საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა:
“მოგესალმებით, ძვირფასო დიასპორელები, ჩვენო თანამემამულენო, მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარეს, მეუფე ანდრიას, პარლამენტის წევრებს, მთავრობის წევრებს და ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ. მე, რა თქმა უნდა, ქალბატონ პრეზიდენტს არ ვუპასუხებ ამ ტრიბუნიდან, მინდა მას წარმატებული დღე ვუსურვო. ერთი რამ მინდა ვთქვა, – ჩვენ გვაქვს საზეიმო განწყობა, ჩვენ გუშინ განსაკუთრებულად აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მე, როგორც რიგით მოქალაქეს, ყოველთვის ასე მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, რომ ჩვენ ამ დღეს, მინიმუმ ამ დღეს, ვერთიანდებით და ეს დღე უნდა იყოს ურთიერთპატივისცემის, სიყვარულის გამოხატულების დღე, და ეს უნდა იყოს გამაერთიანებელი დღე. ეს იქნებოდა ჩემი პასუხი, რაც შეეხება პროტოკოლის წესებს, მთავრობას ჰყავს ძალიან კვალიფიციური პროტოკოლის სამსახურის უფროსი, ბატონი დავით ზანთარაია, მინდა, მას მადლობა გადავუხადო და ასევე ბატონი ილია დარჩიაშვილის უწყების ყველა თანამშრომელს მინდა მადლობა გადავუხადო, საკონსულოების წარმომადგენლებს, საკონსულოების ხელმძღვანელებს, ყველას, მინდა მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება დიასპორის საკითხებს, მეგობრებო, ჩვენმა ხელისუფლებამ, რამდენიმე წლის წინ, ჩვენივე ინიციატივით კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ დიასპორაზე ზრუნვა არის ხელისუფლების ვალდებულება. ამით ჩვენ ვაღიარეთ პირდაპირი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ძალიან უხერხული და შეურაცხმყოფელია ყოველგვარი საუბარი იმაზე, არათუ რომელ ქვეყანაში რამდენი დიასპორის წარმომადგენელი ცხოვრობს, ეს არის შეურაცხმყოფელი. შეურაცხმყოფელია ჩემთვის, რომ ვუწოდო ჩვენს დიასპორას ნახევრად რუსი, ნახევრად ქართველი, და ასევე შეურაცხმყოფელი იქნებოდა ალბათ ქალბატონი პრეზიდენტისთვის, რომ მისთვის ეწოდებინა ვინმეს ნახევრად ფრანგი, როდესაც იგი ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტად, ალბათ დამეთანხმებით. ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ მინიმუმ ერთი წარმომადგენელი დიასპორის პარლამენტში მოვახვედროთ. არათუ პარლამენტში, ჩვენ ფრანგული დიასპორის წარმომადგენელი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დავნიშნეთ, ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტად. აქედან გამომდინარე, მე მინდა კიდევ ერთხელ ვუსურვო ყველას მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და გაერთიანება. გუშინ ჩემს გამოსვლაში, ჩემო ძვირფასებო, ჩამოვაყალიბე, ჩემი აზრით, ის ძირითადი მიზანი და ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ. ეს არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ჩვენი ქვეყნის გაერთიანების გარეშე ჩვენი ქვეყანა ვერ იქნება ისეთი, როგორიც გვინდა რომ იყოს, როგორიც წარმოგვიდგენია, – ერთიანი, ძლიერი, განვითარებული, ევროპული ტიპის სახელმწიფო. რას აკეთებს ხელისუფლება ბოლო ამ 10 წლის განმავლობაში. ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენო ძვირფასო თანამოქალაქენო, გააკეთა მაქსიმუმი იმისთვის, რომ ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობიანი პერიოდი. ეს არის უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი, უწყვეტი სტაბილური პერიოდი, რომელიც სამწუხაროდ, საუბედუროდ, ჩვენ არ გვქონია მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, – გვქონდა სამოქალაქო ომები, გვქონდა ომი აფხაზეთში, ოსეთში, დავკარგეთ დროებით ტერიტორიული კონტროლი ჩვენს ძირძველ ისტორიულ ტერიტორიებზე და ბოლოს ისიც მოვახერხეთ, რომ მსოფლიოში ნომერ პირველ ბირთვულ სახელმწიფოსთან პირდაპირ შევედით, ასე ვთქვათ, ვერ ავირიდეთ მათგან წამოსული პროვოკაციები და გვქონდა პირდაპირი ომი. ახლა მინდა კიდევ ერთხელ გავახსენო, მათ შორის, ჩვენს ოპონენტებს, ბოლო ამ 30 წელიწადს ჩვენ თუ გადავხედავთ, ყველა მმართველობის დროს ქვეყანაში იყო დესტაბილიზაცია, კონფლიქტები, ომები და ტერიტორიების დაკარგვა. გადახედეთ ჩვენ მიერ მართულ პერიოდს, მას შემდეგ, რაც მოვიდა ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, საქართველოს არ დაუკარგავს არც ერთი გოჯი მიწა, საქართველოს არ ჰქონია არც ომი, არც კონფლიქტი, არც არავითარი რაიმე დაძაბულობა. ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, განმტკიცება და სტაბილურობის შექმნა, რაც მთავარი ფუნდამენტია. რომელი დიასპორის წარმომადგენელი ჩამოხვიდოდით, აქ რომ ყოფილიყო ომი, უბედურება, რომელი დიასპორის წარმომადგენელი იფიქრებდა იმაზე, რომ საქართველოში დაბრუნდეს, დაიწყოს წარმოება, ბიზნესი განავითაროს და ა.