ჩემთვის საამაყოა ის, რომ ვმუშაობთ გამორჩეული სირთულისა და მნიშვნელობის პროექტებზე

17/02/2021

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, საქართველოს მთავრობის წევრი, ვიცეპრემიერი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მოხსენებით გამოვიდა.

„მინდა შემთხვევით ვისარგებლო, მივესალმო ოპოზიციას ამ დარბაზში და იმედი გამოვთქვა, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც დღეს ჯერ კიდევ ქუჩიდან დესტრუქციული ქმედებებით არის დაკავებული, ასევე დაიკავებს პარლამენტში მისთვის განკუთვნილ ადგილებს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, სამთავრობო გუნდის გაცხადებული მიზანია ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება და 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვანო წევრობისთვის განაცხადის წარდგენა.

„ამ მხრივ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც ძალიან მნიშვნელოვანი მისია აკისრია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის ისეთი სახის საერთაშორისო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც უფრო სწრაფად დაგვაკავშირებს ევროკავშირთან. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონებში ეკონომიკური განვითარების დონის მიახლოება ევროპულ დონესთან. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროპული დონის ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება და ინსტიტუციური დაახლოება ევროკავშირის მართვის მოდელთან“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, პანდემიის მიუხედავად გასული წელი სამინისტრომ მნიშვნელოვანი შედეგებით დაასრულა.

„სამინისტრომ 2020 წლის ბიუჯეტი კვლავ გადაჭარბებით – 121%-ით შეასრულა. პირველად სამინისტროს ისტორიაში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში 2 მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი ჩაიდო. 2020 წელს გაწეული სამუშაოების შედეგად ექსპლუატაციაში შევიდა 70 კილომეტრი ახალი ჩქაროსნული მაგისტრალი, ქუთაისის და ხაშურის შემოვლითი გზები, ჯაპანა – ლანჩხუთის მონაკვეთი და ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 580 კმ შიდასახელმწიფოებრივ გზას. ქუთაისი, ზუგდიდი და ჭიათურა პირველად გადავიდნენ 24-საათიან წყალმომარაგებაზე; დასრულდა აბასთუმნის ისტორიული სახლების, ობსერვატორიის და საბაგირო გზის რეაბილიტაცია; ვანის არქეოლოგიური მუზეუმისა და მცხეთის მუზეუმის მშენებლობა; თბილისის „მზიურის“ პარკისა და ასურეთის რეაბილიტაცია; რეგიონებში აშენდა 20 ახალი სკოლა 1530 ბავშვისთვის, 17 საბავშვო ბაღი 1000-მდე ბავშვისთვის. დასრულდა გურჯაანისა და კასპის ინოვაციური ცენტრები და 500 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინები ზუგდიდსა და წყალტუბოში“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, 2021 წელს სამინისტროს ბიუჯეტი რეკორდულ – 2,367 მილიონ ლარს შეადგენს და ამ რესურსის უდიდესი ნაწილი მოხმარდება საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას.

„ჩემთვის საამაყოა ის, რომ ვმუშაობთ გამორჩეული სირთულისა და მნიშვნელობის პროექტებზე – რიკოთისა და ქვეშეთი -კობის მაგისტრალებზე. რიკოთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის დასრულების შემდეგ თბილისიდან ბათუმში 3,5 საათში ჩავალთ. აქტიურად გაგრძელდება სამუშაოები რიკოთის მაგისტრალის ჩუმათელეთი – ხევის, ხევი – უბისას, უბისა – შორაპანის და შორაპანი – არგვეთას მონაკვეთებზე. ასევე აქტიურად გაგრძელდება ბათუმის შემოვლითი გზის, სამტრედია – გრიგოლეთის პირველი და მეოთხე მონაკვეთების, გრიგოლეთი-ქობულეთის მშენებლობა. უკვე საქართველოშია ქვეშეთი-კობის 9 კმ გვირაბის 15 მ დიამეტრის საბურღი მოწყობილობა და გაზაფხულიდან ვიხილავთ ქვეშეთი – კობის გზისა და გვირაბის მშენებლობის პროცესს. 2024 წლისთვის ჩვენ დავასრულებთ 200კმ ახალი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას, რაც სრულიად განსხვავებულ რეალობას შექმნის და ყველა ჩვენს სავაჭრო პარტნიორთან საერთაშორისო სტანდარტის გზები დაგვაკავშირებს“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ეკონომიკის განვითარების დასაჩქარებლად დაიწყება ახალი მასშტაბური პროექტის, თბილისი – საგარეჯოს 35კმ-იანი ავტობანის მშენებლობა. მისივე თქმით, რეგიონებში სწრაფი განვითარების ხელშეწყობა რჩება სამინისტროს უმთავრეს ამოცანად როგორც მოსახლეობის საკეთილდღეოდ, ისე ევროკავშირში ქვეყნის სრულყოფილი ინტეგრაციისთვის. როგორც მაია ცქიტიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის ხელშეწყობისთვის წელს 300 კმ-მდე შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, უცვლელ პრიორიტეტად რჩება რეგიონებში გამართული წყალმომარაგების უზრუნველყოფა და მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით, რეგიონებში წყალმომარაგების გაუმჯობესებას 348 მლნ ლარით მეტი მოხმარდება. მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმის განვითარებისთვის.

