თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა. თბილისის მერმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შპს „თბილსერვის ჯგუფისთვის“ სპეცტექნიკის შესაძენად გამოცხადებული სატენდერო პროცედურები დასრულებულია.
„დაწყებულია მყარი ნარჩენების მართვის სისტემის სრულყოფა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ამაში გვეხმარება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), რისთვისაც მინდა, მათ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. 2018 წლის 27 ნოემბერს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. საუბარია სესხზე, რომლის მეშვეობითაც, შევძლებთ პროექტის განხორციელებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გადაწყვეტილია ნაგავმზიდი მანქანების შეძენა. გამოცხადებული გვქონდა ტენდერი, გვყავს გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც შესაბამის ტექნიკას მოგვაწვდიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ხელშეკრულების თანახმად, სპეცტექნიკა დედაქალაქს რვა-ათი თვის განმავლობაში გადმოეცემა.
„პროექტისთვის გამოყოფილი იყო 15 მლნ ევრო. სესხის ძირითადი კომპონენტი სპეცტექნიკის, მათ შორის, 67 ერთეული ნაგავმზიდისა და შვიდი ერთეული ქუჩის მექანიკური დამგველის, ე.წ. სვიპერის შეძენაა, რომელთა ღირებულება, ჯამში, 9 მილიონი ევროა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტექნიკის არსებობა ქალაქში დასუფთავების თვალსაზრისით და ასევე, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით, ყოველდღიურად მუშაობენ. გადაწყვეტილებას, რომელიც მივიღეთ, გარკვეული დრო დასჭირდა. იცით, რომ ტენდერს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ატარებს, რომელსაც თავისი წესები აქვს. დღეს უკვე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ კომპანიებთან ხელშეკრულება გაფორმებულია და 8-10 თვის განმავლობაში, ტექნიკა უნდა მოგვაწოდონ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ასევე, იგეგმება დამატებით, 65 ერთეული ტექნიკის შესყიდვა, რომელთა შორის, ნარჩენების შემგროვებელი 44 ერთეული მანქანა იქნება.
„გარდა ამისა, საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, იგეგმება დამატებით, 65 ერთეული ტექნიკის შესყიდვა. მათ შორის, ნარჩენების შემგროვებელი 44 ერთეული მანქანა იქნება. ამჟამად, თბილისს 120 ერთეული ნაგავმზიდი ემსახურება და ძალიან მალე ეს პარკი სრულად განახლდება. რამდენიმე წლის წინ ნაგავმზიდი მანქანების გარკვეული რაოდენობა შევიძინეთ, თუმცა ეს საკმარისი არ იყო. აღნიშნული პროექტით კი ტექნიკა სრულად განახლდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქალაქისთვის, ასევე, კომპანიაში დასაქმებული მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა რეკრეაციული სივრცეების მნიშვნელობაზეც გაამახვილა. აღინიშნა, რომ თბილისის მერია ვერის ბაღის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით განახორციელებს.
„ჩვენთვის რეკრეაციული სივრცეების არსებობა ქალაქში პრინციპულად მნიშვნელოვანია და მოქალაქეები ხედავენ, თუ რამდენი ახალი სკვერი, რამდენი რეაბილიტირებული, განახლებული პარკი გაჩნდა ქალაქში ბოლო წლების განმავლობაში. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მომავალი თაობებისთვის. დედაქალაქს ამ მიმართულებით აქვს დიდი პოტენციალი, რესურსი და ჩვენც განვაგრძობთ მუშაობას. მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ აზიის განვითარების ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით, მივიღეთ გადაწყვეტილება ვერის ბაღის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. ვერის ბაღის თანამონაწილეობითი დაგეგმარება იქნება საუკეთესო პრეცედენტი სხვა მწვანე სივრცეების სწორი განვითარებისთვის, მოქალაქეთა ინტეგრაციისა და ჩართულობის გაძლიერების ხელშეწყობისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ეს პირველი პროექტია, რომლის განხორციელებაში მონაწილეობს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ვერის ბაღი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული რეკრეაციული სივრცეა, სრულ განახლებას საჭიროებს.
„არსებული მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, ძალიან მძიმეა. სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის საჭიროა წინასაპროექტო კვლევა, დეტალური დიზაინის პროექტი და შემდეგ უკვე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. გასათვალისწინებელია, რომ ვერის ბაღი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მისი პირვანდელი სახე“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, საპროექტო სამუშაოების ღირებულება 700 000 ლარს შეადგენს და ის ერთი წლის ვადაში დასრულდება. გარდა ამისა, თბილისის მერმა განაცხადა, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობამ ბუკიას ბაღის რეაბილიტაცია განახორციელა. აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 919 053 ლარი დაიხარჯა.