შ. ეს ხომ წარმოუდგენელი იქნებოდა. მე ვფიქრობ, ეს არის ის მყარი ფუნდამენტი, რომელიც ჩვენ შევქმენით ყველასთვის, ქვეყნის შიგნით მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის თუ საზღვრებს გარეთ მცხოვრები დიასპორისთვის. ეს არის პირველი მთავარი სვეტი, რომელზეც მინდოდა მესაუბრა. მთავარი არის მშვიდობა და სტაბილურობა. განსაკუთრებით რატომ მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო ამის თაობაზე, – გუშინაც ვისაუბრე და ყველანი მგონი ვთანხმდებით, რომ დღეს არის ურთულესი პერიოდი, ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარება მთელ მსოფლიოში. მსოფლიო დგას, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ბირთვული ომის საფრთხის წინაშე. ეს არ არის ვიღაცის მოგონილი, მოუსმინეთ ბირთვული სახელმწიფოების ლიდერებს და მათ რიტორიკას, მათ მუქარებს. დაბრუნდა ბირთვული ომის რიტორიკა, რაც არის ძალიან საშიში. ასეთ ვითარებაში ჩვენს ქვეყანას, მინდა ყველას გკითხოთ და გავხსნა დისკუსია, პატარა ქვეყნის, მაგრამ ძალიან ამაყი ქვეყნის და ამაყი ქართველი ხალხის მთავრობამ, ხელისუფლებამ, როგორ უნდა იმოქმედოს. ჩვენი პირდაპირი მოვალეობა და პირდაპირი პასუხისმგებლობაა, რომ პირველ რიგში ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენაზე და ჩვენი მოქალაქეების დაცვაზე, უსაფრთხოებაზე. ამას, ვფიქრობ, ძალიან წარმატებით ვახერხებთ და ჩვენ ამ ვალდებულების შესრულებას გავაგრძელებთ და ქვეყანას გავიყვანთ სამშვიდობოზე. ეს ასე იქნება. ჩვენ არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ ქვეყანაში შემოიტანოს შფოთვა, არეულობა, დესტაბილიზაცია. ძალიან ბევრი მცდელობა იყო და აღარ მინდა ამის თაობაზე ვისაუბრო და შეგაწყინოთ თავი. ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ ქვეყანამ და ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა გუნდმა მოახერხა ის, რომ თავიდან ავირიდეთ ჩვენი ქვეყნის ამ დიდ დამანგრეველ ომში და კონფლიქტში ჩართვა. ახლა რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის განვითარებას. მე ამაზე ვისაუბრებ მხოლოდ ციფრებით და ფაქტებით. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ბოლო ორი წელია იზრდება და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. შედეგად, წლის ბოლოს უკვე 80 მილიარდი ლარი იქნება ჩვენი ეკონომიკა, რაც არის დაახლოებით 25 მილიარდი დოლარი. პერ კაპიტა ერთ სულ მოსახლეზე რომ გადავიანგარიშოთ, ეს არის 8 000 დოლარი. სულ რაღაც 2 წლის წინ ჩვენი ეკონომიკა იყო 50 მილიარდი ლარი, 2020 წელს. აქ არის ბატონი ფინანსთა მინისტრი და დამეთანხმება. ანუ, 2-3 წელიწადში გამოდის თითქმის 30 მილიარდლარიანი ზრდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გავამყარეთ ეროვნული ვალუტაც, არის სტაბილური და ჩვენი ქვეყნის განვითარება მიმდინარეობს სწორი მიმართულებით. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ისტორიულ მაქსიმუმზე არის ჩვენი ქვეყნის რეზერვები. ყოველთვე ეროვნული ბანკი ყიდულობს, ალბათ, 200-300 მილიონ დოლარს დაახლოებით. 5 მილიარდს გადააჭარბა ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა რეზერვებმა. ანუ, ქვეყანა მდიდრდება, ძლიერდება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამით სტაბილურობას ვუწყობთ ხელს, ვაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს, 220 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით ბოლო ორ წელიწადში, უმუშევრობა, სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე, მეგობრებო. მე აღარ შეგაწყენთ თავს, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ გავიარეთ საშინელი დღეები, 90-იანი წლები, უშუქობა, უგაზობა, უბედურება, კრიმინალების თარეში და მართვა, სახელმწიფო გადატრიალება, ომები, სამოქალაქო ომი, ქვეყანამ განიცადა სრული კატასტროფა. ჩვენ თუ შევადარებთ, სად ვიყავით ამ ომებამდე, სად იყო თუნდაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც კატასტროფა. ეს გავაკეთეთ ჩვენ. იმ დროინდელმა ხელისუფლებებმა ეს ამხელა განსაცდელი ვერ აარიდეს ჩვენს ხალხს, ვთქვათ პირდაპირ. ძალიან კომპლექსური საკითხებია, მე აღარ მინდა ამ საკითხებს ჩავუღრმავდე, ძალიან ბევრი მიზეზები იყო, მაგრამ ფაქტი არის შემდეგი, რომ ჩვენ გადავიტანეთ ძალიან რთული პერიოდი. დღეს, მადლობა ღმერთს, რომ მშვიდობა გვაქვს, სტაბილურობა, ქვეყანა ვითარდება, მივდივართ წინ, ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, რიგ შემთხვევაში, ათჯერ უფრო მეტი შედეგები, ვიდრე იყო წინა ხელისუფლების დროს. განსხვავება არის მთავარი – დღეს გვაქვს დემოკრატია, მეგობრებო. თუნდაც, ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა, ორი დღე გვაკრიტიკებს მთელ ხელისუფლებას ასეთ მშვიდობიან პერიოდში. ესეც არის დემოკრატიის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და დადასტურება. ჩვენ ქვეყანაში გვაქვს დემოკრატია. ჩვენს მოქალაქეებს აქვთ სრული თავისუფლება. ჩვენ გვაქვს გაწერილი გეგმა და, როცა მე დავბრუნდი პრემიერ-მინისტრად, მაშინ დავიწყეთ მუშაობა ამის თაობაზე, ამ დოკუმენტზე. ესაა ეროვნული მნიშვნელობის საერთო დოკუმენტი, ეს არის ქვეყნის განვითარების სტრატეგია, ხედვა – 2030, ანუ როგორ მიდის ჩვენი ქვეყანა 2030 წლამდე. ყველა მიმართულებით არის გაწერილი კონკრეტული ნაბიჯები, გადასადგმელი, რომლებიც უნდა გააკეთოს, განახორციელოს მთავრობამ და მთელმა გუნდმა. ამ შემთხვევაში მთავრობაზე მინდა ვისაუბრო, – ყველა სამინისტროს აქვს კონკრეტული გეგმა და ხედვა, რა უნდა გააკეთოს, და ჩვენ ამ გეგმას მივყვებით.
