სახელმწიფო უკვე აფინანსებს ასევე ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას და ვგეგმავთ ამ პროგრამის გაფართოებას. რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის ვალდებულებას, მე მინდა გითხრათ, რომ უკვე აღვნიშნე, რომ ხარისხი რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. აუცილებელი არის, რომ გაუმჯობესდეს მონიტორინგი, დავეხმაროთ მეტად კლინიკებს, მოხდეს მათი შემოწმება, ზოგადად, ხარისხის ამაღლება არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ჩვენი მთავრობისთვის.
მთავრობის მიერ პარლამენტს უკვე წარედგინა, მოგეხსენებათ კარგად, და მადლობა კიდევ ერთხელ პარლამენტს, ჩვენს გუნდს, საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი, რომელიც უკეთ დაარეგულირებს სამედიცინო-ფარმაცევტულ საქმიანობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვიცი, რომ აქტიური მუშაობა გაიმართა სამინისტროსა და კომიტეტებს შორის და შეჯერებულ იქნა კომპრომისული, შეიძლება ასე ითქვას, ვერსია, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ზოგადად სერვისებს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ძალიან მოკლედ მინდა აღვნიშნო ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის დემოგრაფიული საკითხები. ამის თაობაზე, მოგეხსენებათ, ჩვენ პარლამენტთან ერთად დავიწყეთ აქტიური მუშაობა, შექმნილია შესაბამისი სამუშაო საბჭო და ამ მიმართულებით ჩვენი ბოლო შეკრების გადაწყვეტილება იყო შემდეგი, რომ შეიქმნას უკვე სამუშაო ჯგუფები. ჩვენ ძალიან მალე, უმოკლეს ვადაში წარმოგიდგენთ კონკრეტულ ინიციატივებს, პაკეტს, რომელიც იქნება მიმართული, ზოგადად, ამ დემოგრაფიული საკითხების გაუმჯობესებაზე და, ზოგადად, ოჯახების გაძლიერებაზე. არის ძალიან ბევრი საინტერესო ინიციატივა, რომლებსაც ძალიან მალე წარმოგიდგენთ განსახილველად და დასამტკიცებლად. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ გრძელდება პენსიების ზრდა. პენსიის ინდექსაციის წესი შემოღებული არის და მოგეხსენებათ, რომ შარშან გაიზარდა პენსია, წელსაც გაიზარდა, 65 ლარით გაიზარდა პენსია 70 წლის და მეტი ასაკიდან, და გახდა 365 ლარი, მაღალმთიან დასახლებაში პენსია გახდა 440 ლარი, ასევე, 70 წლამდე პირთა პენსია გაიზარდა და გახდა თითქმის 300 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში – 355 ლარი. მთის კანონზე მინდა აღვნიშნო, რომელიც საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს. საანგარიშო პერიოდში, ბიუჯეტიდან მიიმართა დაახლოებით 111 მლნ ლარი, ხოლო კანონის ამოქმედებიდან, სულ, 509 მილიონი ლარი არის მიმართული ჩვენი მოქალაქეებისთვის.
ორი წლის წინ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის ამოქმედება. ეს არის სუბსიდირებული იპოთეკური სესხები. ეკონომიკის სამინისტრო გასცემს ამ პროგრამის ფარგლებში სუბსიდირებულ სესხებს, უფრო სწორად, ბანკებთან თანამშრომლობს. პროგრამით სარგებლობას შეძლებს ოჯახი, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 1 წლამდე ასაკის შვილი, და ამ პროგრამის მოდიფიცირებაც არის დაგეგმილი. გვინდა, რომ ეს გავაფართოოთ, უფრო მეტ ოჯახს დავეხმაროთ. ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ დღეს ამ პროგრამის ფარგლებში ჩართული ოჯახების რაოდენობა შეადგენს 4,700 ოჯახს და ბენეფიციარებს, ჯამურად, 500 მლნ ლარზე მეტი სესხი დაუმტკიცდათ და ჩვენ დავუსუბსიდირეთ. 4700 ოჯახს დავეხმარეთ აი, ამ პროგრამის ფარგლებში. რაც შეეხება დევნილების საკითხებს. მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლებში ჩვენ სერიოზული წინსვლა გვაქვს ამ მიმართულებით. შედარებისთვის, თუ ავიღებთ 2012 წელს, რა დაგვხვდა, რა ბიუჯეტი დაგვხვდა, ეს იყო დაახლოებით 25 მილიონი ლარი, თუ არ ვცდები. წელს ბიუჯეტი 233 მილიონი ლარია, თითქმის გავაათმაგეთ ბიუჯეტი. აქ ჩანს ჩვენი რეალური დამოკიდებულება ჩვენი დევნილების მიმართ. გაათმაგებულია დევნილებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი. დღემდე ახალი საცხოვრებელი ფართები გადავეცით 32 000-მდე დევნილ ოჯახს. ჩვენ ახლა დავიწყეთ მასშტაბური მშენებლობები თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ბორჯომში. დამატებით, 13 000 ოჯახს გადაეცემა ბინები. მათ შორის, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში 7 000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს სახლებს. ჯამურად, 900 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება მომდევნო 2-3 წელიწადში.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, – წელს 6 მილიარდ ლარზე მეტი მიიმართება ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის: მუნიციპალური და საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების სექტორის გაუმჯობესებისთვის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობისთვის, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისთვის, ტურისტული ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის. სულ აშენებულია, დღეის მდგომარეობით, 234 კმ მაგისტრალური გზა. აქედან, ორ მესამედზე მეტი – 166 კმ მაგისტრალური გზა ჩვენი ხელისუფლების დროს აშენდა; დასრულდა 424 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 13 600 კმ-მდე გზას; სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს აქტიურად აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის 108 კმ-ზე, მათ შორის, რიკოთზე. სამუშაოების დასრულება და მოძრაობის გახსნა დაგეგმილია ეტაპობრივად, 2024 წლის ბოლომდე. ასევე, ჩვენ დავიწყეთ შარშან რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გვირაბის – ქვეშეთი-კობის 9 კმ-ის სიგრძისა და 15 მეტრი დიამეტრის გვირაბის მშენებლობა. მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური გვირაბი იქნება ხსენებული გვირაბი.
24-საათიანი წყალმომარაგება ჯერ კიდევ რჩება ჩვენი მუნიციპალიტეტებისთვის გამოწვევად. გეგმის მიხედვით, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, 2030-ის ხედვის ფარგლებში, 2025 წლის ბოლოს ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება.
ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ „განახლებული რეგიონების“ პროგრამა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. 500 მილიონ ლარამდე დაიხარჯა პირველი ფაზის პროექტების დასაფინანსებლად. ახლა დაიწყო მეორე ფაზის სამუშაოები. მინდა შეგახსენოთ, რომ განახლდა 727 შენობა და მიმდებარე ტერიტორიები, მოწყობილია საინჟინრო ქსელები, 92 სკვერი და ასევე ქობულეთში ახალი ბულვარი მოეწყო. ახლა ჩვენ ვიწყებთ ქალაქებისა და კურორტების განვითარების 5-წლიან პროგრამას, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბური იქნება, რომელსაც ბიუჯეტიდან მოხმარდება ერთი მილიარდი ლარი. პროგრამის პირველ ეტაპზე ჩვენ შევარჩიეთ 11 ყველაზე საინტერესო ლოკაცია ტურისტებისთვის და ჩვენი დამსვენებლებისთვის. ეს არის ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგი. პროგრამა ქალაქებისა და კურორტების პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის, ჩვენი მოლოდინი ასეთია, და 200 მილიონი ლარი მიემართება წელს ამ პროგრამის პირველი ეტაპის დასაფინანსებლად.
