ჩვენი ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, რაც ვფიქრობ, ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

27/11/2019

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა. როგორც დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, დედაქალაქში არსებული მიკროავტობუსები ეტაპობრივად უნდა ჩანაცვლდეს. კომპანია „სისტრას“ კვლევით დადგინდა, რომ მიკროავტობუსების არსებობა ქალაქისთვის, შიდასაუბნო დონეზე მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა არ შემცირდეს.

„აქამდე ჩვენი პოზიცია მიკროავტობუსებთან დაკავშირებით არ დაგვიფიქსირებია და ამის მიზეზსაც გეტყვით: ფრანგულ კომპანია „სისტრასთან“ გავაფორმეთ ხელშეკრულება და ის ახორციელებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ანალიზს. ჩვენთვის გარკვეული პერიოდი საერთოდ უცნობი იყო, საჭირო იყო თუ არა საერთოდ მიკროავტობუსების არსებობა დედაქალაქში. როგორც იცით, კვლევა ჩაბარებულია, ანალიზიც გაკეთებულია. ქალაქის რელიეფის თავისებურებებიდან, ქუჩებისა და ავტობუსების მოცულობიდან გამომდინარე, ყველა ქუჩაზე შეუძლებელია 8, 10 და 12-მეტრიანი ავტობუსების გადაადგილება. მითუმეტეს, სამომავლოდ ვგეგმავთ კიდევ უფრო დიდი ავტობუსების შემოყვანას – 18 და 24-მეტრიანების. შესაბამისად, კვლევამაც გვიჩვენა, რომ მიკროავტობუსების არსებობა ქალაქში მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ საზოგადოებას კი არ უნდა შეუმცირდეს ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა, არამედ გავუზარდოთ. მიკროავტობუსების როლი შიდასაუბნო დონეზე ძალიან მნიშვნელოვანია. კვლევა გვაჩვენებს, რომ ისინი აუცილებელია. შეიძლება არა იმ რაოდენობით, რაც თავდაპირველად იყო, მაგრამ მათი ინტეგრირება მეტროსთან, ავტობუსებთან საჭიროა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ ორი კვირის განმავლობაში, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსთან“ აქტიური კომუნიკაცია იქონიოს, რათა 2020 წლიდან ქალაქში არსებული მიკროავტობუსების ჩანაცვლება დაიწყოს.

„გვაქვს მეორე პრობლემა – მიკროავტობუსების მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს და საზოგადოების მხრიდან მითითება იმაზე, თუ როდის ჩანაცვლდება ისინი, არის ლეგიტიმური. ჩვენ დღემდე ამაზე მიზანმიმართულად არ ვსაუბრობდით, დასკვნას ველოდებოდით, რომ შემდეგ უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადაგვედგა. მიკროავტობუსებს აქვს გამონაბოლქვი, ზოგს ძირი აქვს გავარდნილი და ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, მიუღებელია მათი ამ მდგომარეობაში ხილვა მაშინ, როდესაც ავტობუსების პარკის მთლიანად განახლება-ჩანაცვლება გვაქვს დაწყებული. არ ვაპირებ კიდევ რამდენიმე წელი ველოდო, როდის მოხდება ამ მიკროავტობუსების ჩანაცვლება და მინდა დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რაც შეიძლება სწრაფად, ორი კვირის განმავლობაში, აქტიური კომუნიკაცია იქონიოთ შესაბამის კომპანიასთან. მოგეხსენებათ, რომ მიკროავტობუსები არის კერძო კომპანიის საკუთრება და ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში, გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც 2030 წლამდეა. დაიწყეთ მათთან მოლაპარაკება და რაც შეიძლება ძალიან სწრაფად დაიწყოს მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი. ჩემთვის, ჩვენთვის, საზოგადოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მგზავრებმა ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე კომფორტულად გადაადგილება მოახერხონ. ორ კვირაში კონკრეტული გეგმა წარმოადგინეთ, რომ 2020 წლიდან უკვე ჩანაცვლების პროცესი დაიწყოს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, სატრანსპორტო სისტემის მოსაწესრიგებლად უკვე არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის, 2020 წლის დასაწყისში ყვითელი ავტობუსების პარკის მთლიანად ჩანაცვლება და მეტროს 40 ახალი ვაგონის შესყიდვა იგეგმება. თბილისის მერია ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებას იწყებს. კახა კალაძის თქმით, სტრატეგიის შემუშავებისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) უკვე გამოყო გრანტი დაახლოებით, 500 000 ევროს ოდენობით. EBRD-ის მიერ გამოცხადებული ტენდერით შერჩეულია ის კონსორციუმიც, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტს შექმნის.

„ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც დაეყრდნობა ევროპულ გამოცდილებას, გაწერს გრძელვადიან ხედვას, თუ რა თანმიმდევრული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეროვნული კანონმდებლობითა და ევროკავშირთან „ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის. რაც შეეხება საკონსულტაციო კომპანიის ვალდებულებებს, მათ შორისაა, არსებული მდგომარეობის შესწავლა და პირველადი კვლევა ნარჩენების განთავსებისა და რეციკლირების პრაქტიკასთან დაკავშირებით; ნარჩენების შეგროვების არსებული სისტემის შეფასება, ნარჩენების შემადგენლობის შესწავლა, საკანონმდებლო და სატარიფოს სისტემაში ხარვეზების აღმოჩენა. ასევე, უნდა შემუშავდეს ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის ახალი და ოპტიმალური სამარშრუტო სქემები“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ქალაქის სხვადასხვა რაიონში და უბანში უკვე განთავსებულია ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნები, თუმცა ეს არასაკმარისია.

