შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ბრალდებით 8 პირი დააკავა

11/02/2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, საქართველოს ფოსტის საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაცვლის ცენტრის დახარისხების ოპერატორი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფარულად, არაერთხელ დაეუფლა მოქალაქეების კუთვნილ ამანათებსა და მცირე პაკეტებს. პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლის და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1-5 თებერვალს ქურდობის ბრალდებით 8 პირი დააკავა: ბათუმში – 1, თბილისში – 2, გორში – 1, კახეთში -1, მცხეთა-მთიანეთში – 3. გურიაში ქურდობის ფაქტზე მხილებულია 1 არასრულწლოვანი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 3 პირი დააკავეს, რომლებმაც დაბა ჟინვალსა და სოფელ არაგვისპირში ორი სააგარაკე სახლი გაქურდეს, ნაქურდალი ნივთები კი თბილისში, ერთ-ერთ ლომბარდში ჩააბარეს. ბათუმში სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს რესტორან „ძველ გემში“, მობილური ტელეფონის და კომპიუტერული ტექნიკის ქურდობისთის, ხოლო გორში დაკავებულმა პირმა, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სწრაფი გადახდის აპარატი გატეხა და იქ არსებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. კახეთში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ძებნილმა, აზერბაიჯანის მოქალაქემ, გვიან ღამით, სოფელ მშვიდობიანიდან, ამავე სოფელში მცხოვრები მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანა მოიპარა. სამართალდამცველებმა იგი იმავე ღამეს, ცხელ კვალზე დააკავეს.
ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი არასრულწლოვანი ამხილეს, რომელმაც საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოდან საყოფაცხოვრებო ნივთები და სანადირო თოფი მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ყველა აღნიშნულ ქურდობის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0