ჩვენი განვითარების პროგრამის ქვაკუთხედი გახლავთ თითოეული ადამიანის ძირეული უფლებები

13/08/2016

ჩვენი განვითარების პროგრამის ქვაკუთხედი გახლავთ თითოეული ადამიანის ძირეული უფლებები და მისი პატივისცემა; ჩვენ არ გვჭირდება სახელმწიფო, რომელიც არარად აგდებს ადამიანს, მის ღირსებას; არცერთი ხიდი, ესტაკადა, გზა, კოშკი არ ღირს დაჩაგრული ადამიანის დაღვრილ ცრემლად, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აჭარის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აჭარის მოსახლეობას პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა და მმართველი გუნდის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა აჭარლებს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, როგორც მიღწეულ პროგრესს, ისე ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს.
“დიდი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის, თქვენი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია რაიმე წარმატებაზე საუბარი. არსად ისე არ იგრძნობა ქართული სული, როგორც აქ აჭარაში. ქართული ცნობიერება ვერასოდეს ვერავინ შეარყია, როცა საქართველოს უჭირდა აჭარლები – ქრისტიანები, მუსლიმანები ყველანი ერთად იდგნენ ჩვენი სამშობლოს მიწა-წყლის ერთიანობის სადარაჯოზე. დიდი მადლობა ამისთვის! ჩვენ ყველანი ქედს ვიხრით თქვენი პატრიოტიზმის წინაშე! მეგობრებო, დღესაც გვაქვს გამოწვევები. დღეს გვაქვს გამოწვევა გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა მშვიდობიანად უზრუნველვყოთ და ამისთვის უნდა ავაშენოთ თანამედროვე სახელმწიფო. ამიტომ, აქაც თქვენი იმედი გვაქვს. 4 წლის წინ ყველამ ერთად, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მოვახდინეთ ძირეული გარდატეხა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ ავირჩიეთ სრულიად ახლებური მოდელი, რომელიც არ უგულებელყოფს ადამიანის უფლებას. მოდელი, რომელიც თითოეული ადამიანის თავისუფლებას, მის ძირეულ უფლებებს სცემს პატივს. ჩვენ გვინდა სახელმწიფო, რომელიც კიდევ უფრო სწრაფად განვითარდება, მაგრამ არ გადაივლის საკუთარ მოქალაქეებზე. სწორედ ასეთ სახელმწიფოს ვაშენებთ ჩვენ ყველანი ერთად. სწორედ ამისთვის გასული 4 წლის განმავლობაში ჩვენ მივაქციეთ ყურადღება ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიც არის ჯანმრთელობის დაცვა და ჯანდაცვის უზრუნველყოფა. ეს არის უმნიშვნელოვანესი, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეებს აღარ სჭირდებათ უკანასკნელი გროშების გაღება, საკუთარი ბინების დაგირავება იმისათვის, რომ საკუთარი შვილის, დედის, მამის ჯანმრთელობა უზრუნველყონ და დამეთანხმებით, რომ ეს არის უდიდესი მიღწევა,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმაზე. მისივე თქმით, უმაღლესი განათლების სფეროში გატარდება ძირეული ცვლილებები და წახალისებული იქნება მოთხოვნადი დარგები. პრემიერის განმარტებით, სახელმწიფომ კიდევ უფრო მეტად უნდა იზრუნოს პედაგოგებზე და მათ პრესტიჟზე.
“ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ახალ თაობას, მათ განათლებას. მე სიამაყით მინდა ვთქვა,რომ აჭარაში არაერთი სკოლა აშენდა და გარემონტდა. დღეს ჩვენი მაღალმთიანი რეგიონების ბავშვებს აღარ უწევთ 5, 7 თუ 10 კილომეტრის ფეხით გავლა იმისათვის, რომ სკოლაში მივიდნენ. ჩვენ ავწევთ ჩვენი პედაგოგების პრესტიჟს. არ შეიძლება გამუდმებული ტესტირებები, გამოცდები და ყოფნა-არყოფნის რისკის წინაშე დაყენება იმ ადამიანების, რომლებმაც ყველაზე გაჭირვებული წლების განმავლობაში საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ფასად უზრუნველყვეს ჩვენი მომავალი თაობის განათლება და მათი ინტელექტუალური განვითარება. რა თქმა უნდა, ჩვენ უმაღლესი განათლების სფეროში შევიტანთ ძირეულ რეფორმებს. მოთხოვნადი დარგები იქნება უფრო მეტად წახალისებული, უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული პირდაპირ დასაქმდებიან და იქნება კონკრეტული მოთხოვნა ამა თუ იმ დარგზე. ჩვენ არ გვაქვს უფლება, დანაშაული ჩავიდინოთ საკუთარი ახალგაზრდების წინაშე და 4 წლის განმავლობაში ილუზიაში ვამყოფოთ ისინი, ვაიძულოთ, გაიღონ უკანასკნელი რესურსი იმისათვის, რომ ისწავლონ იმ პროფესიებზე,რომლებიც რეალურად არ არის მოთხოვნადი,” – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მიერ დასახული გეგმების მისაღწევად, საჭიროა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მისი თქმით, ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა ვერ შენარჩუნდება, თუ სახელმწიფოს ყველა მეზობელთან არ ექნება ნორმალური ურთიერთობა.
“ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოება და ჩვენ ნამდვილად გვაქვს ამ მიმართულებით საამაყო. ჩვენ შევძელით გონივრული პოლიტიკით ერთი მხრივ შეგვენარჩუნებინა თანმიმდევრული სვლა ევროპისკენ და ევროატლანტიკური ოჯახისკენ და მეორე მხრივ, შევძელით, რომ დაგვეწია დაძაბულობა რეგიონში, ჩვენს სამეზობლოში. საქართველოში სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, თუ ჩვენ არ გვექნება ნორმალური, მშვიდობიანი ურთიერთობა ჩვენს მეზობლებთან, მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთთან. ეს აუცილებელია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ან სუვერენიტეტის ხარჯზე. ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელიც უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საქმეს”, – განაცხდა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა აჭარის რეგიონის განვითარების პერსპექტივებზე.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აჭარას, როგორც ზღვისპირეთს, ისე მთიან რეგიონებს, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.
”როდესაც აქ ვიმყოფები, მთელი ჩემი ბავშვობა თვალწინ მიდგას. მე ყოველ ზაფხულს ვატარებდი ბათუმში, ქობულეთში და აჭარის სხვა ულამაზეს ადგილებში. მაქვს უდიდესი სითბოს შეგრძნება, როდესაც აქ ვიმყოფები. არასოდეს მე არ მახსოვს ასეთი გადაჭედილი აჭარა და ეს უდიდესი დამსახურება, სიკეთე და დამატებითი შემოსავალია თითოეული აჭარელის ოჯახში. ეს ყურადღება გაგრძელდება. ჩვენ მთლიანად აჭარა, როგორც მაღალმთიანი, ისე ზღვისპირეთი უნდა ვაქციოთ 12-თვიან კურორტად, რომ წელიწადის ნებისმიერ დროს აჭარა სავსე იყოს ტურისტებით. ეს მიღწევადია, მეგობრებო, იმ პროგრამით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აშენდება და გარემონტდება ბათუმიდან მაღალმთიან აჭარაში მიმავალი გზები.