მაგალითისთვის გეტყვით, რომ განახლდება ბორჯომის მთელი ისტორიული არეალი, არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ქუჩა ან ლოკაცია, არამედ მთელი ისტორიული არეალი და ანალოგიურად ვგეგმავთ ჩამოთვლილ ქალაქებში სრულ რეაბილიტაციას. ასევე მინდა აღვნიშნო ძალიან მოკლედ, რომ, რა თქმა უნდა, გარემო, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, ზოგადად, ჰაერის ხარისხი, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ბოლოს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლითაც დარეგულირდება ავტომობილების იმპორტი. ჩვენ შევისწავლეთ ევროპული გამოცდილება, მათ შორის, რეგიონში არსებული ვითარება. რეგიონში არც ერთი ქვეყანა არ დარჩა ჩვენ გარდა, რომელმაც ეს სტანდარტი არ შემოიღო. მე ვგულისხმობ ევრო-5-ის სტანდარტის სავალდებულო შემოღებას. ეს ნიშნავს, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი უნდა შეიზღუდოს. მთავარი დამაბინძურებელი, ჩვენ ეს კარგად შევისწავლეთ კვლევებით, გარემოს სააგენტომ დაამუშავა ეს საკითხი, სერიოზული გამოწვევაა და ეს გამოწვევა უკავშირდება კონკრეტულად ავტომობილების გამონაბოლქვს. ჩვენ სისტემატურად ვამოწმებთ საწვავის ხარისხს. ბოლო რამდენიმე წელია ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს შემოწმება და, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ კვლავაც, მაგრამ მთავარი გამოწვევა, რომელიც რჩება ამ სფეროში, არის სწორედ ჰაერის დაბინძურება, რომელიც გამომდინარეობს გაუმართავი ავტომობილებიდან. მათ შორის, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ჩავკეტეთ ე.წ. კატალიზატორების ექსპორტიც, რომელიც ერთგვარ ბიზნესად იქცა. ხდებოდა ამ კატალიზატორების ამოღება მანქანებიდან და ამის გასხვისება. ეს ჩაიკეტა. მოლოდინი არის, რომ რამდენიმე წელიწადში მკვეთრად გაუმჯობესდება ჰაერის ხარისხი, დედაქალაქში თუ მსხვილ ქალაქებში. ქვეყანა უნდა გახდეს განვითარებული, მოვლილი, გაციფრულებული, მწვანე ეკონომიკა და ეს, რა თქმა უნდა, არის მიმართულება, რომელსაც სრული მხარდაჭერა აქვს ზოგადად ევროკავშირისგან და, ზოგადად, ამ მიმართულებით მიდის ყველა განვითარებული ქვეყანა. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას და ამ მიმართულებით არსებულ ვითარებას. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ აქტიურ პოლიტიკას ვაწარმოებ პირადად მე და საგარეო საქმეთა მინისტრი. ბოლო პერიოდი მოგეხსენებათ, საკმაოდ დატვირთული იყო. ჩვენ არაერთი, ათეულობით შეხვედრა გავმართეთ ჩვენს პარტნიორებთან მთავარი პრიორიტეტი,რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაა. მთავრობამ, პარლამენტთან ერთად მაქსიმუმი გააკეთა პრიორიტეტების შესრულების ნაწილში. ჩვენ სრულად ჩართულები ვიყავით ამ პროცესში. ძალიან დიდი შეცდომა იქნა დაშვებული შარშან, ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან, როცა საქართველოს არ მიეცა სტატუსი და მიენიჭა მოლდოვას და უკრაინას ბონუსად, ანუ ავანსად, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ყველა პარამეტრით, ყველა მონაცემით წინ ვუსწრებდით და ვუსწრებთ დღესაც მოლდოვას, უკრაინას. ამის დასტურია დაახლოებით ორი თვის წინ გამოქვეყნებული ანგარიში, სადაც ჩანს, რომ საქართველო უსწრებს დღესაც ორივე ხსენებულ ქვეყანას. მაგრამ ჩვენთვის მთავარი, ვიტყოდი, ისტორიული გადაწყვეტილება იყო და ასე შეაფასეს ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა, ევროპული პერსპექტივის მინიჭება, რაზეც შეიძლება ითქვას, რომ წინა ხელისუფლების დროს ამაზე ოცნებაც კი არ შეიძლებოდა, იმიტომ, რომ ეს იყო აბსოლუტურად აბსტრაქტული, მიუღწეველი მიზანი და ოცნება.
ჩვენ, ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო 10 წელში გავაკეთეთ მაქსიმუმი. თუ რაიმე გააკეთა ვინმემ ოდესმე, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეს არის ჩვენი ხელისუფლება, როცა მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულებას ხელი, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს. დღეს რომ ჩვენი მოქალაქეები გადაადგილდებიან ევროპის ქვეყნებში უვიზოდ, ეს არის ჩვენი დამსახურება, მეგობრებო, ეს არის „ქართული ოცნების“ დამსახურება. ეს,რა თქმა უნდა, იყო მიუღწეველი ოცნება, გახსოვთ და ალბათ დამეთანხმებით ყველანი, 2012 წლამდე მხოლოდ, ვთქვათ პირდაპირ, მხოლოდ ელიტა მოგზაურობდა, გადაადგილდებოდა ევროპის მიმართულებით შეუფერხებლად. ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ ჰქონდათ ამის საშუალება იმიტომ, რომ უწევდათ რიგებში დგომა, საკონსულოებში და ხშირ შემთხვევაში, ვიცით კარგად, რომ ეს პასუხი იყო უარი.
ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს იყო გარღვევა, შეიძლება ასე ითქვას. ეს არის დამსახურება ჩვენი ხელისუფლების, კიდევ ვიტყვი. თუ ვინმემ გააკეთა რაიმე ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“ კონკრეტული შედეგებით: ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივა. ევროპული პერსპექტივა ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა ღიად თქვეს, ხმამაღლა, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი. აი ასეთი ხმამაღალი განაცხადი ჩვენ არ მოგვისმენია ბოლო 30 წლის განმავლობაში. აი, ეს ნიშნავს, რეალურად შეიძლება ითქვას, ძალიან დიდ მიღწევას, ჩვენი გუნდის მუშაობის და დაფასებას, რომელსაც სათანადო აღიარება სჭირდება. რა თქმა უნდა, სტატუსი არის სიმბოლური მნიშვნელობის, მაგრამ მნიშვნელოვანი აუცილებლად, შემდეგი ეტაპი. ჩვენმა გუნდმა, მოგეხსენებათ კარგად, მაქსიმუმი გააკეთა ყველაფრისთვის. მე ჩემს შეხვედრებში ვარწმუნებ ჩემს ევროპელ კოლეგებს და მეგობრებს, რომ თუ ისინი არ მიანიჭებენ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება მორიგი სტრატეგიული შეცდომა, ევროკავშირის მხრიდან დაშვებული და ამას უბრალოდ ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს, ჩვენი ხალხი არ იმსახურებს, ჩვენი ხელისუფლება არ იმსახურებს. ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ რეალურად ვართ შედეგზე ორიენტირებული ხელისუფლება, რომელსაც რეალური, კონკრეტული შედეგები მოაქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის. მე მინდა გითხრათ, რომ კოლეგების აბსოლუტური უმრავლესობა თითქმის იზიარებს ჩვენს მიერ მიწოდებულ არგუმენტებს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რაც მათ ვუთხარი, არის შემდეგი, თუ როგორ გაიგებს ამ გზავნილს ზოგადად, თუნდაც რუსეთის ფედერაცია, სხვა ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებული არიან ევროკავშირში ინტეგრაციით, თუნდაც რეგიონში და მე ვფიქრობ, რომ ეს არგუმენტი იქნება გაზიარებული და მოწონებული და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული წლის ბოლოს. დამსახურების მიხედვით თუ ავიღებთ და ვიმსჯელებთ, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს. 12 რეკომენდაციიდან, 11 შეიძლება ითქვას არის შესრულებული, ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ჩვენი გუნდის წევრებს. თუ ვინმემ რაიმე არ გააკეთა სტატუსის მისაღებად და ამ რეკომენდაციების შესრულებისთვის, ეს არის უპასუხისმგებლო ოპოზიცია, „ომის პარტია“, რომელსაც არ სურს, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ისინი ეწევიან ყველაფერს, საბოტაჟს, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი. ამის კონკრეტული ფაქტები მინდა მოგიყვანოთ. შარშან, როდესაც იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ისტორიული მომენტი, როცა ევროპულ საბჭოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, თუ რომელი ქვეყნებისთვის მიეცა სტატუსი, ამ გადაწყვეტილებამდე, ევროპელი ლიდერების შეკრებამდე რამდენიმე კვირით ადრე, შეგახსენებთ, რომ მიღებულ იქნა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო, მტრული რეზოლუცია. ვინ იყო რეზოლუციის ავტორი და ხელმომწერი, ამ რეზოლუციის სპონსორიც, ინიციატორიც, ხელმომწერიც იყო, ვიმეორებ, ამ დესტრუქციული „ომის პარტიის“ მთავარი „დედაპარტია“ „ევროპის სახალხო პარტია“. ჰკითხეთ მათ, თუ გააკეთეს რაიმე, ან საჯარო მოწოდება, ან თხოვნა, ან დემარში, რომ ასეთი ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე ასეთი უსამართლო, დაუმსახურებელი რეზოლუციის მიღება იქნებოდა შემაფერხებელი ბარიერი ევროპელი ლიდერებისთვის, მათ შორის, სკეპტიკურად განწყობილი ლიდერებისთვისაც. მოგეხსენებათ, რომ 27 ქვეყნის ლიდერებს შორის ხშირად არ არსებობს კონსენსუსი, ევროპის გაფართოება არის საკითხი, რომელზეც ძალიან დიდი დებატები არსებობდა ბოლო წლების განმავლობაში, დღესაც არ შეჩერებულა ეს დებატები. ასეთ ვითარებაში, ეს არის კონკრეტული ფაქტი, რომელიც მათი საბოტაჟის დამადასტურებელია, საბოტაჟის, რომ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ეს არის ერთი ფაქტი. სხვა უამრავი ფაქტი არსებობს, რომლებზეც ჩვენი კოლეგები ვსაუბრობთ. ეს არის გამაოგნებელი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული ქმედება. ჩვენ კონკრეტული ფაქტები მოგვახსენეს ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა. გვარებზეც იყო ძალიან ბევრჯერ საუბარი, როდესაც ჩადიან ჩვენი უპასუხისმგებლო ოპოზიციის წარმომადგენლები და სთხოვენ, აღარც მალავენ, საჯაროდ აცხადებენ, რომ არ უნდა მიიღოს სტატუსი საქართველომ „ქართული ოცნების“ პირობებში. თქვენ წარმოგიდგენიათ რამხელა ღალატია ეს ჩვენი ეროვნული ინტერესების და ჩვენი ხალხის ინტერესების.
ჩვენ ველით გონივრულ, ბრძნულ გადაწყვეტილებას ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან. მე მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე მოწინააღმდეგე ევროპაში. ძალიან ბევრი ევროპელი ლიდერი წამყვანი ქვეყნების ჩართულნი არიან ამ პროცესში და ისინი მხარს გვიჭერენ, რომ წლის ბოლოს ქვეყანამ მიიღოს სტატუსი. მესამე არგუმენტი, რაც მე ჩვენს კოლეგებს ვუთხარი, არის შემდეგი – ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელიც არ შესრულდა ისევ და ისევ ამ უპასუხისმგებლო ოპოზიციის დესტრუქციული საბოტაჟის, ბოიკოტის გამო, ეს არის პოლარიზაციის შემცირება, ზოგადად დასრულება, დასრულება ალბათ შეუძლებელია, მოგეხსენებათ, პოლარიზაცია ყველა ქვეყანაში არსებობს, მაგრამ შემცირებისთვის ერთ-ერთი მთავარი, წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა სწორედ სტატუსის მინიჭება. მე მათ ვუთხარი და ღიად მითქვამს ეს, რომ თუ რეალურად ისინი არიან დაინტერესებულნი და მჯერა, არიან დაინტერესებულნი, რომ შემცირდეს პოლარიზაცია ქვეყანაში, ქვეყანამ და ხალხმა უნდა მიიღოს და ჩვენმა მთავრობამ უნდა მიიღოს სტატუსი. ეს არის აუცილებელი, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი თემა ამ ხელმოცარული ოპოზიციის არის ევროპული პერსპექტივა, ზოგადად, ევროპული დღის წესრიგი, რომლისთვისაც მათ არაფერი არ გაუკეთებიათ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, არაფერი საერთოდ. შეგახსენებთ, რომ როდესაც დაიწყო უკრაინამ და მოლდოვამ ასოცირებაზე მუშაობა, მათ შორის, უვიზო რეჟიმზე, ჩვენ სამი წლის დაგვიანებით, ჰკითხეთ მათ, რატომ დაიწყეს სამი წლის დაგვიანებით ეს პროცესი. ეს იყო ბოიკოტი, რატომ, ღიად გამოვიდა მათი ბელადი და თქვა, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი მიმართულება უნდა ყოფილიყო სინგაპურიზაცია, არა ევროპეიზაცია, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ მთავარ დღის წესრიგად მოსვლის დღიდან და არა მხოლოდ გამოვაცხადეთ, არამედ კონკრეტული შედეგები მოვუტანეთ ჩვენს ქვეყანას. მათი ამოცანა იყო სინგაპურიზაცია. ეს, რა თქმა უნდა, არა ამის კლასიკური გაგებით, არამედ დამახინჯებული, ფსევდო სინგაპურიზაცია, იმიტომ, რომ სინგაპური მართლაც საოცარი ქვეყანაა. მაგრამ მე ვუბრუნდები ამ საკითხს, ევროპული ინტეგრაციის გზაზე, წინა ხელისუფლებას, რომლებიც დღეს გამოდიან და თავს წარმოაჩენენ თითქოს ძალიან დიდი პროევროპელები არიან და რეალურად სურთ რაღაც ქვეყნის ევროპეიზაცია, არაფერი არ გაუკეთებიათ. ამიტომაც, მე ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება, ჩვენი პარტნიორები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას. სხვა მიმართულებით ჩვენ გვაქვს სერიოზული მიღწევები. ზოგადად, ვაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის პოზიციებს ყველა მიმართულებით. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობები რეგიონში, ვაძლიერებთ და ვამყარებთ პროექტების განხორციელებით და ზოგადად, ჩვენი თანამშრომლობა დღითიდღე ძლიერდება აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, რეგიონში, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და მთავარია ჩვენს ევროპელ სახელმწიფოებთან, ევროპულ ქვეყნებთან ჩვენი პარტნიორობის გაძლიერება. ამ მიმართულებით კონკრეტული შედეგები გადაიდგა. მე არაერთი ვიზიტი მქონდა ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ვიზიტი განხორციელდა. ჩვენი ევროპელი კოლეგები ეწვივნენ თბილისს, მათგან მივიღეთ ღია, საჯარო მხარდაჭერა ევროპეიზაციის, ევროინტეგრაციის გზაზე. ასე რომ, ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს სერიოზული მიღწევები.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში, მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი პირველი ინიციატორი ვიყავით ჩვენ ორი წლის წინ, როდესაც პირველი კონკრეტული შედეგი დავდეთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. მაშინ პირადად მე ვიყავი ჩართული და ეს მედიაცია და ეს ფასილიტაცია, ასე დავარქვათ, დასრულდა კონკრეტული შედეგით. ეს იყო ერთ-ერთი სამაგალითო მედიაცია რეგიონში. ჩვენ კიდევ ერთხელ, მინდა საჯაროდ, ამ ტრიბუნიდან დავადასტურო, ჩვენი სრული მზაობა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, რომ კიდევ ჩავერთოთ ჩვენთვის ორ მეგობარ ქვეყანას შორის მედიაციის პროცესში. ასე რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება.
