მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, უკრაინულმა კომპანიის Energia Linter და Przemysl’s Social and Economic Association – ის წარმომადგენლებმა ალტერნატიული, თანამედროვე შუქდიოდური (LED) გარე განათების სისტემის შესახებ პრეზენტაცია გამართეს. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში შუქ-დიოდების წარმოების შესაძლებლობაზე, ლედ სანათების ეფექტურობასა და ძველი განათების სისტემასთან შედარებით მის უპირატესობებზე ისაუბრეს. დიოდური სანათების ავტომატიზებული სისტემა უზრუნველყოფს უკეთეს ვიზუალურ, ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურ განათებას. აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვა საშუალებას იძლევა 70-% -ით შემცირდეს ენერგომოხმარება. ხოლო ექსპლუატაციის ხარჯებს 50%-ით შეამცირებს. დიოდების ექსპლუატაციის ვადა 10 წლამდე განისაზღვრება. კომპანიები მზად არიან რეგიონის მასშტაბით განახორციელონ საპილოტე პროექტები და დიოდური სანათები საცდელი ვადით შერჩეულ ტერიტორიაზე, კერძოდ ჯვრის მონასტრის მიმდებარედ დაამონტაჟონ. ამასთან, უცხოური კომპანიის წამრმომადგენელმა ენერგოეფექტური და ალტერნატიული გათბობის სიტემები შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, განახლებადი ენერგიის, კერძოდ ორგანული ნარჩენების გამოყენება ეფექტურია, რადგან ამ შემთხვევაშიც დანახარჯი მნიშვნელოვნად მცირდება. პრეზენტაციას, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, პირველი მოადგილე გურამ ამირიძე, მოადგილეები მაცაცო ნარიმანიძე და თამაზ სუჯაშვილი, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
შუქდიოდური (LED) გარე განათების სისტემის პრეზენტაცია გაიმართა
27/03/2017