შრომითი მიგრაციის რეგულირებისთვის კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს

15/02/2023

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია საქართველოში შრომითი მიგრაციის რეგულირების სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, რაც ლეგალურ შრომით მიგრაციას შეუწყობს ხელს.

მომხსენებლის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თამილა ბარკალაიას განმარტებით, სავალდებულო ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური და იურიდიული პირების სერტიფიცირება. ასევე, შემოთავაზებული ცვლილებებით, ადგილობრივმა დამსაქმებელმა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის დასაქმების შესახებ მონაცემები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ ონლაინ-სისტემაში უნდა დაარეგისტრიროს. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაზე მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური უზრუნველყოფს. მისი თქმით, კანონპროექტის მიღების შედეგად, შესაბამისი პირი გათავისუფლდება იმ ჯარიმის გადახდისაგან, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ არის აღსრულებული.

​„ეს არის ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ჩვენი მიგრაციის კანონმდებლობას დააახლოებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ეს კანონი პირველ რიგში მიმართულია ჩვენი მოქალაქეების შრომითი უფლებების დაცვაზე, რომ შევამციროთ მათი მოტყუების რისკი და გავზარდოთ მათი ღირსეული დასაქმების შესაძლებლობები როგორც საზღვარგარეთ, ასევე ადგილობრივ შრომის ბაზარზე“, – განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0