შსს-ს აკადემიის დელეგაციამ ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის (AEPC) აღმასრულებელი საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღო
შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ, აკადემიის დელეგაციასთან ერთად, კვიპროსის რესპუბლიკაში, ქალაქ ლარნაკაში, ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის (AEPC) აღმასრულებელი საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღო.
სხდომას ავსტრიის, გერმანიის, ნორვეგიის, კვიპროსის, რუმინეთის, ნიდერლანდების, პოლონეთის და უნგრეთის პოლიციის აკადემიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს შსს-ს აკადემია აღნიშნულ შეხვედრაში, AEPC-ს აღმასრულებელ საბჭოში მუდმივმოქმედ წევრად არჩევის შემდეგ, პირველად მონაწილეობდა.
გივი მიქანაძემ შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს შსს-ს აკადემიაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. დამსწრეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია რეგიონული ტრენინგცენტრის პროექტმა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით შეიქმნა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის ინსტრუქტორები 2018 წლის მაისსა და სექტემბერში, საქართველოს შსს-ს აკადემიასთან თანამშრომლობით, ქართველი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონის პოლიციის აკადემიათა ინსტრუქტორებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მოქმედი თანამშრომლებისათვის ტრენინგებს ჩაატარებენ.
შეხვედრაზე, ასევე, განისაზღვრა ასოციაციის წევრ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის 2018 წლის სამოქმედო გეგმა, რომლის თანახმად, საქართველოს შსს-ს აკადემიისა და შს სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საერთაშორისო შეხვედრებსა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას მიიღებენ.
ვიზიტის ფარგლებში, გივი მიქანაძემ რუმინელ, პოლონელ და უნგრელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა, სადაც მხარეებმა ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებსა და ქვეყნებს შორის მომავალი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმებზე იმსჯელეს.
საქართველოს შსს-ს აკადემია ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის წევრია. 2017 წლის მაისში იგი, ფარული კენჭისყრით, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მუდმივმოქმედ წევრად აირჩიეს. შსს-ს აკადემია ერთადერთია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციათა აკადემიათა შორის, რომელიც წარმოდგენილია ევროპის კოლეჯთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში.
შსს-ს აკადემიის დელეგაციამ ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის (AEPC) აღმასრულებელი საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღო
13/10/2017