„საბურთალოს გამგეობამ, ყველასთვის ცნობილი და საბურთალოელებისთვის საყვარელი ადგილის – ბუკიას ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2 500 კვ.მ ფართობზე ჩატარდა. ტერიტორიაზე მოეწყო შადრევანი ახალი დიზაინით, LED განათების სისტემა, განახლდა საჭადრაკე სივრცე და განთავსდა საპარკე სკამები. გარდა ამისა, გრანიტისა და ტრავერტინის ფილებით მოპირკეთდა და მოეწყო სივრცე, სადაც ყვავილებს ჰყიდდნენ. როგორც ყველა სკვერში, აქაც განხორციელდა გამწვანების სამუშაოები – დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარე. მათ შორის, 200-წლოვანი ზეთისხილის ხე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მასშტაბით, რეკრეაციული სივრცეების, პარკებისა და სკვერების მოწყობა-განახლების სამუშაოები მომდევნო ოთხ წელშიც აქტიურად გაგრძელდება.
„მიხარია, რომ გამგეობებიც ამ მიმართულებით საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ. რა თქმა უნდა, ეს მიმართულება კიდევ უფრო გაძლიერდება. მეტი მწვანე სივრცე შეიქმნება იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე მწვანე, ეკოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო გამოსწორდეს, ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა კიდევ უფრო სუფთა ჰაერი ისუნთქონ. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. რეკრეაციული სივრცეები, პარკები, სკვერები იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რასაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უდიდეს ყურადღებას დავუთმობთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე ყურადღება ლილოს დასახლებაში არსებული ბიბლიოთეკის რეაბილიტაციაზეც გაამახვილა. ბიბლიოთეკა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
„სამგორის რაიონში, ლილოს დასახლებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი – ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია დავასრულეთ. ბიბლიოთეკა განთავსებულია საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე. ეს იყო უკვე მოძველებული სივრცე, ამიტომ, მასში სრულად შეიცვალა საკომუნიკაციო სისტემები, მოეწყო გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემა, ხოლო ძველი კაბინეტური ტიპის ოთახების ხარჯზე მოეწყო თანამედროვე, ღია სამკითხველო დარბაზი, რომელიც აღჭურვილია კომპიუტერებით, სააბონენტო განყოფილება, მცირე სადისკუსიო დარბაზი, სადაც ასევე, განთავსებულია საბავშვო ლიტერატურის კუთხე და საბავშვო მულტიმედიური სივრცე. ფილიალში ასევე, მოეწყო მცირე ზომის კაფე მკითხველებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ბიბლიოთეკების რეაბილიტაციის გეგმის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი ბიბლიოთეკა განახლდა, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში კი კიდევ რვა ბიბლიოთეკის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება.
„ზოგადად, ბიბლიოთეკების რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია. ჩვენ რამდენიმე კვირის წინ დავასრულეთ ჭავჭავაძის გამზირზე არსებული ბიბლიოთეკის განახლება-რეაბილიტაცია. ჩვენ მთელი ქალაქის მასშტაბით, სულ 38 ბიბლიოთეკა გვაქვს. დაგეგმილი გვაქვს მათი სრული რეაბილიტაცია და განახლება. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, კიდევ რვა ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია განხორციელდება. გარდა ამისა, დაწყებული გვაქვს მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა, სადაც ასევე, განთავსებული იქნება მედიათეკები, ბიბლიოთეკები, ფიტნეს ზონა, სპორტული დარბაზები, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები. შესაბამისად, იქ მისულ ადამიანებს ექნებათ მრავალმხრივი შესაძლებლობა დასვენების, ვარჯიშის და კითხვის. ასევე, ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, დაწყებული გვაქვს იქ არსებული მედიათეკის განახლება და მოწესრიგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ 2021 წლის „თბილისობის“ მუსიკალური წარმოდგენა 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო აღარ გაიმართება, თუმცა, თბილისის მერია საპატიო თბილისელებს წელსაც დააჯილდოებს.
„მოგეხსენებათ, რომ პანდემიის გამო, „თბილისობა“ სატელევიზიო ფორმატში, მუსიკალური წარმოდგენით და საპატიო თბილისელის დაჯილდოებით აღინიშნებოდა, 200-ზე მეტი მუსიკოსისა და სოლო შემსრულებლის, ორი ორკესტრის, ბენდების, ანსამბლების, ტექნიკური და შემოქმედებითი ჯგუფის 100-მდე წევრის მონაწილეობით. ბათუმის ტრაგედიის შემდეგ, უარი ვთქვით „თბილისობის“ მუსიკალურ ნაწილზე და პროექტისთვის გამოყოფილი თანხა დაღუპულთა და დაზარალებული ოჯახების დახმარების ფონდში გადაირიცხება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, 23-24 ოქტომბერს, თბილისში საშემოდგომო ნობათის გარევაჭრობა გაიმართება.
„23-24 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საშემოდგომო ნობათს, სოფლის მეურნეობის პროდუქციას საქართველოს ყველა კუთხიდან. ამისთვის გამოიყოფა სპეციალური ადგილები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში. აღნიშნულ დღეებში გარევაჭრობა ნებადართული იქნება ჩუღურეთში, მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე; სამგორში – ვიქტორ კუპრავას ქუჩის N10, ე.წ. სვანების ბაზრის ტერიტორია; გლდანში, ნოზაძის ქუჩაზე; დიდუბეში – სტანისლავსკის ქუჩაზე, („დიდუბე პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია); დიღმის მასივში – პაიჭაძის ქუჩა N1-ში (სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე); საბურთალოზე – სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე; ვაკეში – გეგეშიძის ბაღში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.