2030-ისთვის ქვეყანა იქნება კიდევ უფრო მეტად წარმატებული, ძლიერი, მდიდარი, უკვე სხვა ლიგაში, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, გადავა ქვეყანა. იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და სხვათა შეფასებებით, ჩვენს ქვეყანაში მომდევნო 5 წლის განმავლობაში გვექნება ყველაზე მაღალი ზრდა მთელი ევროპის მასშტაბით. შედეგად, როგორც მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის ექსპერტები ამბობენ, ძალიან მალე ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლები გადააჭარბებს 10 000 დოლარს. ეს შეიძლება მოხდეს 2-3 წელიწადში, მაქსიმუმ. ამიტომ, ვისაც ამ განვითარების, ამ წინსვლის, მშვიდობის, სტაბილურობის შეფერხება და შენელება უნდა, მე არ მოვერიდები ამის თქმას, ისაა ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის მტერი. რაც შეეხება ჩვენს ევროპულ მომავალს, ამის თაობაზე და საგარეო პოლიტიკაზე მინდა რამდენიმე სიტყვით მოგმართოთ. თუ ვინმემ ბოლო 30 წელიწადში რაიმე გააკეთა, რომელიმე ხელისუფლებამ რაიმე გააკეთა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი წინაპრების ოცნების რეალობად ქცევის საქმეში, და მე ვგულისხმობ ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, ეს ვართ ჩვენ, ეს არის „ქართული ოცნება“, ეს არის ჩვენი ხელისუფლება, მეგობრებო, და რატომ, აქაც გეტყვით ფაქტებით მხოლოდ.
თქვენ იცით ასოცირებული ტრიო, გსმენიათ ამის თაობაზე, – უკრაინა, მოლდოვა, მანამდე იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები, სადაც სხვა ქვეყნებიც შედიოდნენ და ბოლოს გამოეყო ეს ჯგუფი, სამი ქვეყანა, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა. გუშინაც, დღესაც, მჯერა, ხვალაც, საქართველო იყო მოწინავე ადგილებზე და იქნება მოწინავე ადგილებზე ამ ასოცირებული ტრიოს ფარგლებში. მე არ მინდა ვინმეს შევედარო, მაგრამ მინდა ფაქტებზე გესაუბროთ. ჩვენი ორი, სამი თავით წინ ვართ, ვიდრე არის მოლდოვა და უკრაინა. სხვათა შორის, მოლდოვა არის დსთ-ს წევრი ქვეყანა, დიდი ხანია აქვს უვიზო რეჟიმი რუსეთთან, არც ეკონომიკური სანქციები არ დაუწესებია რუსეთისთვის, და არავინ კრიტიკულ სიტყვას არ ეუბნება, და მე ეს მიხარია, მე მხოლოდ მიხარია. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო, მოლდოვასაც, უკრაინასაც, მთელ ევროპას, მთელ მსოფლიოს და ა.შ. თუ ვინმემ რამე გააკეთა, მე ამის თაობაზე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო და ფაქტებს მოვიყვან, – ეს არის „ქართული ოცნება“, – ჩვენ დავიწყეთ ასოცირების შეთანხმებაზე მუშაობა 2012 წელს, მაშინ, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, 2012 წლის ბოლოს. მანამდე, 3 წელი იყო დაგვიანებული და 3 წლის დაგვიანებით დაიწყო წინა ხელისუფლებამ. თუ მათ რეალურად უნდოდათ ქვეყნის ევროინტეგრაცია და ქვეყნის ევროპეიზაცია, მაშინ კითხვას ვსვამ, რატომ დაიწყეს 3 წლის დაგვიანებით ეს პროცესი, როდესაც იგივე მოლდოვას, უკრაინას უკვე დაწყებული ჰქონდათ მუშაობა. მეორე კითხვა მინდა დავსვა, – რატომ დაიწყო წინა ხელისუფლებამ, და პასუხი მოსთხოვეთ, აქ არიან, ალბათ, მათივე მედიის წარმომადგენლები, კითხვები დაუსვით, რატომ დაიწყო იგივე უვიზო რეჟიმზე მუშაობა 2-3 წლის დაგვიანებით. ეს ფაქტებია, იგივე თავისუფალი ვაჭრობა. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ყოფილი ხელისუფლება გამოდიოდა, ამბობდა, რომ მათი მიზანი იყო ქვეყნის სინგაპურიზაცია. დავიწყებული გექნებოდათ დღეს ყოველგვარი ევროპა. დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა, ეს ცალკე საკითხია. ქვეყანა იქნებოდა ომში ჩართული. ასევე მინდა გითხრათ შემდეგი, – მახსოვს ძალიან კარგად, 2013 წლის თებერვალი იქნებოდა, როდესაც მე ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი ევროკომისარი ქალბატონი სესილია მალმსტრომი ჩამოვიდა, მან პირადად გადმომცა, შეხვედრა ჰქონდა ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, შემდეგ ჩემთან და ოფიციალურად გადმომცა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, იმიტომ, რომ მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ძირითადი თავი შესასრულებელი, ვალდებულების დაახლოებით 70% მოდიოდა სამინისტროზე. დავიწყეთ აქტიური მუშაობა, მე მხვდა პატივი წილად, რომ ხელი მომეწერა უკვე ერთ წელიწადში ასოცირების შეთანხმებაზე და ქვეყანა დაადგა რეალურად ევროპეიზაციის გზას, განვითარების გზას. შედეგად, ჩვენ მივიღეთ უვიზო რეჟიმი ევროპასთან. მახსოვს, 2015 წლის 17 დეკემბერი იქნებოდა, საბოლოოდ დაიხურა, ევროპამ გვითხრა, რომ თქვენ პირნათლად შეასრულეთ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და ქვეყანა მიიღებს უვიზო რეჟიმს. დღეს ჩვენი მოქალაქეები მარტივად, ყოველგვარი ბარიერის გარეშე ღირსეულად გადაადგილდებიან ევროპაში.
