შუა დერეფანი მოიცავს ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია

30/11/2023

„CAREC-ის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება ყველა მონაწილე ქვეყნის სტრატეგიული არჩევანია. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, აზიის განვითარების ბანკის, საერთაშორისო სააგენტოებისა და განვითარების პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით, CAREC უფრო დიდ წვლილს შეიტანს რეგიონულ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში”. – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის რიგით 22-ე მინისტერიალის დასკვნით სესიაზე სიტყვით გამოსვლისას. გენადი არველაძის განცხადებით, სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაცია გადამწყვეტია მიწოდების ჯაჭვების მდგრადობისა და მოქნილობის გასაზრდელად. ამ კონტექსტში, „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა კიდევ უფრო მეტად იზრდება.
მისივე თქმით, მომზადდა არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევა, რომლებიც შუა დერეფნის უპირატესობებსა და შესაძლებლობებზე ამახვილებენ ყურადღებას.

„ჩვენი დერეფანი თავისი არსით მულტიმოდალურია, რაც დაკავშირებულია გარკვეულ სირთულეებთან, რადგან ის მოითხოვს სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტის ინტეგრაციასა და გამართულ მუშაობას. მიუხედავად ამისა, შავ ზღვაზე პირდაპირი წვდომა საქართველოს საშუალებას აძლევს დივერსიფიკაცია გაუწიოს სავაჭრო ნაკადებს და მეტ ბაზარზე გავიდეს. შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობა ეყრდნობა სხვადასხვა ასპექტს, როგორიცაა დრო, ღირებულება, საიმედოობა, უსაფრთხოება და დაცულობა,“ – აღნიშნა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ შუა დერეფანი ერთ-ერთი უმოკლესი და სწრაფი სატრანსპორტო მარშრუტია ევროპასა და აზიას შორი, რომელიც 15-25 დღით ამცირებს ტრანსპორტირების ხანგრძლივობას. მისივე განცხადებით, გამჭოლი ტარიფების დაწესებამ შუა დერეფნის მიმზიდველობა მნიშვნელოვნად გაზარდა. ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა უსაფრთხოება და დაცულობა, რაც, არველაძის თქმით, გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის დროს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ელემენტი ხდება.

„შუა დერეფანი მოიცავს ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია, რაც მას ერთ-ერთ პერსპექტიულ და სწრაფად განვითარებად სატრანსპორტო მარშრუტად აქცევს“, – აღნიშნა გენადი არველაძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო წელს პირველადაა CAREC-ის თავმჯდომარე ქვეყანა 2016 წელს გაწევრიანების შემდეგ. მინისტერიალს დაესწრნენ CAREC-ის მონაწილე ათი ქვეყნის სახელმწიფო უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, კერძო სექტორის, საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა. თბილისში 22-ე მინისტერიალის ძირითადი თემა იყო რეგიონში კლიმატის ცვლილებებისადმი მიმართული ღონისძიებების, სტრატეგიული მიზნების და გეგმების განსაზღვრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0