შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.გ. დააკავეს. მას ბრალი ედება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვასა და ძალადობაში. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.გ. მიმდინარე წლის 10 სექტემბერს ერთ-ერთ მოქალაქეს, 1983 წელს დაბადებულ ლ.კ.-ს შეხვდა. მან ლ.კ.-ს, ყოფილი ბიზნესპარტნიორისთვის ვალის დაბრუნების მოტივით, თვითნებურად განსაზღვრული თანხის – 70 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მისი და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით დაემუქრა.
აღნიშნული შეხვედრიდან ერთი თვის შემდეგ, 11 ოქტომბერს, გ.გ. კვლავ შეხვდა ლ.კ.-ს, რა დროსაც მას, თანხის გადაუხდელობის გამო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა მოძალადე გამომძალველი მომხდარიდან რამდენიმე დღეში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისის ზღვის უბნის დასახლებაში დააკავეს.
გამოძიება ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევი პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვისა და ძალადობის ფაქტებზე, სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში გამოძალვის და ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
21/10/2018