საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საარჩევნო რეფორმას ეხება, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ამბიციური საარჩევნო რეფორმა „ქართული ოცნების“ მიერ აღებული ვალდებულებაა, გარდა ამისა, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად პარტია „მოქალაქეებთან“ გაფორმებული მემორანდუმის და, ასევე, შარლ მიშელის მიერ შემუშავებული დოკუმენტის ნაწილია.
„ჩვენი გუნდი ვრჩებით ერთგული ამ დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულების და ვასრულებთ ყველა იმ პირობას, რომელიც ავიღეთ. ამის დამადასტურებელი არის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით დღევანდელი კომიტეტის სხდომა და ის დოკუმენტი, რომელიც არის წარმოდგენილი თქვენს წინაშე. ინიცირებული იყო დოკუმენტი, რომელიც პარტია „მოქალაქეებს“ და „ქართულ ოცნებას“ შორის გაფორმდა და რომელიც ღია იყო ყველასთვის ხელმოსაწერად. შალვა პაპუაშვილის და ლევან იოსელიანის თავმჯდომარეობით, მაქსიმალური ჩართულობით, ხანგრძლივად მიმდინარეობდა დისკუსიები და კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან. ბევრ თქვენგანთან ერთად მეც ვიყავი ამ პროცესების მონაწილე და აქტიურად განვიხილავდით მთელ რიგ საკითხებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საკანონმდებლო პაკეტი სხდომაზე ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა, შალვა პაპუაშვილმა წარმოადგინა. მისი თქმით, საკანონმდებლო პაკეტი სამი ნაწილისგან შედგება, პირველი თვითონ საარჩევნო კოდექსს შეეხება, ხოლო დანარჩენი ორიდან ერთი არის ტექნიკური ცვლილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, ხოლო მეორე საარჩევნო კოდექსის ცვლილებაში ტექნიკური ცვლილების შეტანა.
„წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საქართველოს საარჩევნო კოდექსში აისახოს ნორმები, რომლითაც აღმოიფხვრება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გამოვლენილი ცალკეული ხარვეზები. კანონპროექტი ასახავს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების საკითხებზე და უპასუხებს პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმებული მემორანდუმის სულისკვეთებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, 14 სარეფორმო პუნქტიდან 7 სამუშაო ჯგუფში და ინტერპარტიულ ჯგუფში მუშაობისას, სიახლის სახით შემოვიდა და ისინი არ იყო არც მემორანდუმსა და 19 აპრილის შეთანხმებაში. პროექტის წარდგენისას, მან ისაუბრა 5 ძირითადი მიმართულებით: საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაცია, წინასაარჩევნო კამპანია, არჩევნების პროცესი და მისი შეჯამება, საარჩევნო დავები. თითოეული მიმართულებით მან კანონპროექტის სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება.
„საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით განსაკუთრებული სიახლე უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. კერძოდ, არსებულ მდგომარეობასთან შედარებით უფრო მეტად პროპორციული იქნება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. თვითმმართველ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში ფოთსა და ბათუმში თანაფარდობა საკრებულოს წევრებისა იქნება ოთხი ერთზე, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა იქნება ორი ერთზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს ცესკოს წევრთა რაოდენობის, შემადგენლობის და მათი არჩევის წესის, პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესის ცვლილებას. მისივე ინფორმაციით, კანონპროექტით შემოთავაზებულია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახალი წესი. მომხსენებლის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია შერეული სახის იქნება სამივე დონეზე, 8 პროფესიული და 9 პარტიების მხრიდან დანიშნული წევრით.
„ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის მიერ არჩეულ ცესკოს წევრთაგან საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს ცესკო სიითი შემადგენლობის ორი მესამედით, ფარული კენჭისყრით, ან საქართველოს პარლამენტი, ამ მუხლით დადგენილი წესის გათვალისწინებით. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ცესკოში მისი წევრობის ვადით. საქართველოს პრეზიდენტი ამ მუხლით დადგენილი წესით შეარჩევს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ცესკოს 8 წევრის კანდიდატურას. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრების უფლებამოსილების ვადა 5 წელი იქნება“, – განაცხადა მომხსენებელმა.
“კანონპროექტი, ასევე, ითვალისწინებს საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნის წესის, კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა არჩევისა/დანიშვნისა და უფლებამოსილებების ცვლილებებს.„ცესკოში 2 ვაკანსია წარმოიქმნება და საჭირო იქნება შერჩევა, რისთვისაც დაბლოკვის საწინააღმდეგო სპეციალური წესი არის გაწერილი,“ – აღნიშნა, შალვა პაპუაშვილმა.
მისივე განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა წრის შეზღუდვას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ამკრძალავ ახალ წესს.
„კანონპროექტში საუბარია კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხების აკრძალვაზე. დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. დაუშვებელია, ასევე, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, იცვლება როგორც კენჭისყრის და არჩევნების შედეგების შეჯამების, ასევე, კანონით განსაზღვრული გასაჩივრების წესი და ვადები. შემოთავაზებულია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობის განსაზღვრის ახალი წესი.
„გათვალისწინებულია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით თითო ოლქში 5 უბნის გადათვლა. იმის გათვალისწინებით, რომ 73 ოლქი გვაქვს, საბოლოო ჯამში, გამოდის 365 უბანი, რაც არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არსებული უბნების 10%. ეს ნიშნავს, რომ უბნების 10% გადაითვლება ხელახლა, რაც უდრის არჩევნების სრულად გადათვლას“, – აღნიშნა მომხსენებელმა.
მისივე ინფორმაციით, კანონპროექტი უკვე გაგზავნილია ვენეციის კომისიაში, რომელიც შესაბამის დასკვნას მოამზადებს.და საქართველოს პარლამენტი მისი დასკვნის მოლოდინშია. დეპუტატებმა კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს. ოპოზიციის წარმომადგენლის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ამ ცვლილებებს რეალურად შეუძლია გამოასწოროს მდგომარეობა ქვეყანაში არჩევნების თვალსაზრისით. საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა განსხვავებული მოსაზრება გამოთქვეს რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. მომხსენებელმა კომიტეტების წევრთა, ასევე, სხდომაზე მოწვეულ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა.
„დღევანდელ სხდომაზე ჩვენ საკმაოდ ინტენსიურად და დეტალურად განვიხილეთ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი, მიუხედევად იმისა, რომ ეს საკითხები განხილული იყო კონკრეტული სამუშაო ჯგუფის მიერ. მოგიწოდებთ ყველა კოლეგას მხარდაჭერისკენ, თუკი ვრჩებით შარლ მიშელის ჩართულობით შემუშავებული დოკუმენტის ერთგული. ეს იქნება ასევე ერთგულება ნაკისრი ვალდებულებისადმი, ევროპული დოკუმენტისადმი, რასაც ყველამ მოვაწერეთ ხელი. თუ ეს ასე არ იქნება, გვიჩნდება ეჭვი, რომ ამით ხელი ეშლება შეთანხმების აღსრულებას, თუმცა, ყველა პოლიტიკური პარტია იღებს ამაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და მე საერთაშორისო პარტნიორებსაც მოვუწოდებ, რომ თვალი მიადევნონ კომიტეტების სხდომების შემდგომ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ შეთანხმებასთან მიმართებაში ვინ აფიქსირებს მხარდაჭერას, ვინაიდან ეს უნდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამაც და ჩვენმა პარტნიორებმაც. ჩვენ უნდა შევძლოთ ამ შეთანხმების შესრულება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.