„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მეორე სამუშაო დღე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მინისტრმა თავის გამოსვლაში რამდენიმე ძირითადი აქცენტი გააკეთა. მათ შორის ისაუბრა ქვეყნებს შორის თანამშრომლობასა და ერთობლივი, ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ ეკონომიკას. ვიცე-პრემიერის თქმით, ყველა ქვეყანა ცდილობს განავითაროს ხელსაყრელი, პროგნოზირებადი, ბიზნესისთვის კეთილგანწყობილი ეკონომიკა და საქართველოც სწორედ ამ გზას მიყვება. დროთა განმავლობაში ქვეყანა გახდა სტაბილური, უსაფრთხო, სანდო და მიმზიდველი პარტნიორი, მათ შორის უცხოელი ინვესტორებისთვის. ეკონომიკის მინისტრმა დღეს ფორუმის დელეგატებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნის პროცესში გადადგმული ნაბიჯების და მიმდინარე რეფორმების შესახებ.
„ჩვენი დადებითი ეკონომიკური ტრაექტორია – ეს არის კარგად შემუშავებული მაკრო-ეკონომიკური პოლიტიკის მთელი რიგი სტრატეგიული რეფორმების და ჩვენი ამბიციების შედეგი. ჩვენ გვსურს უზრუნველვყოთ წვდომა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, ავამაღლოთ ენერგეტიკული უსაფრთხოება და დავამყაროთ უფრო მეტი კავშირი ევროკავშირთან. სწორედ ამ დღის წესრიგის გათვალისწინებით, საქართველო – ეს არის ადგილი ინვესტიციებისთვის, სადაც დაბალი ხარჯები თანხვედრაშია შემცირებულ რისკებთან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.