შინდისის გმირების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად 17 ნერგი დაირგო

11/08/2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ შინდისის გმირების სკვერში 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. სკვერში ასევე შეიკრიბნენ ბათუმის ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე, რეგიონის მინისტრთა კაბინეტისა და ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლები, შინდისთან დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები. სკვერში შეკრებილებმა შინდისის გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკეს. აღევლინა დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი. შინსდისთან დაღუპული 17 გმირის სახელზე პარკში 17 ნერგი დარგეს. თითოეული გმირის სახელზე ნერგების დარგვის ტრადიციას გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ყოველწლიურად, 11 აგვისტოს განხორციელდება. „ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ჩვენი ბიჭების სახელებს. უნდა გავიხსენოთ 2008 წლის 11 აგვისტო, ის მძიმე ტრაგიკული დღე, როდესაც უთანასწორო ბრძოლაში ჩვენი 17 ვაჟკაცი ჯარისკაცი დაიღუპა. მაქსიმალური ყურადღება ეთმობა მათ ოჯახებს. მათი სახელები არის დაუვიწყარი. უკვე მეორე წელია ვრგავთ 17 ნარგავს, რაც ხსოვნის სიმბოლოა,“ – აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. ქართველი ჯარისკაცების მიმართულებით მტერი თითქმის ყველა სახის იარაღიდან ისროდა, მათ შორის ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდან და მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგემ ორჯერ გამოიძახა დახმარება, ჩვიდმეტმა ქართველმა მებრძოლმა მტერს მედგარი წინააღმდეგობა ბოლომდე გაუწია და გმირულად დაიღუპა. შინდისის გმირების სახელობის სკვერი ბათუმში გასული წლის აპრილში გაიხსნა. ევროსტანდარტების შესაბამისად მოწყობილი პარკი ოთხ ჰექტარზეა გაშენებული. პარკის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 902 ათასი ლარი დაიხარჯა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0