დაბა ჩაქვში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა, რომელიც მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით აშენდა. საბავშვო ბაღში სკოლამდელ განათლებას 120 აღსაზრდელი იღებს და 18 ადამიანია დასაქმებული. მისი მშენებლობისთვის ქობულეთის გამგეობამ 439 000 ლარი დახარჯა. ახალი საბავშვო ბაღი განსაკარგავად 2 წლით საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა.
პროექტის ფარგლებში საბავშვო ბაღის ორსართულიანი შენობა აშენდა, რომელიც შშმ პირებისთვის ადაპტირებულია. შენობაში მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა, ასევე საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვა და კეთილმოეწყო ეზო.
საბავშვო ბაღის საზეიმო გახსნას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი), აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. შენობის დათვალიერების შემდეგ ილია ჭავჭავაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ჩაქვის წმ. კეთილმოწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლის აღსაზრდელებმა ლიტერატურული კომპოზიცია „მომავალი ჩვენია“ წარმოადგინეს.
მიმდინარე წელს ქობულეთში კიდევ 3 საბავშვო ბაღის გახსნაა დაგეგმილი.
ჩაქვში საბავშვო ბაღი გაიხსნა
30/09/2016