შსს-მ ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის 2 პირი დააკავა

16/09/2017

შსს-ს გენერალური ინსპექციის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული თ. ჰ. და საქართველოს მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული გ.მ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თ.ჰ.-მ, სლოვენიის მოქალაქის ყალბი პასპორტის და ჩასხდომის ბარათში ყალბი თარიღ-დამღის გამოყენებით, თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თვითმფრინავში უკანონოდ შეაღწია. ასევე, დადგინდა, რომ მას დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში საქართველოს მოქალაქე გ.მ. დაეხმარა და ჩასხდომის ბარათში ყალბი თარიღ-დამღა დაუსვა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩაატარეს, რის შედეგადაც ამოიღეს: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის სამგზავრო პასპორტი და თურქეთის რესპუბლიკის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი სავარაუდოდ ყალბი დოკუმენტები, 7 ცალი საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სავარაუდოდ ყალბი თარიღ-დამღა, სამელნე და ოთხკუთხედი ფორმის ქაღალდზე დატანილი ქართული თარიღ-დამღა. ნივთმტკიცებად ამოღებული დოკუმენტები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.
გამოძიება თ. ჰ.-ს მიმართ სსკ-ს 19-344 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ყალბი საბუთების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობა), სსკ-ს 19-344-ე მუხლის 1 ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა) და სსკ-ს 362-ე მუხლის 1 ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის შეძენა-შენახვა-გამოყენება), ხოლო გ.მ.-ს მიმართ – სსკ-ს 19-25-344 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ყალბი საბუთების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობაში დახმარება), სსკ-ს 19-25-344-ე მუხლის 1 ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაში დახმარება) და სსკ-ს 362-ე მუხლის 1 ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება და გასაღება) ბრალდებით მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0