გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს შეხვდა და დღეისათვის, დარგში არსებული გამოწვევები და საჭიროებები განიხილა.
„ჩვენი ამოცანაა, რეგიონში დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან კოორდინაციით განვსაზღვროთ ის მიმართულებები, რომლებშიც სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა დარგს განსაკუთრებით სჭირდება. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით და უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტული შედეგები უკვე გვაქვს. სახელმწიფოს აქვს თავისი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს დარგის განვითარებას და ქართული პროდუქციის საექსპორტო არეალის გაფართოებას, თუმცა ამ მიმართულებით კერძო სექტორის, მეწარმეების აქტიური ჩართულობა და როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
როგორც მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, დღეს არსებული გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია ერთობლივად, სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორის კოორდინირებული მუშაობით მოხდეს ღვინის ინდუსტრიაში ჩართული ყველა რგოლის, მხარის ინტერესის დაცვა და გაკეთდეს მაქსიმუმი, რათა დარგი კვლავ მყარად იდგეს ფეხზე. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომავალი კვირიდან, მუშაობა გაგრძელდება სამუშაო ჯგუფების ფორმატში, სადაც განხილული იქნება როგორც დარგში დღეს არსებული გამოწვევების დაძლევის გზები, ასევე საექსპორტო ბაზრის გაფართოების ხელშეწყობის კონკრეტული წინადადებები, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის ფორმები, მიმართულებები და სამომავლო გეგმები.