ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთიანი ყარაბახის რეგიონში მიმდინარე დაპირისპირების საკითხზე კომენტირებისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა.
მისი თქმით, ეს არის ერთადერთი ამოცანა, რომელსაც ქართული მხარე ემსახურება.
„საქართველოს მთავარი ამოცანა არის, რომ რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის გავაკეთოთ ყველაფერი, ამიტომ მივმართეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ყველა ღონე იხმარონ იმისთვის, რომ უპირველესი – ცეცხლის შეწყვეტის ამოცანა იყოს გადაწყვეტილი. ეს არის მთავარი ამოცანა ნებისმიერი მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში ამ საკითხთან დაკავშირებით, წარმატებით დასრულდება.
„ასევე იმედის მომცემი იყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელი საუბრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ სწორედ ასეთი ფორმატების, ასეთი დიალოგების დროს შეიძლება იყოს ნაპოვნი ოქროს გამოსავალი, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას. საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რეგიონის სტაბილურობის შენარჩუნება და ეს არის ერთადერთი ამოცანა, რომელსაც ქართული მხარე ემსახურება“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.