დღეს ხელი მოეწერება მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყანა მიიღებს შეღავათიანი პირობებით 85 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას, პანდემიით დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროექტი ითვალისწინებს სწრაფი გადახდების ახალი, ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც საწარმოებისთვის ფულად სახსრებზე ხელმისაწვდომობისთვის იქნება ძალიან კარგი, ეფექტური საშუალება, რასაც ეროვნული ბანკი განახორციელებს.
„აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერის შეთანხმება მიღწეული იქნა ფინანსთა სამინისტროს, უშუალოდ მინისტრის ჩართულობით და წარმატებული მოლაპარაკების შედეგად. მსოფლიო ბანკმა გადაწყვეტილება მიიღო 11 მაისს. ასევე, ეკონომიკის მინისტრი იყო აქტიურად ჩართული, ქალბატონი ნათია თურნავა.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, ამ პროცესში, ჩვენი დონორებისგან მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება პანდემიით დაზარალებული საწარმოების დასახმარებლად. მე მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს, უშუალოდ რეგიონულ დირექტორს, აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისთვის.
აღნიშნული პროექტის ზედამხედველობას განახორციელებს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში”.
ჩვენთვის, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და რა თქმა უნდა, დამატებით სხვა მასტიმულირებელ მექანიზმებს შევიმუშავებთ და წარმოგიდგენთ უახლოეს მომავალში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
„ბევრი ჩივილი გვესმის იმასთან დაკავშირებით, რომ კომენდანტის საათი არის შემაწუხებელი. ჩვენ ამის თაობაზე ვიმსჯელებთ, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, იმის მიხედვით, თუ როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროსგან”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და განაცხადა, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად, ტურისტების ნაკადიც იზრდება საქართველოში და მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ადეკვატურად უპასუხოს ტურისტების შემოდინებას ქვეყანაში.
„რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას, ჩვენ მთავრობის სხდომის შემდეგ გვექნება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას, სამინისტრო, სისტემა ეფექტურად, ყურადღებით მართავს მდგომარეობას. მოგეხსენებათ, ზაფხულის დადგომასთან ერთად, ტურისტების ნაკადიც იზრდება საქართველოში და მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ადეკვატურად უპასუხოს ტურისტების შემოდინებას ქვეყანაში. ბევრი ჩივილი გვესმის იმასთან დაკავშირებით, რომ კომენდანტის საათი არის შემაწუხებელი. ჩვენ ამის თაობაზე ვიმსჯელებთ, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, იმის მიხედვით, თუ როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროსგან”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა მოლაპარაკებებზე ვაქცინებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საუბარია „ფაიზერის” დამატებითი ვაქცინების შემოტანაზე ზაფხულში, დაახლოებით, ივნის-ივლისის თვეში.
„ვაქცინების თაობაზე ჩვენ საკმაოდ ეფექტიანად, წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. უშუალოდ მწარმოებლებთან. ერთი არის კოვაქსის პლატფორმა, საიდანაც ჩვენ უკვე დავიწყეთ მიღება ვაქცინების. მეორე არის უშუალოდ, მწარმოებლებისგან მიღებული ვაქცინები. ამის თაობაზე დეტალურად, რამდენიმე დღეში გვექნება საშუალება, რომ ქალბატონ მინისტრთან ერთად, დეტალური ინფორმაციით წარვდგეთ საზოგადოების წინაშე. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, საუბარია „ფაიზერის” დამატებითი ვაქცინების შემოტანაზე ზაფხულში, ივნის-ივლისის თვეში დაახლოებით. ჩვენ მილიონ დოზაზე გვაქვს მოლაპარაკება. მეც უშუალოდ ვიყავი ჩართული, „ფაიზერის” პრეზიდენტთან მქონდა არაერთი სატელეფონო ზარი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები „სინოფარმის” და “სინოვაკის” ქარხნებთან, დამატებითი დოზების მოწოდებასთან დაკავშირებით. ასევე „მოდერნასთან”, „ნოვოვაქსის” ახალი ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით.
„გვაქვს მოლაპარაკება ჩინური „სინოფარმის” და “სინოვაკის” ქარხნებთან უშუალოდ მოლაპარაკებები, დამატებითი დოზების მოწოდებასთან დაკავშირებით. ასევე „მოდერნასთან”, „ნოვოვაქსის” ახალი ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით. ასე, რომ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. უკვე მოწერილია ხელშეკრულებები და უახლოესი თვეების განმავლობაში დამატებით დოზებს მივიღებთ, ასე რომ არ იქნება შეფერხება ვაქცინაციის პროცესში”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა „განახლებული რეგიონების” პროექტზე და ხაზი გაუსვა, რომ ის წარმატებით მიმდინარეობს.
„ჩვენს მიერ დაანონსებული მასშტაბური სამუშაოები, „განახლებული რეგიონების” პროექტი წარმატებით მიმდინარეობს.
მე მინდა ბატონ ირაკლი ქარსელაძეს ვთხოვო, რომ მოსახლეობისთვის გააკეთოს ერთგვარი შუალედური ანგარიში და გვითხრას, თუ რა ეტაპზე ვართ, როგორ მიმდინარეობს აღნიშნული პროცესი.
ჩვენ, ბოლო დღეების განმავლობაში, მოვისმინეთ არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით. ამიტომ, მე მინდა გთხოვოთ, რომ ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
დღევანდელ სხდომაზე, მთავრობის წევრებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილეს.