ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, სამინისტრო კლინიკებთან აქტიურ რეჟიმში მუშაობს, მათ შორის იმ ცხრა კლინიკასთან, რომლებმაც გასულ თვეს, პრემიერ მინისტრს, ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტს ღია წერილით მიმართეს.
„როდესაც კლინიკები ინტენსიური სამუშაო რეჟიმის მიუხედავად მინისტრს, პარლამენტს და პრემიერს მიმართავენ ღია წერილით ეს ეფექტურად არ აისახება იმ გატარებულ სამუშაოზე, რომელსაც სამინისტრო ეწევა ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც 520-ე, ასევე ყველა სხვა დანარჩენი დადგენილება იყოს ეფექტური, მორგებული ჩვენს მოქალაქეებზე და ვიღებთ ვალდებულებას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ ხარისხიან სერვისებზე წვდომა, საქართველოს ნებისმიერ გეოგრაფიულ არეალში. ამაზე სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, არა მხოლოდ ფინანსური კუთხით, არამედ ჩვენ მნიშვნელოვნად ვაქცევთ ყურადღებას თუ როგორი ხარისხის სერვისი მიეწოდება ჩვენს მოქალაქეს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია თუ რომელი სახის ოპერაციები და რა რაოდენობით ტარდება საქართველოში და ის ბრალდებები, რომელიც ამ წერილში არის წაყენებული ჩვენთვის არის მიუღებელი“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ გეგმიური ოპერაციების დაფინანსების მიზნით სამინისტროში შესულ 52 000-ზე მეტი მოთხოვნიდან დაფინანსებული არის, ანუ დასტური სამინისტროდან მიღებული არის 70%-ზე.
„მაისის თვეში, 22 რიცხვიდან, მას შემდეგ რაც მოიხსნა საგანგებო რეჟიმი დამატებით კიდევ 6 400 განაცხადს მიეცა თანხმობა წერილზე და ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა შეუფერხებლად მიიღონ მათთვის საჭირო ყველა ის მომსახურება, რომელიც მათი ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ გეგმიური ოპერაციებს, საერთაშორისო სტანდარტებით, აქვს გარკვეული დაყოვნების ვადები, რომლებსაც მსოფლიოს ქვეყნები სხვადასხვანაირად განსაზღვრავენ, თუმცა არცერთ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი არ არის 6 თვეზე დაბალი.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ევროპული და ამერიკული პრაქტიკა, რომელიც დანერგილია სხვადასხვა ქვეყანაში დაინერგოს საქართველოშიც, აქედან გამომდინარე ის დაყოვნების ვადა, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ და არის 4 თვე, ყველა ცივილიზებული ქვეყნისთვის არის ნორმა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამით ვზღუდავთ ხელმისაწვდომობას, პირიქით ჩვენ ვახალისებთ კონსერვატიულ მკურნალობას“,- აღნიშნა მინისტრმა.
ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში გეგმიური ოპერაციების რიცხვი დაბალია.
„რაც შეეხება პასუხს იმაზე, რომ შემცირდა გეგმიური ოპერაციები, თქვენ კარგად ადევნებთ თვალს ყველა ჩემს გამოსვლას, მე ყველა გამოსვლაში ვამბობ, რომ საქართველოში არის კრიტიკული რიცხვი გადაუდებელი ოპერაციების და ეს რიცხვი არის 80%. აქედან გამომდინარე როდესაც ისინი ამბობენ, რომ შემცირდა გეგმიური ოპერაციების დაფინანსება, ისინი გულისხმობენ 20% დაფინანსების შემცირებას, რომელიც რეალურად დღეს დასახელებული რიცხვიდან გამომდინარე ნახეთ, რომ არ შემცირებულა და მე შემიძლია თქვენ წარმოგიდგინოთ ამ პერიოდის სხვა წლების მაჩვენებელი, თუ რა რაოდენობის ოპერაციები სრულდებოდა. სწორედ აი ამ ფაქტებიდან გამომდინარე ის ბრალდებები ჩემთვის არ არის მისაღები. საქართველოში ჯანდაცვის სექტორი ბიუჯეტის პირდაპირ დაფინანსებაზეა, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის უკვე სახელმწიფო გარანტია. საინტერესოა, რომ არც ერთ მოქალაქეს და არც ერთ ჟურნალისტს არ უჩნდება კითხვა იმის თაობაზე თუ რამდენად რაციონალურად ვხარჯავთ ჩვენ ხალხის ფულს და პირიქით ვსვამთ კითხვას იმაზე – რა ბედი ელის ბიზნესს, რომელსაც ისედაც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში აქვს სახელმწიფოს გარანტია”, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.