რა იყო წინა ხელისუფლების დროს, მე ძალიან კარგად მახსოვს, ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი. ვსწავლობდი საფრანგეთში, სორბონის უნივერსიტეტში, შემდეგ დავბრუნდი, მინდოდა ჩემი მეუღლის წაყვანა, ჩვენ დავქორწინდით, მინდოდა ჩემი მეუღლის წაყვანა საფრანგეთში, მაგრამ ვერ წავიყვანე, აქ ახალი მომხდარი იყო რევოლუცია, არასტაბილური სიტუაცია იყო და ქართველებს უარს ეუბნებოდნენ ვიზების მიცემაზე. ეს ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი. მე ვერ მოვახერხე ჩემი მეუღლის წაყვანა ევროპაში ვიზის გამო. რამდენიმე წელიწადში მაშინდელი ეს ოცნება ვაქციეთ ჩვენ რეალობად. დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დადიან, გადაადგილდებიან უვიზოდ. ეს ვისი დამსახურებაა, მეგობრებო, ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე უნდა ითქვას, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დამსახურება, ვინც ეს ყველაფერი განახორციელა.
დღეს რომ ჩვენი ქვეყნის ვაჭრობა ვითარდება, ევროპაში სავაჭრო ბრუნვა იზრდება, მილიარდს გადააჭარბა, ესეც, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ხელისუფლების დამსახურება. მინდა კიდევ უფრო მეტად გააქტიურდეს ჩვენი ბიზნესი, უფრო მეტად აითვისონ ევრპული ბაზარი. ვიცი, რომ რთულია, იქ ძალიან ბევრი ბარიერია, ძალიან ბევრი კრიტერიუმია, მოთხოვნებია, მაგრამ ამ მიმართულებით მივდივართ, ამას სჭირდება დრო, ბევრი მუშაობა და შარშან, გახსოვთ, რომ შევიტანეთ უკვე ოფიციალურად განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და ქვეყანამ მიიღო, ასე ვთქვათ, ისტორიული აღიარება.
მანამდე ამაზე უბრალოდ ფიქრიც არ შეიძლებოდა. მე კარგად მახსოვს წინა მოლაპარაკებები 2014 წელს, როცა ვაწერდით ხელს ასოცირების ხელშეკრულებას. მაშინ ჩვენი დაჟინებული თხოვნა, მოთხოვნა იყო ევროპელი კოლეგების მიმართ, რომ იქნებ ჩაეწერათ რამენაირად საქართველო როგორც ევროპული სახელმწიფო. მახსოვს, მაშინ მათი პირდაპირი პოზიცია იყო ძალიან ხისტი, რომ ამას არ გავაკეთებთ და ჩაწერეს საქართველო, როგორც აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფო. ასე იყო, ქალბატონო თეა, გახსოვთ. მაშინ ქალბატონი თეა ახვლედიანი იყო ელჩი, თუ არ მეშლება, და ჩართული იყო მანამდეც აქტიურად ამ სამინისტროში. შესაბამისად, ევროპული პრსპექტივის აღიარებით, ჩვენ გვითხრეს, რომ ჩვენი ადგილი არის ევროპაში, ანუ ამით ეს დიდი, ათწლიანი მუშაობის თავი დაიხურა და რეალური, ასე ვთქვათ, პერსპექტივები განესაზღვრა ქვეყანას. ახლა ჩვენ ვმუშაობთ უკვე სიმბოლურ აღიარებაზე – ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებაზე. მოდით, ვთქვათ, სად ვიყავით მანამდე და სად ვართ დღეს. სტატუსზე მუშაობა ჩვენ დაწყებული გქვონდა მანამდე და, რა თქმა უნდა, ამას აფასებენ, ზოგადად ქვეყნის მუშაობას, განხორციელებულ რეფორმებს და ა.შ. მანამ, სანამ მოლდოვას და უკრაინას მიანიჭებდნენ სტატუსს, ბუნებრივია, შეადარეს ქვეყნების მდგომარეობა რეფორმების კუთხით, მართლმსაჯულება, საჯარო სექტორის განვითარება, კანონის უზენაესობა და ა.შ., და ჩვენი ქვეყანა, არ მოვერიდები ამის გამეორებას ყოველთვის, ეს უნდა ვთქვათ, მაშინაც და დღესაც, წინ იყო უკრაინაზეც და მოლდოვაზეც, მაგრამ მაშინ გვითხრეს ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა, რომ ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, უკრაინა არის ომში, მოლდოვა არის გათანაბრებულ სიტუაციაში, ვინაიდან მოლდოვაში ნახევარ მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი მიიღეს და ა.შ., ამიტომ ჩვენ ეს ქვეყნები უნდა წავახალისოთ და ბონუსად უნდა მივცეთ სტატუსი, თქვენ დაელოდეთ, ანუ, მათაც ჯერ ბონუსად მისცეს სტატუსი და შემდეგ განუსაზღვრეს პრიორიტეტები, ჩვენ პირიქით, გვითხრეს, რომ შეასრულეთ ეს ვალდებულებები და შემდეგ მოგცემთო სტატუსს. ვალდებულებების შესრულება დავიწყეთ ჩვენ დაუყოვნებლივ. აქ არის ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. პირადად უხელმძღვანელა ამ პროცესს, ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა და მთლიანად ჩვენმა უმრავლესობამ. ყველა ვალდებულება ძალიან დროულად იქნა შესრულებული და, თუ რაიმე არის დარჩენილი პატარა ხარვეზი, მაგას, რა თქმა უნდა, ძალიან მალე გავასწორებთ. ქალბატონი მაკა, ყველა იყო ჩართული ამ პროცესში, მთავრობა და მთელი ხელისუფლება. და ჩვენ ეს პროცესი მივიყვანეთ თითქმის ბოლომდე, ალბათ, ივნისის ბოლომდე დაიხურება ეს ყველაფერი. დარჩა ერთი მთავარი – პოლარიზაციის დასრულება. ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა გვითხრეს, რომ თქვენ უნდა დაასრულოთ პოლარიზაცია. თქვენ თუ ახლა გადახედავთ, რაზე არის მთავარი პოლარიზაცია და რაზე ავრცელებენ ამდენ ტყუილს, ცილისწამებას, დეზინფორმაციას და, მე მჯერა, რომ თქვენ ძალიან ბევრ დეზინფორმაციას ისმენთ. მით უმეტეს, დღეს მედიაგარემო არის აბსოლუტურად გახსნილი, ათეულობით მედიაგარემო არსებობს საქართველოში. აბა, გაიხსენეთ, რამდენი მედია, ტელევიზია იყო თავისუფალი, ოპოზიციური 2012 წლამდე. გახსენდებათ რომელიმე? ერთი იყო, რომელიც ქართულმა ოცნებამ დააფუძნა, მეცხრე არხი, და საბაჟოზე უწვავდნენ ანტენებს და საშინელებები ხდებოდა. სიგნალის გავრცელების საშუალება არ ჰქონდა. ეს გარემო იყო, მეგობრებო, დღეს რომ გამოდიან და აკრიტიკებენ ჩვენს ხელისუფლებას. ამიტომ, ეს ყველაფერი შედარებისთვის მ გავიხსენე. რჩება ესე იგი მთავარი თემა, პოლარიზაციის დასრულება. ამის თაობაზე აქვთ, რომ ჩვენ ის გუნდი, რომელიც იყო აბსოლუტურად ანტიპოდი, ანტიევროპული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული ძალა, ეს გუნდი გვეუბნება ჩვენ, ვინც მაქსიმუმი გააკეთა ბოლო 10 წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გზაზე და თუნდაც ნატოს მიმართულებითაც. მე ვიყავი ის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ნატოს გენმდივანთან ერთად 2015 წელს გავხსენით ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი კრწანისში. ეს გუნდი გვეუბნება და ამბობენ, რომ, თურმე, ისინი მიაღწევდნენ და მიაღწევენ, ჯალათები, სადისტების და მკვლელების პარტია, ომის პარტია. მე არ მინდოდა დღეს ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ აუცილებელია, რომ შევახსენოთ, იმიტომ, რომ გვისმენს ჩვენი დიასპორა და მინდა, რომ მათ კარგად გაიგონ ჩვენი სათქმელი. ამიტომ, ჩემი გზავნილი იყო გუშინ შემდეგი, ჩამოვაყალიბე შემდეგნაირად, რომ, თუ ჩვენს, და მე მჯერა, და მინდა, რომ დავიჯერო, რომ ასე არის უმეტესობა და უმრავლესობა ჩვენი ევროპელი მეგობრების. ჩვენ ამაში დარწმუნებას ვცდილობთ დღენიადაგ, ყოველდღიურად, მეც, საგარეო საქმეთა მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, ყველა, მთელი გუნდი. თუ მათ რეალურად სურთ ქვეყანაში აი, ამ მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების შენარჩუნება და, რაც მთავარია, მათ მიერ განსაზღვრული პრიორიტეტის, ნომერ პირველი ვალდებულების შესრულება, პოლარიზაციის დასრულება, მაშინ ქვეყანამ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, იმიტომ, რომ ამას ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს, მეგობრებო, ჩვენ მიერ განვლილი გზით, ომებით, ბრძოლით, რითაც დღემდე მოვედით. ახლა, მოდით, შევადაროთ, ნატოს მისიებში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობაზე მინდა რამდენიმე სიტყვით ვთქვა. ერაყში, ავღანეთში, ასევე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მე მახსოვს, მაშინ, როცა ჩამოვიდა ყოფილი პრეზიდენტი საფრანგეთის, ფრანსუა ოლანდი, პირდაპირი თხოვნა გადმომცა, რომ იქნებ საქართველოს გაეგზავნა მისია. ეს იყო ევროკავშირის მისიით, ევროკავშირის ეგიდით მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ჩვენ მაშინ გვქონდა მსჯელობა და გადავწყვიტე, გავაგზავნეთ ერთი ასეული, თუ არ ვცდები. ეს იყო ძალიან განმსაზღვრელი და ძალიან მნიშვნელოვანი მისია შეასრულა ჩვენმა ჯარმა აფრიკაშიც. ერაყში 2000 კაცზე მეტი იყო, ჩვენი გმირი ჯარისკაცები. 18 ათასი ჯარისკაცი იმყოფებოდა ერაყში და ავღანეთში მისიებით. 32 ჩვენი გმირი სამხედრო დავკარგეთ. სიცოცხლე გაიღეს ნატოსთვის, მსოფლიო მშვიდობისთვის. ასეულობით ჩვენი გმირი ჯარისკაცი არის მძიმედ დაჭრილი. მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი და მე მქონდა და მაქვს შეხება ამ ადამიანებთან. მე ვიცი, რამხელა სიმძიმეს ატარებენ ეს ბიჭები. ზოგს ხელი აქვს დაკარგული, ფეხი, და ასე შემდეგ, უამრავი ტრავმა მიიღეს. რისთვის, მეგობრებო, – ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. იმიტომ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ეს ასე იყო საჭირო. რაღაც მიზანი დავსახეთ, ვთქვით, რომ ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და წავიდნენ ვაჟკაცურად, ისევე, როგორც ამას ყოველთვის ჩვენ, ქართველები, ვაკეთებთ, და თავი გაწირეს. კრიტიკულ დროს მე ამას ვახსენებ ყოველთვის და ყოველთვის შევახსენებ ჩვენს მეგობრებს. ჩვენ უკან არ ვიხევთ არასოდეს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ჩვენ, კიდევ ვიმეორებ, ჩვენი შედეგებით, ჩვენი მუშაობით, ჩვენი მიღწევებით, განვლილი გზით ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. რა თქმა უნდა, ძალიან გულსატკენი იყო ის განცხადება, რომელიც მოვისმინეთ ჩვენ შარშან, – ზოგმა გეოგრაფია დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ, ზოგმა რაღაც, ანუ დამსახურებაზე დაყრდნობილი პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ იქნება, მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, რომ ამას იმსახურებს, კიდევ ვიმეორებ, ჩვენი ხალხი, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა.