„გვინდა, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით დამუშავდეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, დავიწყებთ უშუალოდ პროექტის განხორციელებას. აქაც გვინდა განვითარებული ქვეყნების საუკეთესო მაგალითები გადმოვიტანოთ. გარდა ამისა, წინა მთავრობის სხდომაზე ვისაუბრე არსებული ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარებაზე – ეს არის გაზშემკრების მოწყობა. ამასთან, ბიზნესთან აქტიური კომუნიკაციით დავამუშავებთ პროექტს, რომ გამომუშავებული გაზი გარდავქმნათ ელექტროენერგიად და შემდეგ ის გამოყენებული იყოს ქალაქისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა 2020 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი წლის განმავლობაში განსახორციელებელი მთლიანი პროექტების ჯამი, დაახლოებით, მილიარდ 300 მილიონს შეადგენს. მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულება კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„მას შემდეგ, რაც საქმიანობას შევუდექით, ჩვენი ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, რაც ვფიქრობ, ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულება კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება იქნება. ქალაქში ძალიან ბევრი პრობლემა და გამოწვევა გვაქვს, თუმცა მათ არ უნდა შევუშინდეთ. პირიქით, ჩვენი ენთუზიაზმითა და შემართებით, შევძლებთ, ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს და გადავლახოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც დედაქალაქის აწუხებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 2018 წელს თბილისის ბიუჯეტი 920 მილიონს შეადგენდა, ხოლო 2019 წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონს აწევდა.

„რაც შეეხება 2020 წელს განსახორციელებელ პროექტებს და გამოყოფილ თანხას, ის დაახლოებით, მილიარდ 300 მილიონს შეადგენს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხაა და დარწმუნებული ვარ, ბევრ საინტერესო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. არის ორი ძირითადი მიმართულება – ქალაქის ინფრასტრუქტურული პროექტები და ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულება. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვყავს ბევრი ოჯახი, რომელთაც ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მოქალაქეებს ყველანაირად შევუწყოთ ხელი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, თბილისის მერის განცხადებით, უკვე დაწყებულია და გაზაფხულზე დასრულდება მარშალ გელოვანისა და მუხრან მაჭავარიანს დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა; ასევე, დაწყებულია ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ასევე, გაზაფხულზე სრულდება; 2020 წელს განხორციელდება საბურთალოსა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაციის პროექტი; იგეგმება აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და ქეთევან წამებულის გამზირების სრული რეაბილიტაცია.

„არ შემიძლია, არ შევეხო გამგეობების მიმართულებებს. ბიუჯეტი ამ შემთხვევაშიც, გაზრდილი იქნება, რათა გამგეობებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავიანთ რაიონებში იმაზე მეტი პროექტი განახორციელონ, ვიდრე აქამდე განხორციელებულა. საკრებულოსთან კომუნიკაცია უკვე დაწყებული გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ბიუჯეტით, რომელიც დამტკიცებული იქნება, გავალამაზებთ ქალაქს და ყველა იმ პრობლემას მოვაგვარებთ, რომელიც ქალაქს აწუხებს. ასევე, დაახლოებით, 15-16 მილიონით გაიზრდება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ დაფინანსება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, ბიუჯეტის პროექტის განხილვაში აქტიურად ჩაერთონ და არსებული შენიშვნები წარმოადგინონ. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე თანამდებობას ტოვებს. თბილისის მერმა გალაქტიონ ბუაძის საქმიანობა დადებითად შეაფასა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო გალაქტიონ ბუაძეს. ის თანამდებობას ტოვებს და კერძო სექტორში გადადის. გალაქტიონ ბუაძე ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა. მესმის, ძალიან რთულია ათენო ღამეები, იმუშაო იმ პირობებში, რომელშიც გვიწევს მუშაობა, თუმცა მან მართლაც ღირსეულად გაართვა თავი ამ ყველაფერს. ის იყო ერთ-ერთი წარმატებული მენეჯერი თავის სამსახურთან ერთად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად არაერთი პროექტი ხორციელდება. აღნიშნული პროექტების წარმატებით და ხარისხიანად განხორციელების მიზნით კი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

„პროექტების განხორციელების პროცესში არის გამოწვევები, პრობლემები, შეფერხებები, არის მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილებაც შექმნილი დისკომფორტიდან გამომდინარე, თუმცა როდესაც პროექტი სრულდება, ვხედავთ ძალიან ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოებს. ამ პროექტების უკან დგანან ჩვეულებრივი ადამიანები, ვისაც მართლაც 24-საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა და ზედამხედველობა. ძალიან მძიმე და რთულია ამ გრაფიკში მუშაობა, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია, თუ გვინდა, წარმატებული ქალაქი ვიყოთ. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ის სამშენებლო კულტურა, რომ ტენდერში გაიმარჯვოს კომპანიამ და წყნარად ვიყოთ, რომ ის ყველაფერს უმაღლეს დონეზე გააკეთებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აღნიშნული სამსახურის თითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0