ბოლოს მინდა აღვნიშნო, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ოკუპაცია, რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ბაზირებას, ოკუპაციას, რა თქმა უნდა, იყო და არის გამოწვევა, რომელიც მემკვიდრეობით ჩვენ, ჩვენს ხელისუფლებას დახვდა 2012 წელს. აქვე მინდა შედარებისთვის გავახსენო საზოგადოებას, ჩვენსას, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, არცერთ ქვეყანას, მათ შორის არც ჩვენ არ დაგვიინიცირებია რამე კონკრეტული ზომების მიღება ოკუპანტი ქვეყნის, ამ ოკუპაციის შესაჩერებლად, დასაგმობად, მე ვგულისხმობ სანქციებს მაგალითად, დღეს გამოდიან და გვთხოვდნენ ეს ადამიანები, ომის დაწყების დღიდან, ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, ანუ ეროვნული სანქციების დაწესებას, მათ შორის ეკონომიკური სანქციების დაწესებას და ა.შ. თქვენ გახსოვთ რამხელა კამპანია აწარმოეს, ამ სანქციების დაწესებით ჩვენ, არ ვიცი რისი მიღწევა უნდოდათ, უნდოდათ ომის მიღწევა, მეორე ფრონტის გახსნის მიღწევა უნდოდათ და ქვეყნის განადგურება უნდოდათ ამით, ისე როგორც გაანადგურეს ერთხელ ქვეყანა, ასევე უნდოდათ მეორედ გაენადგურებინათ ქვეყანა, აი ამ უპასუხისმგებლო „ომის პარტიას“. ჩვენ ვთქვით საჯაროდ და ღიად თავიდანვე, რომ ჩვენ არ გადავდგამთ არცერთ ნაბიჯს, რომელიც დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ხალხის ინტერესებს. ეს იყო ჩემი პირველი განცხადება, ეს იყო ჩვენი ლიდერების, გუნდის წევრების განცხადებები და ამ პოლიტიკას მივყვებით დღემდე, ამ პოლიტიკას დავიცავთ მტკიცედ და ამ პოლიტიკას ვერ შეგვაცვლევინებს ვერავინ, რაც სჭირდება ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას, მხოლოდ იმ პოლიტიკას განვახორციელებთ. ბოლო 30 წლის განმავლობაში, გადახედეთ ჩვენი მმართველების დროს გატარებულ პოლიტიკას. ეს არის ერთადერთი, რეალურად სუვერენული, დამოუკიდებელი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ. რეალურად, ჩვენი ნაბიჯებით, დღითიდღე განვამტკიცებთ ჩვენს სუვერენიტეტს. ასე რომ,კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ე.წ. სანქციების დაწესება და რაღაც შეზღუდვების შემოტანა და ვაჭრობა, ეკონომიკის ჩაკეტვა და ა.შ. იქნებოდა სრული უპასუხისმგებლობა, უფრო მეტიც, ღალატიც შეიძლება ამას ვუწოდოთ, საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესების. თუ ვინმე დაზიანდებოდა, დაზიანდებოდა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხის ინტერესები. ჩვენ დღეს ვეღარ ვისაუბრებდით ასე თამამად, რომ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, წინსვლა, სამუშაო ადგილები. 250 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ბოლო 2 წელიწადში. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, სად ვიქნებოდით დღეს, აი ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ დღეს ხელისუფლებაში. როცა იყვნენ ხელისუფლებაში, მაშინ ვერ აირიდეს თავიდან ომი, ეს უბედურება დამართეს ქვეყანას, დიდი განსაცდელი მოუვლინეს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, დაკარგეს ტერიტორიები, არამხოლოდ მანამდე, დე-ფაქტო. ახლა რაც შეეხება მათ ქმედებას და კიდევ გავაგრძელებ, ყველაზე მეტად რატომ არ სურთ ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ მათ იციან ყველაზე უკეთესად, რომ მათ ჩაიდინეს ღალატი, ჩვენი ეროვნული ინტერესების. თუ რაიმე დარჩენიათ, აი ამ გაუბედურებულ ოპოზიციას, მე ასე ვეძახი მათ, მართლაც გაუბედურებული, საცოდავები ხართ, იმიტომ რომ არაფერი სათქმელი აღარ გაქვთ, არცერთი მიმართულებით. ბოლო პერიოდში, თქვენ რა ჩაიდინეთ, თქვენ გესმით რამხელა ზიანი მიაყენეთ ჩვენს ქვეყანას. თქვენი ბელადის კამპანია, რომ კვდება, მოწამლეთ, ვაწამეთ. ამაზე სად ხართ, რატომ აღარ ამბობთ არაფერს, გადარჩა სააკაშვილი თუ აღდგა? აი ეს არის სახე ჩვენი დეგრადირებული, გაუბედურებული ოპოზიციის, დესტრუქციული ოპოზიციის. სათქმელი არაფერი აქვთ, უსუსური მცდელობა არის, რომ რაღაც მარტივი შეურაცხყოფებით, პირად შეურაცხყოფებზე გადმოდიან, სხვა სათქმელი არაფერი აღარ აქვთ. ამიტომ, თუ ვინმემ რამე გააკეთა ანტიქართული, აგერ არის ეს ძალა. თუ ვინმემ რამე ანტიქართული გააკეთა ბოლო 30 წლის განმავლობაში, ვინც ყველაზე მეტად დააზიანა ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ეს არის აი ეს ძალა, ეს არის მტრული, შიდა მტრული ძალა, რომელმაც ძალიან ბევრი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ჩააბარა, რუსული ჯარი გასული იყო 2007 წელს… მომისმინონ ქალბატონებმა, ეს ტაქტიკა აქვთ თანაც, ქალბატონებს მოგვიქსევენ შეურაცხყოფებით და შემდეგ ელოდებიან რეაქციას, ეს ძალიან მარტივი პროვოკაციებია, მე არ ვაპირებ თქვენზე ემოციების დახარჯვას. მე მინდა ხალხს ველაპარაკო და ჩვენს კოლეგებს შევახსენო კიდევ ერთხელ თქვენი მოღალატეობრივი საქმიანობა. ტერიტორიები ჩააბარეს, 2007 წელს გავიდა რუსული ჯარი ქვეყნიდან, რამდენიმე თვეში შემოაბრუნეს რუსული ჯარი, აი ამათ, ამ ადამიანებმა. მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი, მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი ორჯერ და ძალიან კარგად ვიცი ყველა თქვენი ნაბიჯი, რაც გაკეთებული გაქვთ. სამწუხაროდ, ესეც ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის მიზნით, ბევრი რამის თქმა არ შეიძლება, არ ვიტყვი, მაგრამ თქვენ კარგად იცით, რომ თქვენ ძალიან დიდი შეცდომები, კი არა, მე ვიტყოდი ღალატი ჩაიდინეთ. ტერიტორიების გარდა, 100-ზე მეტი ახალი სოფელი ჩააბარეს, კოდორის ხეობა რატომ დაკარგეს ამ ადამიანებმა, პასუხი გაგვცენ ამ ადამიანებმა, რატომ ჩააბარეს კოდორის ხეობა? რას ნიშნავს, ახალი ვთქვა? ე.ი. წარმოიდგინეთ, მათთვის არაფერს არ წარმოადგენს ჩვენი ტერიტორიების დაკარგვა, ამაზე დიდი უბედურება, ტრაგედია რა შეიძლება იყოს,რომ ოპოზიციონერი კი არა, პოლიტიკოსად წოდებული ვიღაც არარაობები, გვეუბნებიან, რომ ეს თემა დავამთავროთ თურმე. მე მოგიწოდებთ, პატივცემულო განადგურებულო ოპოზიციავ, შეინარჩუნოთ კონსტრუქციულობა. ამ მიმართულებით, ჩვენ გონივრული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა უნდა გავატაროთ. მიუხედავად აი ამათი ძალიან ბევრი მცდელობისა, დესტრუქციულობისა, საბოტაჟისა, გახსოვთ როგორ იქცეოდნენ შარშან როცა ომი დაიწყო უკრაინაში, მაშინ ზღვარზე იყო, რომ ეს ომი გავრცელებულიყო რეგიონშიც, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაშიც. ერთ-ერთი მთავარი მიზანი, აი ამ დესტრუქციული პარტიის, „ომის პარტიის“, იყო სწორედ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. სხვა რა მიზანს ემსახურებოდა აი ის პროვოკაციები, რომლებიც მათ დაგეგმეს და ვერ განახორციელეს? ყველა გეგმა ჩაუვარდათ, სრული ფიასკო განიცადეს. მე ვუბრუნდები საკითხს, რომელზეც არ მოგვისმენია ჩვენ განმარტებები. ბოლო ერთი წელია ატყუებენ საზოგადოებას, არამარტო ჩვენი ქვეყნის შიგნით, რა თქმა უნდა, მე მჯერა, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ტყუვდება და აღარასოდეს აღარ მოტყუვდება. აი ამათი სიცრუით, მაგრამ მთელ მსოფლიოში აწარმოეს კამპანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მოწამლა სააკაშვილი, აწამა, მოკლა და გაცოცხლდა და ა.