რაც შეეხება ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას, დღეს ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და რუსული ჯარი დგას ორივე ჩვენს ძირძველ ისტორიულ ტერიტორიაზე, აფხაზეთშიც და სამაჩაბლოშიც. მე მინდა კითხვა დავსვა, ვის წარმოუდგენია, როგორ წარმოუდგენია ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და გამთლიანება? რაც გააკეთა წინა ხელისუფლებამ, ძალიან კარგად ვნახეთ. რუსული ჯარი, ბოლოს, 2007 წელს გავიდა, ეს იყო მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება, მათი ნება იყო გამოხატული და გაიყვანეს ჯარი. 2007 წელს, მეგობრებო. შეხედეთ, რამდენიმე თვეში ისეთი უგუნური პოლიტიკა, გაუაზრებელი, გაუთვლელი პოლიტიკა აწარმოა წინა ხელისუფლებამ, რამდენიმე თვეში დააბრუნეს კიდევ უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი ჩვენს ტერიტორიაზე, ჩააბარეს უბრძოლველად კოდორის ხეობა, საერთოდ არავის ჰქონია მანამდე პრეტენზია, დაარქვა ზემო აფხაზეთი ამ მავნებელმა კაცმა, ჩააბარეს კოდორის ხეობა, 100-ზე მეტი სოფელი და ათასობით ახალი დევნილი მივიღეთ ქვეყნის შიგნით. დღეს, მთელი კამპანია არის დაორგანიზებული, მობილიზებული. მთელი მსოფლიო დგას, რა თქმა უნდა, და ჩვენ მათ შორის, მათ რიგებში ვართ, უკრაინას ვუჭერთ მხარს. ძალიან მძიმე ისტორიას ვისმენთ, უკრაინის ტერიტორიები იბომბება, ნადგურდება ქალაქები, სოფლები, რაიონები. თქვენ ამის კადრები ნანახი გაქვთ, არაფერი აღარ რჩება. დღეის მდგომარეობით 20% არის უკრაინის ტერიტორიის უკვე ოკუპირებული, განადგურებულია ქალაქები და ათასობით არის დაღუპული. 20 მილიონის მიგრაცია მოხდა. ამბობენ, რომ 10 მილიონმა უკრაინელმა დატოვა უკრაინის ტერიტორია და 10 მილიონი ქვეყნის შიგნით არის იძულებით გადაადგილებული. 20 მილიონი, გესმით, რამხელა კატასტროფაზეა საუბარი? ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა და იხოცება ყოველდღე. ამის თაობაზე დაორგანიზებულია მთელი საერთაშორისო კამპანია, სანქციების თემაზე, ეკონომიკური, მათ შორის, ფინანსური და ა.შ. ჩვენი ხელისუფლება გამოვიდა თავიდანვე ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის, თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე. ვთქვით, რომ ჩვენ გვაქვს ეს მოცემულობა, ჩვენი პრობლემები გვაქვს მოსაგვარებელი, 20% გვაქვს ოკუპირებული, ამაზე ვფიქრობთ ჯერ, არ მომერიდება ამის თქმა, დიახაც ასეა. ჯერ უნდა ვიფიქროთ საკუთარ თავზე, ჩვენს ქვეყანაზე, საქართველოზე უნდა ვიფიქროთ, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაზე და ხალხზე უნდა ვიფიქროთ, მე ასე მჯერა. ყველა ნორმალური, პატრიოტი ადამიანი ასე უნდა ფიქრობდეს, ქვეყანას რა უნდა გაუკეთოს, მერე დავეხმაროთ სხვებს. ყველას პატივს ვცემთ, უკრაინას, ძალიან გული მტკივა და საშინელება ხდება, კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ამ ომის მალე დასრულება მინდა ვუსურვო, ქვეყნის გამთლიანება და მშვიდობა. ჩვენი ოპოზიცია და სხვებიც გვეუბნებიან, რომ დააწესეთ სანქციები, რუსეთს დაუწესეთ ეკონომიკური სანქციები, შეწყვიტეთ ვაჭრობა, ეკონომიკა, ფრენები რატომ აღადგინეს, ჩვენ არ აღგვიდგენია, შეწყვეტილი იყო მანამდე, მათი გამოისობით და ა.შ. უვიზო რეჟიმი რატომ შემოიღეს. მანამდე რაც მოგიყევით, – ეკონომიკური აღმავლობა, რაც გვაქვს, და განვითარება, მშვიდობა და სტაბილურობა, ამაზე უნდა ვთქვათ უარი, გადავყაროთ ყველაფერი, ათასობით სამუშაო ადგილი რომ იქმნება და ხალხმა რომ ამოისუნთქა და დოვლათი იქმნება ქვეყანაში, ამაზე უნდა ვთქვათ უარი და უნდა შევუერთდეთ უკრაინის ომის გამო დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს. ახლა, მოდი, ამაზე გავჩერდეთ და ვთქვათ, ვინ დააწესა სანქციები ჩვენი ომის გამო, ვინმემ დააწესა სანქციები? ან წინა ხელისუფლება გამოვიდა? გახსოვთ, ვინმე გამოსულიყო და ეთქვა, არ გვინდა ვაჭრობა რუსეთთან? პირიქით, მოდით გავყვეთ ქრონოლოგიურად, შევახსენოთ ამ მავნებლებს, რა გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას, რამხელა ღალატი ჩაიდინეს, გარდა იმისა, რომ ტერიტორიები ჩააბარეს, 20%, კოდორის ხეობა, 100-ზე მეტი სოფელი, ამდენი ჯარისკაცი, ბიჭები წაიყვანეს, ჩახოცეს და არც კი გამოიყვანეს, რომ არა პატრიარქისა და მეუფეების დამსახურება. ჩვენი სამხედროების ცხედრებიც კი არ გამოიყვანეს, და მიწაზე გართხმული ვნახეთ ჩვენ მაშინდელი მთავარსარდალი. თვეების შემდეგ, მე მინდა ფაქტები ქრონოლოგიურად მოგიყვანოთ, წინა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ საჭირო იყო რუსეთისთვის, ოკუპანტი ქვეყნისთვის, ომი ახალი მომხდარი იყო, მიეყიდათ ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული, ანუ სტრატეგიული ინფრასტრუქტურა. ვის მიჰყიდეს? რუსულ სახელმწიფო კომპანიას, გახსოვთ, მაშინ გამოდიოდა ყოფილი მინისტრი მერაბიშვილი და თქვა, – მერე რა მოხდა, რუსული ფული რუსული ფულია, რა მოხდა, – აი, ასეთ ფარისევლებთან გვაქვს საქმე. რამდენიმე თვეში გაგრძელდა ეს მუშაობა. მახსოვს ძალიან კარგად, მათი დაჟინებული თხოვნა იყო, რომ ფრენები დაგვეწყო, აგერ არის ავიაკომპანია “ქართული ავიახაზები”, ბატონი თამაზ გაიაშვილი, მოაყოლეთ. მე ვიცი ფაქტები, გააგზავნეს, დაავალეს, რომ ჩასულიყო, დაეწყო პირდაპირი ფრენები რუსეთთან. ომის შემდეგ ხდება ყველაფერი. ასევე ომის შემდეგ სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთისთვის, მოითხოვა რამე სანაცვლოდ? მოეთხოვა თქვენთვის, ჩვენი მილიონი დიასპორისთვის.
