ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ავსტრიულ მხარესთან თანამშრომლობა

24/01/2023

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თომას მიულმანი იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, ელჩი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილსა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძეს შეხვდა. თომას მიულმანი ასევე წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლას ეწვია, სადაც ავსტრიის საელჩოსა და CENN-ის მიერ, 2021 წელს განხორციელებული ვიზუალური ნამუშევრების სასკოლო კონკურსის „ბუნების სტუმარი“ ერთ-ერთ გამარჯვებულს, მე-11 კლასის მოსწავლეს ელენე ჟღენტს შეხვდა. ელენე ჟღენტმა ელჩს პრეზენტაცია წარუდგინა. ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა, ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში ელიას მთაზე მოქმედი მამათა მონასტერი მოინახულა და ბოლნელ მთავარეპისკოპოს ეფრემს შეხვდა. ვიზიტის დასასრულს, თომას მიულმანმა ბოლნისის მუზეუმში ავსტრიელი მწერლისა და აქტივისტის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველი ქალი ლაურეატის, ბერტა ფონ ზუტნერის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი გამოფენა გახსნა. გამოფენის დათვალიერება მუზეუმში ორი კვირის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ელჩი ბოლნისის მუნიციპალიტეტში მის ქალიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

„დღეს ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს თომას მიულმანს ვუმასპინძლეთ. ელჩმა ბოლნისის ახალ მუზეუმში მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველი ქალი ლაურეატის, ბერტა ფონ ზუტნერის გამოფენა გახსნა. ავსტრიელ მწერალს საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობები აკავშირებდა. ბერტა ფონ ზუტნერმა პაციფისტური იდეების პოპულარიზაციაში დიდი წვლილი შეიტანა და მისი გამოფენის გახსნა დღეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე განსაკუთრებით აქტუალური და სიმბოლურია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ავსტრიულ მხარესთან თანამშრომლობა და ამ პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პროცესში კი მსგავს გამოფენებსა და ღონისძიებებს უდავოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0