შ. ამაში თქვენმა ბელადმა და მისმა ოჯახმა მილიონობით დოლარი გადაიხადა. მილიონობით დოლარი, რომ შეელახა ჩვენი ქვეყნის იმიჯი და რეპუტაცია, თანაც რა დროს მეგობრებო, რა დროს?როცა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, მთავარი გამოწვევა უსაფრთხოების რისკები, ომი უკრაინაში, რომელზეც არავინ არ იცის, როგორ დასრულდება და რა შედეგს მოიტანს, ეს ომი ჩვენ ყველას გვეხება, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ამ ომმა შეიძლება გადაწყვიტოს, შეცვალოს მთელი მსოფლიო წესრიგი, ევროპის მთლიანი უსაფრთხოების არქიტექტურა და ამ დროს, ასეთ ვითარებაში,მით უმეტეს, როცა ჩვენ ველოდებით კანდიდატის სტატუსს, როცა დადიხარ, დარბიხარ მთელ მსოფლიოში, იხდი მილიონებს, უკვეთავ ტელევიზიებში სატელევიზიო ინტერვიუებს, ათეულობით, მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ყოველკვირა, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ლიდერთან ვიყავი, ყოველკვირა ფინანსდებოდა, აღარ დავასახელებ იმ ქვეყანას, კონკრეტულ მედიასაშუალებებში ინფორმაცია იმის თაობაზე თითქოს ჩვენი ხელისუფლება აწამებს, კლავს, ტანჯავს სააკაშვილს რუსეთის დავალებით და ბოლოს რეზიუმე იყო გაკეთებული, დასკვნა, ამათივე შეკვეთით, რომ არ შეიძლება ამათი ხელისუფლების დროს სტატუსი მიეცეს საქართველოს, აი რა ჰქვია ამას თუ არა ღალატი?! გამაგებინეთ, აი რა ჰქვია ამას?! ეს არის საბოტაჟი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი, ჩვენი ხალხის ინტერესების ღალატი. ხომ ვნახეთ ჩვენ მოგვიწია,მეგობრებო, ძალიან ბევრი უხერხული კადრის გასაჯაროებაც, მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ დაგვიტოვეს გარდა იმისა, რომ სიმართლე დაგვეცვა, ჩვენ შევძელით სიმართლის დაცვა. სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ერთადერთი სწორი და ღირსეული, სამართლიანი გადაწყვეტილება, როცა უარი უთხრა მათ ბელადს და მთელი ეს სიცრუეზე აგორებული კამპანია დაასრულა ერთი გადაწყვეტილებით, რატომ არ ამბობენ? გამოვიდნენ და თქვან ახლა, ბოდიში მოიხადონ ყოველ დღე, ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატისთვის, ჩვენი ქვეყნის იმიჯის რეპუტაციის შელახვისთვის. ახლა რაც შეეხება ზოგადად მე მინდა კიდევ ერთხელ, რომ დავამშვიდო ეს ხელმოცარული ადამიანები. როცა ჩვენს საზოგადოებას მიმართავენ და ესაუბრებიან და ესაუბრებიან ჩვენს ევროპულ მომავალზე, მინდა გავახსენო ჩვენს ხალხს, ვინ ესაუბრება ევროპულ სტანდარტებზე, სასამართლოზე, კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებზე, ვინ და მე გეტყვით – სისტემა, რეჟიმი, რომელიც ადამიანებს კლავდა, აწამებდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა, ბიზნესს, სახლებს ართმევდა და ოჯახებს ანადგურებდა. ჩვენს ტერიტორიებს კარგავდა და ღალატობდა ყოველ დღე ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. აი ეს ძალა დღეს ევროპულ მომავალზე გველაპარაკება. ჩვენი ხალხი ბრძენია და ჩვენი ხალხი კარგად ხედავს სხვაობას. თქვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაასრულეთ საბოტაჟი და კიდევ ვიმეორებ დაასრულეთ ქვეყნის ღალატი. ახლა რაც შეეხება სხვა საკითხებს, მე მინდა თავდაცვაზე მოგახსენოთ, იცით კარგად, რომ ჯერ ჩემი მინისტრობის დროს და შემდეგ ბატონი ჯუანშერის მინისტრობის დროს გრძელდება ის აქტიური აღმშენებლობა ჯარში, ჩვენ ყოველ დღე ვაძლიერებთ ჩვენს საამაყო ქართულ ჯარს, განახლდა და თითქმის დასრულდა ყველა სამხედრო ბაზის რეაბილიტაცია, სრული რეაბილიტაცია ჩავუტარეთ ჩვენს სამხედრო ბაზებს და რეალურად ნატოს სტანდარტების შესაბამისად მოვიყვანეთ ყველა ის ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა, მიმდინარეობს აქტიურად შეიარაღების განახლება, ჩანაცვლება და შესყიდვა, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემების განახლება და ასევე საფრენი აპარატების, დრონების წარმოება დავიწყეთ პოლონურ კომპანიასთან ერთად. ჩვენ შეგვიძლია ათასობით დრონი ვაწარმოოთ, როგორც სადაზვერვო ასევე “კამიკაძე” დრონები. ასევე მინდა ვთქვა ძალიან მოკლედ, რომ ერთ-ერთი მთავარი რეფორმა რომელიც ჩვენ განვახორციელეთ და მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტს,ეს არის თავდაცვის კოდექსი, რომელსაც დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი გუნდი მიიღებს ძალიან მალე. ეს კოდექსი დაარეგულირებს ძალიან ბევრ მტკივნეულ საკითხს. ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი იყო რეზერვის საკითხი და ზოგადად ჯარში გაწვევის საკითხი, აქაც აი წარმოიდგინეთ რამხელა ანტიეროვნული საქმე ჩაიდინა ჩვენმა ოპოზიციამ. მათი სატელიტი ბატონი ზურა-გირჩი, პირდაპირ ჩართული იყო და არის ჩართული ჩვენი ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანის საქმეში, ათი ათასზე მეტ ადამიანს გზა აუბნიეს, დააბნიეს. რა თქმა უნდა, ეს ვფიქრობ, რომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან, რომ ეს საკითხი დარეგულირებულიყო. ერთი მხრივ წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში არიან, რომ ჩვენ ხელისუფლება გამოვდივართ, ვიძახით რომ ჯარი უნდა გავაძლიეროთ და უამრავ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ვაკეთებთ მეორე მხრივ, არ მინდა გავიმეორო რა მაგალითს აძლევს ოპოზიცია, თქვენ გახსოვთ ალბათ ყველაზე სამარცხვინო,ალბათ ჩვენი უახლოესი ისტორიის მანძილზე, სამარცხვინო ქმედება, რომელიც მათ ჩაიდინეს, როცა საოკუპაციო ხაზთან დადგნენ და არ მინდა გავიმეორო შარვალ ჩახდილები და შემდეგ ეს ადამიანები გამოდიან და გველაპარაკებიან პატრიოტიზმზე. შექმნეს რაღაც ბანაკები და ელაპარაკებიან ადამიანებს იარაღის გამოყენებაზე. გესმით რამხელა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე? რამხელა სიბინძურესთან გვაქვს საქმე? აი ამ სიბინძურის დასასრულებლად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მადლობა პარლამენტს კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის. ქვეყანა დაარეგულირებს აღნიშნულ საკითხებს და ვეღარ შეძლებენ ვეღარც მკრეხელური ვითომ მღვდელმსახურების შემოღებას და ასე შემდეგ, ჩვენ დავიწყებთ აქტიურად ახალ სისტემაზე გადასვლას.
