ჩემპიონატი „მოყვარულთა თასი 2017“ ოზურგეთში გაიმართა

19/04/2017

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციამ, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით, „მოყვარულთა თასი 2017“ – ის გათამაშება დაიწყო და სტარტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან აიღო. „მოყვარულთა თასი 2017“ დღეს ქალაქ ოზურგეთის საფეხბურთო კლუბ „მერცხალის“ სტადიონზე გაიხსნა, სადაც პირველი თამაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის გუნდებს შორის შედგა. მატჩი სოფელ კონჭკათის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ჩემპიონატის გახსნას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
„მოყვარულთა თასი“ არის ოფიციალური საფეხბურთო სამოყვარულო ჩემპიონატი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. ჩემპიონატის მიზანია, ფეხბურთის მასობრიობის გაზრდა, ქვეყანაში სამოყვარულო საფეხბურთო ლიგების ჩამოყალიბება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენა, სპორტული ინფრასტრუქტურის აღდგენა და ვეტერანი ფეხბურთელების დაბრუნება ფეხბურთში.
ჩემპიონატში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 16 სოფლის საფეხბურთო გუნდი იღებს მონაწილეობას. ფინალი 2 დეკემბერს გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა გახლავთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0