არლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, კახაბერ კუჭავამ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებს მისი აპარატიდან დაუკავშირდნენ და შეხვედრა შესთავაზეს.
„მარტივი მიზეზის გამო, რომ გამეცნო და მომესმინა, რამდენად ხედავენ ისინი დისკუსიაში პარლამენტის ჩართვის შესაძლებლობას, რომ შეიქმნას სპეციალური ჯგუფი და რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს პოზიციების დაახლოება და რაც ყველაზე მთავარია, ეს პროცესი ყოფილიყო საჯარო. ის ფორმატი, რომელიც შემოგვთავაზეს, არ არის კონსტრუქციულობის ჩარჩოში ანუ ფიზიკურად შეუძლებელია, საკითხები განხილული იქნას ასეულობით ადამიანთან“, – აღნიშნა კახაბერ კუჭავამ.
მისივე თქმით, პირველი შეხვედრა მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში გაჩნდეს ნდობა, თუ რამდენად აქვთ სურვილი ამ ფორმატით გააგრძელონ დისკუსია იმ საკითხებზე, რაც მათ აწუხებთ.
„ჩემი კარი ყოველთვის ღიაა, თუ მათ სურვილი ექნებათ. შემიძლია შევხვდე რამდენი ადამიანიც იქნება, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ის ფორმატი, რომელსაც შევთავაზებთ მისაღები იქნება, დიდი სიამოვნებით უკვე გავაგრძელებდით სრულიად გამჭვირვალედ ამ პროცესში ყველა ჩართული მხარის მონაწილეობას, ნებისმიერი ფორმით – ლაივი იქნება, ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით. ამიტომ, კიდევ ერთხელ ჩემი შეთავაზება ძალაშია, პირველი შეხვედრა შედგეს და თუ იქნება მათი მხრიდან ინტერესი, რომ ამ ფორმატში გავაგრძელოთ, ვთვლი, რომ პარლამენტი საინტერესო შემადგენლობით, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების მონაწილეობითაც უნდა ჩაერთოს და ამაზეც უნდა ვისაუბროთ მათთან ერთად, შევთანხმდეთ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა რაც შეიძლება მოკლე ვადებში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ბიუროს სხდომაზე 25-28 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრეს. აღინიშნა, რომ მიმდინარე სასესიო კვირაში კანონმდებლები კანონპროექტების განხილვასთან ერთად, სხვადასხვა სარატიფიკაციო დოკუმენტებს და ანგარიშებსაც გაეცნობიან. დეპუტატები პარლამენტის რამდენიმე წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხებსაც განიხილავენ. მიმდინარე სასესიო კვირაში მთელი რიგ კანონპროექტებთან ერთად, დეპუტატები „აღსრულების კოდექსის“ და „მეწარმეთა შესახებ“ მოცულობით კანონპროექტს და „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტებს პირველი მოსმენით განიხილავენ. სხდომაზე ბიუროს წევრები ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს გაეცნენ, რომლებზეც წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განისაზღვრა. სხდომის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს საორგანიზაციო საკითხები გააცნო. პარლამენტის ბიუროს მორიგი სხდომა ხვალ, 25 მაისს, პლენარული სხდომის დაწყებამდე, 11.30 საათზე გაიმართება.