შსს-ს მძღოლთა ტესტირების კომისიის ექსპერტები ესტუმრნენ

19/02/2017

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამუშაო ვიზიტით, მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო კომისიის (Cieca) დელეგაცია ეწვია. Cieca-ს დელეგაციის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებს – შალვა ხუციშვილს და დავით ვარდიაშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე შალვა ხუციშვილი სტუმრებს შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და ინოვაციურ პროექტებზე ესაუბრა. მხარეებმა პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში გატანის საკითხი განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შსს-ს მომსახურების სააგენტო დაათვალიერეს და იქ არსებულ სერვისებს ადგილზე გაეცნენ. სააგენტოს დირექტორთან, ნიკა გელაშვილთან შეხვედრისას, მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო კომისიის ექსპერტებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და მართვის მოწმობის გაცემის საკითხებზე იმსჯელეს. დელეგაციის წევრებმა ქართულ მხარეს მართვის მოწმობის გაცემის პროცედურების შესახებ საერთაშორისო და ევროპული გამოცდილება გაუზიარეს და მძღოლთა ტესტირების თანამედროვე მეთოდებზე ისაუბრეს. Cieca-ს ექსპერტები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. შეხვედრაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების აქტუალური საკითხები განიხილეს. უცხოელმა ექსპერტებმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს. მათ განსაკუთრებული ყურადღება მართვის მოწმობის გაცემის საკითხს დაუთმეს. Cieca – მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1956 წელს დაარსდა და ევროკავშირის ქვეყნებში საგზაო მოძრაობის სტანდარტების შემუშავებას, მხარდაჭერასა და მონიტორინგს უზრუნველყოფს. შსს-ს მომსახურების სააგენტო Cieca-ში 2014 წელს გაწევრიანდა და აღნიშნულ ორგანიზაციასთან დღემდე აქტიურად თანამშრომლობს. სააგენტო სისტემატურად მონაწილეობს მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამართულ სხვადასხვა სემინარსა და კონგრესებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0