შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში „გალფის“ დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

08/07/2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ავჭალაში ავტოგასამართი სადგურის ოპერატორზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული გ.ვ., ყაჩაღობის ბრალდებით, შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, 100 მეტრში, მიმალვის მცდელობისას დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა კომპანია „გალფის“ კუთვნილი ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს დანის მუქარით 500 ლარი გასტაცა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა და გატაცებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოკითხვისას გ.ვ.-მ მის მიერ ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაული აღიარა. მისივე განაცხადებით, რამდენიმე დღის წინ თბილისში, სანზონაში მდებარე „გალფის“ ავტოგასამართ სადგურზეც განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა, სადაც ოპერატორს, ასევე, დანის მუქარით 300 ლარი გასტაცა.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0