ჩარდახსა და პატარა ქანდაში ახალი საბავშვო ბაღები შენდება

24/12/2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჩარდახსა და პატარა ქანდაში აქტიურად გრძელდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოები. პროექტების მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი ადგილზე გაეცნენ. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მიმდინარე პროგრამის ფარგლებში ასრულებს. პროგრამის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაო უნდა განხორციელდეს. მათ შორის მცხეთა-მთიანეთის მხარეში დაგეგმილია 9 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 14 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. შენობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აშენდება და რეაბილიტირდება. მოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები, ასევე საბავშვო ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის. საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარება ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და პრიორიტეტების მიხედვით დაიგეგმა. ასევე, აღსანიშნავია, რომ სოფელ პატარა ქანდაში, საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სკვერის სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა. 330 000 ლარზე მეტი ღირებულების პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოეწყო ბავშვთა გასართობი კუთხე, სკამები, ლამპიონები, ფანჩატური, დაიგო დეკორატიული ფილები და დამონტაჟდა ტრენაჟორები. სივრცე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
ℹრეგიონის განვითარების მიზნით, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მხარის ოთხივე მუნიციპალიტეტში კვლავ აქტიურად გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0