განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიში მოისმინეს. პარლამენტის წევრებს ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ გააცნო.
დასაქმების პოლიტიკის განხორციელებაში რამდენიმე სახელმწიფო უწყებაა ჩართული, ესენია: დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
„შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში 2020-2023 წლებში 65 ათასზე მეტი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა, აქედან 2023 წელს – 17 339“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მომხსენებლის ინფორმაციით, სააგენტოს სერვის ცენტრებში სამუშაოს მაძიებლებს გაეწიათ როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური კონსულტაციები. მათ შორის, პროფესიული კონსულტაცია განხორციელდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებშიც. მისივე თქმით, მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების მიზნით, ხორციელდება შრომის ანაზღაურების სუბსიდირების პროგრამა, რომლის მიზანია, სამუშაოს მაძიებელი სოციალურად დაუცველი ან დევნილი ახალგაზრდების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა (სსსმპ) დასაქმების ხელშეწყობა.
„2023 წელს ჩატარდა დასაქმების 9 ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 250-ზე მეტმა დამსაქმებელმა და 800-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა. სტაჟირების პროგრამაში ჩაერთო 91 დამსაქმებელი და 593 სამუშაოს მაძიებელი (სტაჟიორი), მათ შორის 2023 წელს – 31 დამსაქმებელი და 144 სამუშაოს მაძიებელი. სოციალურად დაუცველ 39 999 სამუშაოს მაძიებელს შესაძლებლობა მიეცა დასაქმებულიყო საზოგადოებრივ სამუშაოებზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით, გერმანული მხარის მიერ 2023 წელს 1 100-ზე პირზე გაიცა სამუშაო ნებართვა.