„შევქმნით საჭირო ინფრასტრუქტურას ძველი კურორტების გასაცოცხლებლად და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ქვეყანაში გავაჩენთ ახალ მიზიდულობის ცენტრებს, გავაცოცხლებთ მივიწყებულ კურორტებს. მცირე ტურისტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორისაა ტობავარჩხილისა და მწვანე ტბასთან მისასვლელი გზები, ყაზბეგსა და ბორჯომში მუზეუმების რეაბილიტაცია, ონის მუზეუმის მშენებლობა, ფოკის და ზარზმის მონასტრებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და მრავალი სხვა მსგავსი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონებში ტურისტების მოზიდვას“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, კვლავაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მთის განვითარებას და მთის მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერების სხვადასხვა ღონისძიებებს. ასევე, გაგრძელდება გამყოფი ხაზის სოფლებისთვის სხვადასხვა ტიპის საბაზისო, განათლების და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოწყობა. სიტყვით გამოსვლისას, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ წელს სრულდება წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციის შემუშავება, რის საფუძველზეც დაიწყება კურორტის განახლებისთვის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და კერძო ინვესტიციების მოზიდვა.
ვიცეპრემიერმა ყურადღება გაამახვილა განათლების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

„2021 წელს დასრულდება 41 ახალი სკოლის მშენებლობა 7 ათასზე მეტი მოსწავლისთვის და ეტაპობრივად, 2022 წლამდე დასრულდება 100 მეტი სკოლის რეკონსტრუქცია – რეაბილიტაცია, სადაც 10 ათასი ბავშვი სრულიად განახლებულ სკოლაში შეძლებს სწავლის გაგრძელებას“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

მისივე თქმით, ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში განაპირობებს მთელი ქვეყნის და რეგიონების ეკონომიკის სწრაფ განვითარებას. თუმცა, ინფრასტრუქტურული პროექტები ასევე ნიშნავს ინვესტიციას ქართულ კომპანიებში და სტაბილურ შემოსავალს რამდენიმე ათეული ათასი დასაქმებულისთვის, რაც ქვეყანას აახლოებს ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო ეკონომიკურ განვითარების დონესთან.

„თუმცა, ჩვენ ასევე კარგად გვესმის, რომ ევროკავშირის წევრობისთვის გვჭირდება ინსტიტუციური დაახლოება, მათ შორის, რეგიონული განვითარების პოლიტიკაში ევროპული მეთოდოლოგიის უფრო აქტიურად გამოყენება. უკვე დაწყებული გვაქვს ევროკავშირის „გონივრული სპეციალიზაციის“ მიდგომების აქტიური პილოტირება, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტული რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის გამოვლენასა და შესაბამისი განვითარების გეგმების შემუშავებას. ევროკავშირის ერთიანი კვლევის ცენტრთან ერთად საპილოტე რეგიონად შერჩეულია იმერეთის რეგიონი. დავიწყეთ ტერიტორიული მოწყობის ევროპულ სტატისტიკურ კლასიფიკაციასთან დაახლოებაც, რომელზე დაყრდნობითაც მომავალში შევძლებთ ევროკავშირის სტრუქტურული და სხვა ფონდებიდან რეგიონების გამოთანაბრებისთვის მივიღოთ მსხვილი პროგრამული ინვესტიციები. აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, მართვის ევროპული პრაქტიკების დანერგვა. ჩვენი სამინისტროს მხრიდან დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, გავაგრძელებთ მუნიციპალიტეტების ხელშეწყობას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს სამინისტროს მუშაობის შედეგი თვალსაჩინოა – შესრულდა მნიშვნელოვანი პროექტები და ეფექტურად მოხდა პროექტების მართვა პანდემიის პირობებშიც კი. მისივე თქმით, 2020 წლის განმავლობაში დასრულდა 6 000 პროექტი, რომლებშიც დასაქმებული იყო 31 000 ადამიანი და 1 300 კომპანია.

