შსს „მანქანისგან თავისუფალი საერთაშორისო დღის“ აქციას შეუერთდა

22/09/2016

შინაგან საქმეთა სამინისტრო, სოციალური კამპანიის – “შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის” ფარგლებში, „მანქანისგან თავისუფალი საერთაშორისო დღის“ აქციას შეუერთდა. აქციაში აღნიშნული კამპანიის სახე, ძარიან ავტომობილებში პირველი ქართველი ევროპის ჩემპიონი დათა ქაჯაია და შსს-ს სპორტული კლუბი MIA Force-ის ავტომრბოლელები მონაწილეობდნენ.

„მანქანისგან თავისუფალი საერთაშორისო დღის“ ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა. აქციის ფარგლებში, თბილისში, ველომოყვარულებმა სტარტი მეტროსადგურ „რუსთაველთან“ აიღეს და „თავისუფლების მოედნისკენ“ გაემართნენ. მსვლელობა „ვარდების მოედანზე“ დასრულდა.

„მე აქტიურად ვარ ჩაბმული შსს-ს კამპანიაში – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ და კარგად მესმის, რომ გარემოზე ზრუნვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ეს ის არჩევანია, რომელიც ჩვენი ბავშვების, ჩვენი ახლობლების უკეთეს მომავალს ემსახურება. ვფიქრობ, ჩვენ არჩევანი უნდა გავაკეთოთ არა საკუთარი კომფორტის, არამედ ახლობელი ადამიანების, მომავალი თაობის ჯანმრთელობის სასარგებლოდ…ევროპისკენ, დასავლეთისკენ მიმავალი გზა სწორედ ამ არჩევანიდან იწყება და ჩემი სურვილია, რომ ეს არჩევანი ყველამ გავიზიაროთ!“ – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბი MIA Force-ის წევრმა დათა ქაჯაიამ.

ეს დღე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 2000 წლიდან აქტიურად აღინიშნება. აქცია ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები ავტომობილის მოძრაობას, გარემოს მოფრთხილებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

მოქალაქეები ამ დღეს პირადი ავტომობილით სარგებლობისგან თავს იკავებენ, ფეხით გადაადგილდებიან ან ალტერნატიულ და ეკოლოგიურად უსაფრთხო ტრანსპორტს იყენებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0