”უახლოეს მომავალში დაიწყება ხულო-ადიგენის გზის მშენებლობა. აუცილებლად აშენდება და გარემონტდება ბათუმიდან მაღალმთიან აჭარაში მიმავალი გზები, თანამედროვე, ევროპული სტანდარტით. აუცილებლად გაგრძელდება სამთო-სათხილამურო კურორტების მშენებლობა და რა თქმა უნდა, აუცილებლად გაგრძელდება ის კონცერტები, რომლებიც მრავლად იყო წელს. მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი იქნება. აუცილებელია ამ ტიპის აქტივობის წახალისება იმისათვის, რომ აჭარაში ყველა ოჯახში მივიდეს კეთილდღეობა”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ აჭარის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში – საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან: ფატი ხალვაში, ლევან (ნუკრი) ბეჟანიძე, მუხრან ვახტანგაძე, კობა ნაკაიძე, ილია ნაკაშიძე, ანზორ ბოლქვაძე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე დაასახელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები: ბათუმის 68-ე ოლქში – ვახტანგ წულაძე; ბათუმის 69-ე ოლქში -ილია ვერძაძე; ბათუმის 70-ე ოლქში – ნუგზარ სურმანიძე; ქობულეთში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება გიორგი რომანაძე; ხელვაჩაურში – მერაბ კარანაძე; ხულოში, შუახევსა და ქედაში ,,ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს ბიზნესმენი ხვიჩა შარაშიძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0