თერჯოლის მუნიციპალიტეტის, სოფელ თუზში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. აღნიშნული გზით სოფლის მოსახლეობა ადმინისტრაციულ ცენტრს უკავშირდება. გზის მოწყობის სამუშაოები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიაშვილმა მოადგილესთან მანუჩარ რობაქიძესთან ერთად დაათვალიერა.
“ჩემთვის მნიშვნელოვანია, თითოეული სოფლის საჭიროებას ადგილზე გავეცნო და უშუალოდ მათგან მოვისმინო პრიორიტეტული საკითხები. მოსახლეობის თხოვნა საუბნო გზის კეთილმოწყობა იყო, რომელიც რამდენიმე უბანს ერთმანეთთან აკავშირებს. აღნიშნულ გზაზე გადაადგილება მათთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა.
შემოსული განცხადებების საფუძველზე და მერიის აქტიური ჩართულობით დროულად მოხდა გზის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. რეაბილიტაციის ფარგლებში 1,7 კმ-იან საუბნო გზაზე არმირებული ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხები და მიერთებები მოეწყობა. ამ ეტაპზე ძირითადი საგზაო სამუშაოები შესრულებულია და საბოლოოდ მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება”, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.
პროექტის დაფინანსების წყარო რეგიონული განვითარების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტია. სოფელ თუზში შიდა საუბნო გზის და ამავე დროს წმინდა სამების ტაძრამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “მეკა” ახორციელებს.