თქვენ იცით, რომ სტუდენტებისთვის შემოვიღეთ ახალი ინიციატივა, სტუდენტი თუ გადაწყვეტს, რომ ჩაერთოს ამ პროგრამაში ეს იქნება 4-წლიანი პროგრამა, სწავლის დროს თუ წელიწადში ერთი თვე დაჰყოფს სამხედრო ბაზაზე და ჩაერთვება სახელმწიფო პროგრამაში, 4 წლის თავზე ანუ 4 თვის განმავლობაში სრულად უნდა ჰქონდეს გატარებული სამხედრო ბაზებზე, მას ჩაეთვლება მოხდილად სამხედრო სავალდებულო სამსახური, ეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ. ეს ყველაფერი დამუშავებულია და თქვენ წარმოდგენილი გაქვთ. ჯამში ჩვენ ყოველწლიურად შევძლებთ 4-იდან შეიძლება დავიწყებთ 4 ათასი რეზერვისტით, უფრო სწორად ახალგაზრდით და შემდეგ შეიძლება რამდენიმე ათასზე ავიდეთ, ჩვენი გათვლებით შეიძლება 6-7 წლიან პერსპექტივაში ყოველ წელს 10 ათასი რეზერვისტი მივიღოთ, ეს ძალიან დიდი ძალაა, ამას სჭირდება ძალიან დიდი მომზადება. ჯარი ემზადება ამისთვის და ასევე ჩვენ ვიწყებთ რეკრუტირების ცენტრების მშენებლობას,ყველა რეგიონში უნდა შეიქმნას რეკრუტირების ცენტრები და ვფიქრობ ძალიან სასარგებლო ინიციატივებია. ასევე ჩვენ ახლა დაწყებული გვაქვს, ჯარის ბანაკები, გვინდა უფრო მეტი სკოლის მოსწავლე და სტუდენტი ჩავრთოთ ჯარის ბანაკებში. არა გირჩის ბანაკებში, ზურა-გირჩის და არა თქვენს ბანაკებში და აი ამ ანტიეროვნულ ბანაკებში, არამედ რეალურად ჩვენი ქვეყნის საამაყო ჯარის ბანაკებში. ეს დაწყებულია ამას გავაფართოებთ, განათლების სისტემაში ამ თემის ინტეგრირება ხდება აქტიურად, აუცილებელია უფრო მეტი დრო დაეთმოს სკოლაში სამხედრო განათლებას და ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძალიან მალე შეცვლის და მოგვცემს კონკრეტულ შედეგებს. გაწვევა მოხდება მხოლოდ თავდაცვის სისტემაში აღარ იქნება მანამდე სალაპარაკო, აღარ ექნებათ ჩვენს ოპონენტებს, რომ მოგეხსენებათ როგორი კრიტიკა იყო მათი მხრიდან, რომ თითქოს ყარაულებად ვზრდით ჩვენს ახალგაზრდებს და ვიმეტებთ და ა.შ. ეს აღარ განმეორდება, ეს დასრულდება, ყველა სხვა უწყება, ძალოვანი უწყებები აიყვანენ საკონტრაქტო ხელშეკრულებით, აიყვანენ თანამშრომლებს და წვევამდელებს გავიწვევთ მხოლოდ ჯარში, თავდაცვის უწყებაში.
ეს არის ძალიან მნიშვნელობანი წინ გადადგმული ნაბიჯი. ასევე იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ ორი წლის წინ ჩვენ ავაშენეთ „ჯარის ქალაქი“, 1000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს ახლა სექტემბერში გვინდა, რომ გადავცეთ უკვე ბინები, 1000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს ბინას მახათაზე „ჯარის ქალაქში“ და რაც მთავარია კოდექსით გაიწერა, საკანონმდებლო დონეზე გაიწერა, რომ ეს პროცესი არ იქნება ერთჯერადი ანუ ეს პროექტი იქნება განგრძობადი და ჩვენ ყოველ 2 თუ 3 წელიწადში დავიწყებთ ანალოგიურ პროექტს. ჩვენს ჯარს სჭირდება უფრო მეტი დაფასება, უფრო მეტი დახმარება და ეს უნდა იყოს ჩვენი ვალდებულება ისევე როგორც პოლიციისთვის, ჩვენს საამაყო პოლიციას მინდა მადლობა ვუთხრა და აქვე მინდა გავიხსენო როგორ იქცეოდნენ ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედი მტრული ძალები, ეს არის შიდა მტრების მიერ დაგეგმილი ქმედებები.
რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა. აქაც 1000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს „პოლიციის ქალაქში“ ბინას. აქაც გვიდა, რომ ეს არ იყოს ერთჯერადი აქცია, არამედ, ეს უნდა იყოს განგრძობადი და ჩვენს პოლიციელებს უნდა ჰქონდეთ სტაბილურობის განცდა, სოციალური გარანტიები და ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პოლიციელების დაფასებას და გაძლიერებას. 1200-ზე მეტი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალება გადავეცით პოლიციას, შეიძინა სამინისტრომ ბოლო 2 წელიწადში. აქტიურად მიმდინარეობს მათი ბაზების, პოლიციის შენობების განახლება. ასევე, სამი ახალი ვერტმფრენის შესყიდვაზე გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომელიც ეტაპობრივად ჩამოვა. სამაშველო ვერტმფრენებზეა საუბარი, ევროპული ტიპის ეარბასის ვერტმფრენებზეა საუბარი. პოლიციელებზე ზრუნვა იყო, არის და იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.
ხელფასები ჯარში და პოლიციაში 30-40%-ით არის გაზრდილი უკვე ბოლო ორ წელიწადში, იანვარში კიდევ გაიზრდება 10%-ით და ჯამში 40-50%-იანი ზრდა გამოვა სულ რაღაც 3 წელიწადში, ჩვენი ძალოვანი უწყებების თანამშრომლებისთვის, ისევე, როგორც სხვა საჯარო მოხელეებისთვის გახსოვთ, რომ დავიწყეთ ხელფასების 10%-იანი მატება. ახლა, იანვარშიც რომ მოვუმატებთ, ხელფასების 30%-იანი მატება გამოდის.
რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს. აქაც მინდა და რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლი, პარალელი რომ არ გავავლო წინა ხელისუფლებასთან. მოგეხსენებათ, წარსულს ჩავაბარეთ პატიმრების წამება, დამცირება, გაუპატიურება, მკვლელობები. დღეს ერთ-ერთი სანიმუშო, სამაგალითო გახდა პენიტენციური დაწესებულება მთელი ევროპის მასშტაბით, შეიძლება ითქვას. ყველა არის გაოცებული, განცვიფრებული ამ სისტემაში მიღწეული შედეგებით. პატიმრების რაოდენობა შემცირებული არის თითქმის 9 000-მდე, მათ დროს იყო 25 000 და 27 000 თუ არ ვცდები. 20 კვადრატულში 20 და 30 პატიმარი ჰყავდათ გამოკეტილი, გამომწყვდეული აი ამ ჰუმანურ, პროევროპულ ძალებს. თქვენ წარმოგიდგენიათ, რა ძალა გველაპარაკება?! ეს არის ნეოფაშისტური ძალა, ჩვეულებრივი. იგივე მეთოდები ჰქონდათ, რაც ჰქონდათ ფაშისტებს და ბოლშევიკებს, პატიმრების წამების, დასჯის, დამცირების, იგივე, აბსოლუტურად იდენტური. არაფრით განსხვავდებოდა მათი მეთოდები ციხეებში. ეს ძალა ელაპარაკება დღეს ხალხს ევროპულ მომავალზე. რამხელა ცინიზმია. თუ მაგალითად მათ დროს პატიმრებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ცემით კლავდნენ, დღეს რატი ბრეგაძემ შექმნა ციფრული უნივერსიტეტი პატიმრებისთვის. გაუხსნა იუსტიციის სახლი, მიმდინარეობს ციხეების კეთილმოწყობა, გარემონტება, ჰუმანური გარემოა შექმნილი ყველა მიმართულებით. მათი ერთ-ერთი ლიდერიც, რომელიც გამოვიდა ციხიდან, ამაზე საუბრობდა გუშინ, თუ არ ვცდები. ჩვენ ბოლო 10 წელიწადში რადიკალური ცვლილებები შევიტანეთ პენიტენციურ დაწესებულებაში.
ასევე, მინდა ვთქვა, რომ 13-ვე პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარეობს მუდმივი განახლება, სამუშაოები. ასევე, დაბა ლაითურში დასრულდა 700 მსჯავრდებულზე გათვლილი კიდევ ერთი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა; რუსთავში დაიწყო ახალი, მცირე ზომის დაწესებულების მშენებლობა. ასე რომ, ჩვენ გვაქვს რეალური პროგრესი ამ მიმართულებით. რაც მთავარია, უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის, მე მინდა კიდევ ერთი არგუმენტი და ფაქტი მოგიყვანოთ. აი ამ რეფორმების ეფექტიანობაზე, ეფექტიანობის ყველაზე მკაფიო მაჩვენებელი, ძვირფასო დეპუტატებო, არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკა, რომელსაც ვერავინ ვერ გააყალბებს და შეუძლებელია ამით მანიპულირება. ამ სტატისტიკის მიხედვით, სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს პენიტენციური სისტემიდან ერთი საქმეც კი არ მიუღია წარმოებაში 2012 წლის შემდეგ. არც ერთი საქმე არ მიუღია წარმოებაში. 2012-მდე საშინელება ხდებოდა, ჯოჯოხეთი იყო მოწყობილი, ჯოჯოხეთი პირდაპირ. ეს ადამიანები ჩადიან ევროპაში, თავიანთ მოსყიდულ ლობისტებთან ერთად, არნახულ კამპანიას ეწევიან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად. თან ასეთ ვითარებაში, როცა ჩვენ ვიმყოფებით ისტორიულ, მე ვიტყოდი ძალიან დიდი ცვლილების, ტრანსფორმაციის ეპოქაში.
ასეთ დროს, თუ ვინმე აკეთებს ანტიქართულ საქმეს, ეს არის ჩვენი განადგურებული ოპოზიცია. კიდევ ვიმეორებ, ეს არის თქვენი სახე, თქვენს ქმედებაში არის გამოხატული თითოეული ანტიქართული ქმედება.
ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც დასრულდება 2024 წლის ბოლოს. ეს არის მიწის სისტემური რეგისტრაცია, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აქაც შეიქმნა 1000-მდე ახალი სამუშაო ადგილი, დავატრენინგეთ ახალგაზრდები და ძალიან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.
მობილური იუსტიციის სახლის 470-ზე მეტი სერვისი უკვე მთელ საქართველოს ფარავს. ასევე ძალიან მალე იქნება დასრულებული შესაბამისი აპლიკაცია, რათა ყველა ეს სერვისი მოქალაქეებმა მიიღონ ონლაინ. ასევე ვმუშაობთ ახალი ეროვნული პასპორტების განახლებაზე. ჩვენი სურვილია, რომ 2024 წელს გვქონდეს ახალი, თანამედროვე ევროპული სტანდარტების პასპორტი, არსებული უკვე არის მოძველებული.
შერიგების პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში- კარგად მოგეხსენებათ ჩვენი მრავალწლიანი, სტაბილური პოლიტიკა. ჩვენ მივყვებით ჩვენს მიერ არჩეულ კურსს, ეს არის ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დეოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ჩვენი ქვეყნის გაერთიანება არის ის მთავარი უზენაესი იდეა და მიზანი, რომლის გარშემოც ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ. ამაზე მეტი საფიქრალი დღეს ქვეყანაში არცერთ ჯანსაღად მოაზროვნე მოქალაქეს არ აქვს გარდა ამ დესტრუქციული, უპასუხისმგებლო ოპოზიციისა. მე მინდა ასევე ძალიან მოკლედ ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებთ ამ მიმართულებით, ვეხმარებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, თუმცა ძალიან ბევრი პროგრამის აფიშირება არ ხდება მიზანმიმართულად. არ გვინდა, რომ ეს იყოს ერთგვარი დამაბრკოლებელი ბარიერი ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათ რაღაც პრობლემები შეექმნათ ადგილზე. ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ და კიდევ უფრო გავაფართოებთ ამ მასშტაბებს.
რაც შეეხება განათლებას. ზოგადად განათლებაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რჩება სასწავლო პროგრამები, განათლების ხარისხი. ამ მიმართულებით ჩვენი ახალი მინისტრი ძალიან აქტიურად არის ჩართული, ძალიან კარგი ინიციატივები აქვს დამუშავებული, ძალიან მალე წარმოგიდგენთ მის ახალ ხედვას, იგივე მასწავლებლებთან დამოკიდებულებაში მას ძალიან კარგი ხედვა აქვს, უფრო მეტად უნდა დაფასდნენ ჩვენი მასწავლებლები. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩემი ინიციატივით შარშან დავიწყეთ მასშტაბური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 800-მდე სკოლის სრულ რეაბილიტაციას ევროპული სტანდარტების მიხედვით, 1000-ზე მეტი ბაღის რეაბილიტაციას. უკვე დაწყებულია სამუშაოები, დაკონტრაქტებულია 400-მდე სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა და პირველ 100 ბაღზე მიმდინარეობს სამუშაოები. მას შემდეგ, რაც მოვედით ხელისუფლებაში, აშენდა 174 ახალი საჯარო სკოლა, ნაწილობრივ რეაბილიტირდა – 1800, ხოლო სრულად – 250. ამ პროგრამის დასრულების შემდეგ გვექნება ყველა სკოლა პრაქტიკულად ერთი სტანდარტის მიხედვით რეაბილიტირებული, ძალიან ბევრი აშენებული ახალი სკოლა და გაიმართება მთლიანად საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა. ასევე ბაღებზეც, ბაღებში ძალიან დიდი პრობლემები არის. 1000 ბაღი შემთხვევით არ მითქვამს. რეგიონებში არის კრიტიკული მდგომარეობა. ამ თემებზეა სასაუბრო და ამ თემებზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ჩვენს მთავრობაში.