„ყველასათვის რთული 2020 წლის განმავლობაში, არ შეჩერებულა არცერთი სისტემური პროექტი და მეტიც, გამოიძებნა რესურსი 2021 წელს სამინისტროს დაფინანსების გასაზრდელად. პროექტების რაოდენობის და ბიუჯეტის ზრდის მიუხედავად, აღარ არსებობს აუთვისებლობის პრობლემა და ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება. ყველა ეს სამინისტროს გუნდის, ადგილობრივ თვითმმართველობებში ჩვენი პარტნიორების დაუღალავი შრომის, ახლებური მიდგომების დანერგვისა და გატარებული ღონისძიებების შედეგია, და დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან მინდა ყველა ამ ადამიანს მადლობა გადავუხადო. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა აღმოფხვრილია. აქტიურად გვაქვს სამუშაო ისეთი კომპონენტების დახვეწაზე, როგორიცაა პროექტების მართვის და შესრულებული საპროექტო თუ სამშენებლო სამუშაოს ხარისხი, მათ შორის მცირე ზომის პროექტებშიც. დასახვეწია პროექტების შერჩევის მეთოდოლოგია და ინფრასტრუქტურის განვითარების განხილვა რეგიონების ინტეგრირებული განვითარების ჭრილში. ბუნებრივია, ამ პროცესში გვაქვს თქვენთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი და თქვენი მხარდაჭერის იმედი“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოხსენების დასრულების შემდეგ პლენარული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რის შემდეგაც სიტყვით გამოვიდნენ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი და უფრაქციო პარლამენტის წევრები – ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის შეფასებით, მართლაც ძალიან შთამბეჭდავი იყო პლენარულ სხდომაზე მინისტრის მიერ წარმოდგენილი ციფრები და განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის, რომ ამ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელი გახდა მსოფლიო პანდემიისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე.

„პანდემიის და კრიზისი ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის პროექტები, რომლებიც სახელმწიფოს აქვს დაგეგმილი სრულდება და სრულდება გადაჭარბებით. 121%-ით შარშანდელი გეგმის შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ პირველი – ამით გარკვეულწილად ის ეკონომიკური ვარდნა, რომელიც ქვეყანაშია ამ ეკონომიკური კრიზისი გამო, გარკვეულწილად სტაბილურდება. მეორე – მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ამ პროექტებში უშუალოდ დასაქმებულია 31 ათასი ადამიანი. ალბათ ორჯერ მეტია იმ ადამინების რაოდენობა, რომლებიც არაპირდაპირ არიან დასაქმებული სხვადასხვა საწარმოებში და ბიზნესებში, რომლებიც ამაში არიან ჩართული და აქედან იღებენ შემოსავალს. მესამე და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი – საქართველოს მომავალი ამ ინფრასტრუქტურის გარეშე მართლა, წარმოუდგენელია. ის ამბიციური გეგემა, რაც გულისხმობს 2024 წელს ევროკავშირში წევრობის შესახებ ოფიციალური განაცხადის შეტანას, შესაბამის ინფრასტრუქტურასაც გულისხმობს“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

უფრაქციო პარლამენტის წევრი ფრიდონ ინჯია: „ძალიან შთამბეჭდავი იყო. არ ველოდი ასეთ გრანდიოზულ პროექტებს და მინისტრის კომპეტენციას. ყველა კითხვას პასუხი გაეცა სრულად“. უფრაქციო პარლამენტის წევრი დავით ზილფიმიანი: „თქვენი და თქვენი სამინისტროს საქმიანობის მეტი ინფორმირება ეს იქნება ყველაზე კარგი საჩუქარი იმ ხალხისთვის, ვინც ელის რაღაც აღმშენებლობას ქვეყანაში“.

დღესვე, პარლამენტმა რამდენიმე კანონპროექტი განიხილა და მიიღო. დეპუტატებმა 77 ხმით, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრების: დიმიტრი ხუნდაძის, ზაზა ლომინაძის, რამინა ბერაძის და ვლადიმერ კახაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას (ჯარიმას 20 ლარის ოდენობით) პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისათვის. ამასთანავე, კანონპროექტით დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (ჯარიმა 50 ლარის ოდენობით) პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისათვის. კანონპროექტში მითითებულია ასევე, რომ პირბადის ტარების ზემოხსენებულ წესს (მათ შორის, ღია საჯარო სივრცეში ან/და დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესს) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. პარლამენტმა, ასევე დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილა და 77 ხმით მიიღო საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კანონპროექტის თანახმად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფასა და საქმიანობის ადმინისტრირებას განახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, ნაცვლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფისა. მომხსენებლის, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ბექა დოჭვირის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მაკოორდინირებელი ფუნქცია კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიწევს და კიდევ უფრო აქტიურად მოხდება კორუფციასთან ბრძოლა. დეპუტატებმა, 78 ხმით მიიღეს პარლამენტის დადგენილება „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“.

დადგენილების მიხედვით:
შეიქმნება 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია;
დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხთა წრედ განისაზღვრება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებული საარჩევნო დარღვევები და მათი გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე;
დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 3 თვით.
დადგენილების პროექტის ავტორმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვისკენ მოუწოდა.

„ჩვენი შეთავაზება საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ისევ ძალაშია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით მათ, ვინც საპარლამენტო ცხოვრებაშია ჩართული, მონაწილეობა მიიღონ ამ კომისიის მუშაობაში და საბოლოოდ ამოვწუროთ კითხვები, თუკი ასეთი კიდევ რჩება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0