რას დაობენ საერთოდ, ამაზე მინდა გავაკეთო კომენტარი. მილიონი ცხოვრობს თუ ნახევარი მილიონი. ჩვენ ვიცით, რომ მილიონამდე არსებობს. ასი ათასი რომ იყოს, არ არის ჩვენი ვალდებულება, რომ ვიზრუნოთ ჩვენს დიასპორაზე? მაგრამ ვიცით, რომ ყველაზე დიდი დიასპორა არის რუსეთში. ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ იქ. ჩვენი ქართველი ხალხი ცხოვრობს იქ. არაფერი არ მოუთხოვია, უფრო მეტიც, – მაშინ ზეწოლა გაუკეთეს, თავად აღიარეს, რომ მათ ეროვნულ ინტერესებზე თქვეს უარი, არაფერი არ მოითხოვეს სანაცვლოდ და მხარი დაუჭირეს ამ ომის შემდეგ, რაც მე მოგიყევით, რომ გახსნა უვიზო რეჟიმი, პირადად ხვდებოდა საზღვარზე რუს მოქალაქეებს, ტურისტებს, და ცდილობდნენ, რომ ვაჭრობა აღედგინათ და ასე შემდეგ, და დაუჭირა მხარი სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. ნებისმიერ მოქალაქეს ახლა რომ ჰკითხო, რომ გააჩერო და, აი, რას მოითხოვდა მაშინდელი პრეზიდენტი ან ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტი სანაცვლოდ, როცა ოკუპირებული ქვეყანაა და ამხელა რაღაცაზე მიდიხარ, რაღაც ხომ უნდა მოითხოვო შენი ქვეყნისთვის, შენი ხალხისთვის. რა მოითხოვა მეგობრებო, იცით? მაშინდელ ამერიკის პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან ვიზიტი. აი, ასეთ პირად ინტერესში გაცვალა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. აი, ასეთ ძალასთან გვქონდა ჩვენ საქმე. ასეთი ძალა, მოღალატე, ანტიეროვნული და ანტიევროპული თავისი შინაარსით, მოიშორა ჩვენმა ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნის მმართველობიდან და ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი განსაცდელი ავარიდეთ. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ არ ყოფილიყო ჩვენი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, “ქართული ოცნება”, დღეს ქვეყანა უბრალოდ აღარ გვექნებოდა. ეს ადამიანები ხელისუფლებაში არ არიან და ყოველდღე ამბობენ, რომ უნდა გავაგზავნოთ ჯარი, თუ რა ვიცი, რას ამბობენ, სამხედრო დახმარება, სანქციები დავაწესოთ. პირდაპირ პროვოცირებენ, ომში ჩართვა უნდათ ამ ადამიანებს. ეს არის ომის პარტია, ამათ შემთხვევით არ დავარქვით ომის პარტია და ეს, წარმოიდგინეთ, ოპოზიციაში არიან 10 წელი უკვე, აგებენ ყველა არჩევნებს. ესენი, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ყოფილიყვნენ დღეს ხელისუფლებაში, რას იზამდნენ, ხომ ქვეყანას გადაწვავდნენ, იტყოდნენ, რომ მერე რა, აი, კიდევ დავიჩაგრეთ. აღარ გვინდა ეს ამდენი დაჩაგვრა, წაგება, დაპყრობა. ჩვენ გვინდა გამარჯვება ხალხო, ქართველ ხალხს დღეს სჭირდება გამარჯვება, განვითარება, გაერთიანება სჭირდება ქვეყანას. ამიტომ, მიუხედავად ამდენი მავნებლებისა, ამდენი მტრებისა, შიდა თუ გარე მტრებისა, დღეს ხელისუფლება არის ძლიერი, ჩვენი გუნდი არის ერთიანი, ძლიერი და ჩვენი ხალხი არის ბრძენი, და ამ მშვიდობას შევინარჩუნებთ და ქვეყანას გავიყვანთ სამშვიდობოს. აი ეს მინდოდა მეთქვა. ახლა რაც შეეხება დიასპორას, კიდევ ერთხელ მინდა, რომ მადლობა გადაგიხადოთ ყველას. მეც პირადად მაქვს გამოცდილი უცხოეთში ცხოვრება და მე მესმის, ძალიან რთული არის, როცა მოწყვეტილი ხარ შენს სამშობლოს, შენს მიწა-წყალს. ამიტომ, აუცილებელი არის ჩვენი უფრო მეტი ჩართულობა, ხელისუფლების, მთავრობის, ეკლესიასთან ერთად. მე ადრეც ვთქვი და მინდა გავიმეორო, – ჩვენს დედა-ეკლესიას აქვს ძალიან დიდი როლი. მე პირადად ვიცი, რომ დიასპორები ორგანიზდებიან და იკრიბებიან ეკლესიის გარშემო. ანუ, ბუნებრივად, ორგანულად ეკლესია არის გამაერთიანებელი ჩვენი ქართველების, მათ შორის, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანების. ამიტომ, ჩემი სრული მხარდაჭერა ჩვენს საპატრიარქოს და ჩვენს დიასპორებს. მე მზად ვარ, საინტერესო ინიციატივებს ამუშავებს ბატონი ილია დარჩიაშვილი, პარლამენტი არის ჩართული აქტიურად. ჩვენ, სამმხრივად – მთავრობა, პარლამენტი, საპატრიარქო – უნდა შევიმუშაოთ, რა თქმა უნდა, თქვენი ჩართულობით, ახალი ინიციატივები, ახალი პროგრამები და კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ დიასპორები ადგილზე, ჩვენს ქვეყნებში. