„შრომითი უფლებები და შრომის უსაფრთხოება ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია და პარლამენტი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს კანონმდებლობა და კიდევ უფრო აქტიურად განხორციელდეს საპარლამენტო საზედამხედველო ფუნქცია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს პარლამენტში დღეს, შრომით საკითხებთან დაკავშირებით, დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა იმართება, რომელსაც ირაკლი კობახიძე ესწრება.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, არაერთი კანონია მიღებული, მათ შორის, ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც ამ სფეროში სტანდარტებს აუმჯობესებს.
თუმცა, მისივე შეფასებით, საჭიროა კანონმდებლობისა და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის მეტად დახვეწა და განვითარება. ირაკლი კობახიძემ ამ მიმართულებით, დონორთა მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ დონორთა საკოორდინაციო შეხვედრაზე სწორედ აღნიშნულ საკითხებზე იმსჯელებენ.
„საჭიროა ცვლილებების განხორციელება კანონმდებლობაში, სხვადასხვა მიმართულებით. ახალ ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ უკვე მიღებულია, თუმცა, არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც დახვეწას საჭიროებს დახვეწას, მათ შორის, „შრომის კოდექსში“ და ამაზე დღეს დეტალურად გვექნება საუბარი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძე ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვას გამოეხმაურა.
„ზოგადად, ამ მიმართულებით, არის სერიოზული გამოწვევები. ჭიათურის შემთხვევამ აჩვენა, რომ არის სერიოზული გაუმჯობესების შესაძლებლობა. მოხარული ვარ, რომ ამ შემთხვევაში, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები და დაკმაყოფილდა მაღაროელების სამართლიანი მოთხოვნები, რაც ძალიან კარგი პრეცენდენტია და რაც აჩვენებს იმას, რომ დადებითი ტენდენცია იმ კუთხით, რომ მეტად ხდება მშრომელების ინტერესების და მათი სამართლიანი მოთხოვნების გათვალისწინება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამას მყარი საფუძველი კანონმდებლობამ უნდა შეუქმნას.
ირაკლი კობახიძემ იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც, შესაძლოა, „შრომის კოდექსში“ განხორციელდეს.
„საუბარია არაერთ ცვლილებაზე, რომელიც, შეიძლება, „შრომის კოდექსში“ განხორციელდეს, მათ შორის, ანაზღაურების კუთხით, შვებულებების კუთხით და ა.შ. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საზედამხედველო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით, საერთაშორისო დონორების თანადგომას და მხარდაჭერას ველოდებით“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
შრომის უსაფრთხოებასა და შრომით უფლებებთან დაკავშირებით, კოორდინირებული და ეფექტური საქმიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს პარლამენტის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი. მისი თქმით, ამ მიმართულებებით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, რამდენიმე კომიტეტი მუშაობს და არსებობს შესაბამისი სამუშაო ჯგუფიც.
„იმისთვის, რომ უფრო კოორდინირებული და ეფექტური იყოს ამ მიმართულებით ჩვენი საკანონმდებლო და შემდგომ, საზედამხედველო საქმიანობა, რომელშიც ძალიან აქტიურად გვეხმარებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, გვინდა, რომ მოხდეს კოორდინაცია და იმ მიმართულებით წარვმართოთ მუშაობა, რომელიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული შედეგზე“, – აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
რაც შეეხება შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, პარლამენტის წევრის განცხადებით, საჭიროა „შრომის უსაფრთხოების“ შესახებ კანონის ეტაპობრივი გაძლიერება.
„გეგმაში გვაქვს, რომ განვახორციელოთ „შრომის კოდექსის“ ფუნდამენტური რეფორმა, სადაც ყველა ის დირექტივა აისახება, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული და შესაბამისად, ის პრობლემები, რომელიც ამ მიმართულებით დგას – ზეგანაკვეთური სამუშაო, დასვენების დღეები, შვებულებები და სხვა საკითხები, რომლებსაც მოწესრიგება სჭირდება. ასევე, ინსტიტუციური მექანიზმების, შრომის ინსპექციის გაძლიერება და ძლიერი, დამოუკიდებელი ორგანოს ჩამოყალიბება, რომელიც კანონების აღსრულებაზე მონიტორინგს ეფექტურად განახორციელებს“, – განუცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს.