შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი აღკვეთა

22/06/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.გ. და 1991 წელს დაბადებული ი.ს., ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, ფულისა და ძვირფასეულობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანში მცხოვრებ ო.კ.-ს ოჯახზე თავდასხმა დაგეგმეს, მაგრამ სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, განზრახვა ვერ განახორციელეს.

პოლიციამ ორივე ბრალდებული იმ დროს დააკავა, როცა ერთ-ერთის კუთვნილი ავტომობილით, მარნეულის რაიონის სოფელ შულავერში იმყოფებოდნენ.

სამართალდამცველებმა, ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, დანაშაულის ჩადენისთვის მომზადებული ნიღბები და დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს ( საქართველოს სსკ-ს 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

Tweet about this on TwitterShare on Facebook0