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, ამის თაობაზე ძალიან ბევრი განმარტება გავაკეთე. ახლა რაც შეეხება რუსეთთან, ასე ვთქვათ, ურთიერთობას და ჩვენს პოლიტიკას. თქვენ იცით, რომ ბოლო 10 წელია ჩვენ არავითარი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, წინსვლა არ გვაქვს. ჩვენ თავიდანვე გავმიჯნეთ. ვთქვით, რომ ჩვენ ვაჭრობას, ეკონომიკას აღვადგენთ და განვსაზღვრეთ სტრატეგიული მოთმინების და მშვიდობიანი პოლიტიკა, მშვიდობიანი გზით დეოკუპაციის პოლიტიკა. მოთმინება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მეგობრებო. ჩვენ, ქართველებმა, ძალიან კარგად ვიცით მოთმინება. როგორც ბიბლიაში არის დაწერილი, უნდა ვიცოდეთ ქვების შეგროვების და ქვების განბნევის დრო, დრო სწორად უნდა შევარჩიოთ. ამიტომ, აუცილებელია სტრატეგიული მოთმინება. ჩვენ მშვიდობიანად უნდა მოვახერხოთ ქვეყნის დეოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. რაც შეეხება ფრენებს, ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება 2019 წელს. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ 2019 წელს, იგივე ჩვენი ევროპელი კოლეგები, ეს განცხადებები არსებობს, ჩვენი ადგილობრივი პარტნიორები, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, ყველა, ვინც მხარს გვიჭერდა და გვიჭერს, მაშინ გამოდიოდნენ ღია მოწოდებებით რუსეთის ხელისუფლების მიმართ, რომ აღედგინათ ფრენები, 2019 წელს. მაშინ რა ხდებოდა ჩვენთან, ოკუპაცია აღარ იყო, ომი აღარ იყო მომხდარი, თუ შეცვლილი იყო რამე სტუს-კვო. არავითარი, ერთი განსხვავება, უკრაინის ომი არ იყო მაშინ და უკაცრავად, კიდე გავიმეორებ, – ჩვენი ომი არის ჩვენი ომი და არ არის ჩვენი ომი მათთვის ომი, თუ ამდენი ხალხი რომ დაიღუპა და დავკარგეთ ტერიტორიები, ეს არაფერია მათთვის? თუ ტერიტორიების სიდიდესა და ადამიანების რაოდენობაზეა მაინც და მაინც გათვლა?!
ჩვენ ვთქვით, რომ ფრენები არის შემადგენელი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების. ამას არავითარი შემხებლობა არა აქვს არც პოლიტიკასთან, არც საერთოდ არაფერთან და ვთქვით, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენს ერთ მილიონ დიასპორას და მათ ნათესავებს, ოჯახის წევრებს სჭირდებათ თავისუფალი გადაადგილება, უვიზო რეჟიმი. მოლდოვას დღეს აქვს უვიზო რეჟიმი. უკრაინას, მე მგონი, აქვს დღესაც უვიზო რეჟიმი, ყოველ შემთხვევაში, ჰქონდა ომამდე, თუ არ ვცდები. ამიტომ აქ არაფერი არ არის განსაკუთრებული. პირიქით, ყველაფერი, რაც გაუიოლებს ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს დიასპორას მოძრაობას, გადაადგილებას და ბიზნესს, რა თქმა უნდა, არის ძალიან კარგი. და კიდევ, ერთი მინდა ვთქვა, ესე იგი, ყოველდღე ათასობით მანქანა გადადის და კვეთს საზღვარს, ლარსის გამშვებ პუნქტს, მათ შორის, სამგზავრო, მათ შორის სატვირთო, ათასობით მანქანა, და რა განსხვავებაა, ვერ გავიგე, მაშინ დავკეტოთ ესეც. მეორე ეტაპი იქნება და დაკეტეთ მაშინ საზღვრები, გააჩერეთ ვაჭრობა. ჩვენ ყოველწლიურად ასეულობით მილიონ დოლარს ვიღებთ გადმორიცხვებით ჩვენი დიასპორისგან, მილიარდებზეა საუბარი უკვე. რუსეთში მცხოვრები ჩვენი დიასპორიდან ასეულობით მილიონი დოლარი შემოდის, ინახავენ ოჯახის წევრებს, ავითარებენ ბიზნესს, ნათესავებს, რატომ უნდა ჩავკეტოთ ეს, რა ხდება, რატომ? ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ პირიქით დავეხმაროთ ჩვენს ხალხს ყველგან, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. ეს არის, ჩემო ძვირფასებო, რეალობა, ვრცლად მოგიყევით, მაგრამ მინდოდა ამის თაობაზე მესაუბრა თქვენთან. კიდევ ერთხელ მინდა, რომ გადაგიხადოთ მადლობა, ჩემი მხარდაჭერა დაგიდასტუროთ, ჩვენი მთელი გუნდის მხარდაჭერა და, მე მჯერა, რომ ჩვენი ამ მშვიდობიანი პოლიტიკით, სწორი და ეროვნული პოლიტიკით, ჩვენს ქვეყანას გავიყვანთ მშვიდობის და გაერთიანების გზაზე. დიდი მადლობა, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, მადლობა”.