რაც შეეხება უმაღლესი განათლების მიმართულებით, სერიოზული წინსვლა გვაქვს და ახალ რეფორმასაც ძალიან მალე წარმოგიდგენთ. აუცილებელია უფრო მეტად გამკაცრდეს ზოგადად და დავიწყოთ ჩვენ ავტორიზაციის პროცესი. ძალიან ბევრი უმაღლესი სასწავლებელი იქმნება ისე, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ ელემენტარულ სტანდარტებს. ამ დროს ჩვენ გვინდა, რომ სასწავლებელში ჩვენმა მოქალაქეებმა მიღონ შესაბამისი, შესაფერისი განათლება. ეს არის მიუღწეველი, თუ ჩვენ არ გავამკაცრეთ ამ მიმართულებით მონიტორინგი და კონტროლი. ამაზე მინისტრს აქვს კარგი ხედვები და ძალიან მალე ამ მიმართულებით გვექნება კონკრეტული პროგრესი. პროფესიული განათლება იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. განათლების მინისტრმა დაიწყო ეკონომიკის მინისტრთან ერთად აქტიური მუშაობა. ბევრი რამ შესაცვლელია, მაგალითად ზოგიერთ პროფესიულ სასწავლებლებში ისეთი საგნები ისწავლება, რომელიც საერთოდ გაუგებარია რატომ უნდა ისწავლებოდეს, ოფისის მენეჯერის მაგალითად კურსები რატომ უნდა არსებობდეს, ან სხვა ბიზნესის მცირე ვადიანი კურსები. ამ ყველაფერს სჭირდება გადახალისება, გადააზრება. რაც მთავარია, მინდა გითხრათ, რომ ახალი მინისტრი მუშაობს აქტიურად ზოგადად სასწავლო პროგრამების გადახედვაზე. აუცილებელია, შესაფერისი სასწავლო პროგრამები უნდა შეიქმნას და ამ მიმართულებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. თუ არ ვცდები, წლის ბოლომდე, მინისტრს აქვს დაგეგმილი, რომ მოხდეს სრული აუდიტი, ზოგადად ჩვენი სასწავლო პროგრამების, მათ შორის, სახელმძღვანელოების. უნდა ვიცოდეთ, სწორად ვაკონტროლოთ და სწორად შედგენილი სასწავლო პროგრამები უნდა მიეწოდოს ჩვენს ახალგაზრდა თაობას. ასევე ბოლოს მინდა გითხრათ, რომ კულტურის მიმართულებით შარშან გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი წელი. წელსაც, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ევროპალიას ვმასპინძლობთ, მასპინძელი ქვეყანა ვიქნებით. მე ვიყავი რამდენიმე კვირის წინ ბრიუსელში ჩასული, სადაც ვიზეიმეთ ერთად, გავხსენით, დავიწყეთ ამის, ასე ვთქვათ სტარტი მიეცა ამ მნიშვნელოვან ფესტივალს. ევროპალიაზე ჩვენი ქვეყანა წარსდგება ღირსეულად, წარმოვაჩენთ ჩვენს მრავალსაუკუნოვან უწყვეტ კულტურას. ასევე მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, სხვა ღონისძიებები, რომლებიც ჩატარდა საქართველოში. მე მინდა გამოვყო სპორტის მიმართულებით მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში, რომელიც საკმაოდ დიდი წარმატებით ჩატარდა. ჩვენ თითქმის 300 მილიონ ლარამდე დავხარჯეთ, სრულად განახლდა, მოეწყო ახალი ინფრასტრუქტურა, მათ შორის, გათოვლიანების სისტემას, 6 ახალი ტრასა, 30 კილომეტრის მანძილზე დამონტაჟდა ეს გათოვლიანების სისტემა. და 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. რაც კარგია და სასიხარულოა, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ, ჩასვა ჩვენი ქვეყანა თავისი წლის კალენდარში, ანუ ჩვენთან მუდმივად, ყოველ წელს იქნება სხვადასხვა შეჯიბრებები, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რაც მთავარია, შედეგზე გათვლილი, ორიენტირებული ინვესტიცია აღმოჩნდა.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საამაყოდ ვმასპინძლობთ 21 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატს. მე კიდევ ერთხელ, ამ ტრიბუნიდან მინდა მივულოცო ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს, ნიჭიერ, საამაყო სპორტსმენებს, დიდი გამარჯვებები და შაბათს ვუსურვო მორიგი გამარჯვება. ამ მიმართულებით ჩვენ სრულად განვაახლეთ სტადიონები, მესხის სახელობის, ასევე ქუთაისში, დინამოს სტადიონი განახლდა, 100 მილიონი ლარი დაიხარჯა. ვფიქრობ რომ ესეც შედეგზე გათვლილი, გრძელვადიანი ინვესტიცია იქნება. და ბოლოს მინდა კულტურის მიმართულებით აღვნიშნო, რომ ჩვენ დავიწყეთ კამპანია Starring Georgia – ამის თაობაზე გახსოვთ რომ თავიდან იყო, რომ გარკვეული კრიტიკა გამოითქვა, რომ რატომ აკეთებენ, მაშინ როცა თვითონ აკეთებდნენ გაუაზრებელ კონცერტებს. ჩვენ დავიწყეთ შემდეგნაირად: „ბლექ სი არენამ“ დაიწყო მასშტაბური ორწლიანი კამპანია, ამისთვის ჩვენი სავარაუდო ბიუჯეტი არის 70 მილიონი ლარი, მაგრამ აქვე მინდა ახლა ჩაშლილად მოგახსენოთ: წელს დაახლოებით 28-მილიონ ლარამდე დაიხარჯება, ამ ღონისძიებებზე ველოდებით 100 000-მდე სტუმარს, ბილეთები მინდა აღვნიშნო, რომ რეკორდული სისწრაფით გაიყიდა და აქაც ჩანს, რომ ეს სწორი პროგრამა იყო და არსებობს საზოგადოებაში ამაზე კონსენსუსი და პოზიტიური მოლოდინები არსებობს. შემოსავლები რაც მიღებულია, დღეის მდგომარეობით, 17 მილიონი ლარი არის მიღებული შემოსავლების სახით, ამას გარდა 4.5 მილიონი ლარი არის სპონსორობით მიღებული შემოსავლები და წლის ბოლომდე ველოდებით 150 მილიონი ლარის ფარგლებში შემოსავალს.
ეს იყო კონკრეტული, კარგად გააზრებული, გათვლილი პროგრამა. ამას ჩვენ გავაგრძელებთ, ჩვენს ახალგაზრდებს და არამხოლოდ ახალგაზრდებს, ყველას შევთავაზებთ ძალიან ბევრ სიურპრიზს, მათ შორის 2024-შიც და საქართველო უნდა გახდეს მუდმივად აი ასეთი დონის, საერთაშორისო დონის სპორტის, კულტურის ღონისძიებების, შეკრების ადგილი. ჩვენ გვაქვს ამისთვის ყველაფერი, ყველა პირობა, რომ ვუმასპინძლოთ საერთაშორისო დონის ღონისძიებებს.
აი ეს გახლავთ ყველა ის ძირითადი მიღწევები, ამის თაობაზე თქვენ გამოგეგზავნათ დეტალური ანგარიში. მინდა შევაჯამო ერთგვარად ჩვენი მუშაობა. ჩვენს წარმატებაზე მეტყველებს, ძვირფასო მეგობრებო, ორიოდე დღის წინ, მაგალითად ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრ გლობალური გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებული 23 წლის ანგარიში, რომელიც მთელ მსოფლიოში მთავრობის გამჭვირვალობის ამჟამინდელ მდგომარეობას აფასებს. გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით საქართველო მკვეთრად, 54-დან მე-17 ადგილზე დაწინაურდა. მსოფლიოში მთავრობის გამჭვირვალობის მიხედვით მე-17 ადგილზე არის ჩვენი ქვეყანა. ამ ინდექსის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, რა თქმა უნდა, ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციებს, რეიტინგში ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ 15 ქვეყანას და დიდი შვიდეულის წევრ 4 სახელმწიფოს. ასევე, გეტყვით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ვინარჩუნებთ ისეთ მნიშვნელოვან რეიტინგებში ლიდერის პოზიციას , როგორიც არის კანონის უზენაესობის ინდექსი. ჩვენ ვართ რეგიონში, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე. ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით ჩვენი ქვეყანა არის პირველ ადგილზე მსოფლიოში. პირველ ადგილზე არის ჩვენი ქვეყანა ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით მსოფლიოში. ეს არის ის შედეგები, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ამაყად, თამამად ვისაუბროთ და ჩავაბაროთ ანგარიში ჩვენს ხალხს. კიდევ ერთხელ, მადლობა პარლამენტს, ჩვენს გუნდს, ჩვენს მთავრობას, ყველას, ვინც მნიშვნელოვანი სამუშაო გაწია ამ ერთი წლის განმავლობაში”-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.