შსს-მ მიუხედავად პირადი პოლიტიკური სიმპათიისა, უნდა დაიცვას ყველას უფლება

20/09/2016

გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, „მშვიდობის მემორანდუმს“ ხელი მოაწერონ, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მიესალმება პრემიერის ინიციატივას „მშვიდობის მემორანდუმთან“ დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარტიებს, მემორანდუმის ხელმოწერისკენ.

“მართალია, მემორანდუმები არ არის არჩვენების მშვიდ ვითარებაში ჩატარების სრული გარანტი. გარანტი პირველ რიგში, კანონის უზენაესობა და მისი დაცვაა. კანონის დაცვას კი, პრეზიდენტის აზრით, არ სჭირდება დამატებითი პოლიტიკური კეთილი ნება. ამისთვის უპირველეს ყოვლისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, უნდა შეასრულოს თავისი პირდაპირი მოვალეობა და მიუხედავად პირადი პოლიტიკური სიმპათიისა, დაიცვას ყველას უფლება, აწარმოოს მშვიდი საარჩევნო კამპანია”,- განაცხადა მიშველაძემ.

პრეზიდენტი დაუშვებლად მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები 114 ათასზე მეტი ადამიანი, რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა მხარესა თუ ოლქში, ამომრჩევლის სტატუსით იქნა დარეგისტრირებული, -განაცხადა მიშელაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა რუსეთის დუმის არჩევნებს, რასთან დაკავშირებითაც საარჩევნო უბნები ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იყო გახსნილი.მისივე თქმით, პრეზიდენტი გმობს ამ ქმედებას და საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

“ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობამ მონაწილეობა მიიღო უცხო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში. ყოველივე ეს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აღიქმება. პრეზიდენტის აზრით, ყოვლად დაუშვებელია, რომ ამ რეგიონებში მცხოვრები 114 ათასზე მეტი ადამიანი, რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა მხარესა თუ ოლქში, ამომრჩევლის სტატუსით იქნა დარეგისტრირებული. ეს ყველაფერი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს”, – განაცხადა მიშველაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0