ჩვენთვის საამაყოა, რომ ჩვენი ჯარისკაცების ერთგული სამსახურისა და თავდადებისთვის ჩვენს ქვეყანას ღირსეულ პარტნიორად მიიჩნევენ

01/08/2018

ჩვენთვის, ქართველებისთვის მართლაც საამაყოა, რომ ჩვენი ჯარისკაცების ერთგული სამსახურის, თავდადებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის დღეს ჩვენს ქვეყანას ღირსეულ პარტნიორად მიიჩნევენ და ეს საერთაშორისო სწავლებაც სწორედ ამ სახელს ატარებს, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სწავლება “ღირსეული პარტნიორის” მონაწილეებს, რომელიც საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება და ამჯერად კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია. სწავლებაში, რომელიც ვაზიანში დღეს გაიხსნა, ნატოს წევრი, პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების 3004 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. პრემიერის განცხადებით, სწავლება “ღირსეული პარტნიორი” მთელ ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებას, სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებას ემსახურება.

“არაერთხელ თქმულა და დღეს ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მსურს განვაცხადო – ეს საერთაშორისო სწავლება არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული, იგი მხოლოდ და მხოლოდ რეგიონულ უსაფრთხოებას, მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას ემსახურება, რაც, დარწმუნებული ვარ, ყველა ერის ინტერესშია.მინდა აღვნიშნო, რომ სწავლების მონაწილე ქვეყნების რაოდენობა მართლაც შთამბეჭდავია, უკვე 13 მონაწილემდე გაიზარდა და მასში შედიან საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, სომხეთი, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი და უკრაინა. სწავლება სასარგებლოა ყველა მონაწილე ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისთვის. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ყალიბდება ურთიერთნდობა სხვადასხვა ქვეყნის სამხედროებს შორის და საფუძველი ეყრება თანასწორუფლებიან, ერთმანეთის გაძლიერებაზე ორიენტირებულ სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობას. რაც შეეხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ეს სწავლება იქნება მეტი პროფესიონალიზმის, მეტი სიმტკიცის, მეტი საბრძოლო მზადყოფნისა და სტრატეგიულ და საერთაშორისო პარტნიორებთან მეტი თავსებადობის მომტანი, ჩვენს ქვეყანას კი მეტ მშვიდობას, მეტ უსაფრთხოებას, მეტ სტაბილურობასა და საერთაშორისო ჩართულობას მოუტანს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო დიდად აფასებს ყველა პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერას და მადლობელია აშშ-ისა და ნატოს სხვა წევრი და მეგობარი ქვეყნების მხრიდან გამოხატული მკვეთრი მხარდაჭერისთვის, რაც სახეზეა ბოლო წლების განმავლობაში და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან.

“მოგეხსენებათ, ისტორიულად, საქართველო არასოდეს ყოფილა განებივრებული მის ტერიტორიაზე მეგობრული ჯარების ყოფნით და ახლა ჩვენ თვისობრივად ახალი ისტორიული რეალობის მომსწრე ვართ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო და რეგიონი დღეს უფრო დაცულია. მეგობრებო, დღეს გმასპინძლობთ ქვეყანა, რომლის ტერიტორიების დიდი ნაწილი სამწუხაროდ ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენი პასუხი ამ ოკუპაციაზე და ამ უმძიმეს გამოწვევაზე არის მხოლოდ მშვიდობა და სტაბილური ქვეყნის მშენებლობა, სადაც მთავარი პრიორიტეტი გახლავთ დემოკრატიული ღირებულებები. მსურს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა პარტნიორს, თითოეულ თქვენგანს იმ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რასაც თქვენ საქართველოსთვის და ჩვენი ერისთვის ახორციელებთ. საერთაშორისო სწავლება ,,ღირსეული პარტნიორი” – 2018, ისევე როგორც ყველა წინა სწავლება, დარწმუნებული ვარ, იქნება შედეგიანი და პოზიტიურ გავლენას მოახდენს მონაწილე ქვეყნების შეიარაღებულ ძალებზე, რომლებიც, თავის მხრივ, ამ სწავლებაში მიღებულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს იმ სასიკეთო საქმეს მოახმარენ, რასაც მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცება ჰქვია. ღმერთი იყოს საქართველოს და ჩვენი ყველა მეგობარი ქვეყნის მფარველი, გისურვებთ წარმატებებს”, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა სწავლების მონაწილე სამხედროებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0