შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად აქვეყნებს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას

30/01/2018

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ განაცხადა: “როგორც უკვე არაერთხელ განვაცხადეთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ღია და გამჭვირვალე. ჩვენ საზოგადოებას დავპირდით, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე რეგულარულად მივაწვდიდით ინფორმაციას.
წარმოგიდგენთ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სტატისტიკური კალენდრის შესაბამისად, დღეს გამოქვეყნდა ამ სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდებზე. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა წარმოდგენილია დეტალურად და ჩაშლილად, სისხლის სამართლის კოდექსის თავებისა და მუხლების მიხედვით. ამგვარი დეტალური სტატისტიკა ბოლო 2 წლის განმავლობაში არ გამოქვეყნებულა. ვებ-გვერდზე, ასევე, განთავსებულია 2017 წლის დეკემბრის რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები.
2017 წელს სულ რეგისტრირებულია 37 944 დანაშაული, რაც 2016 წლის მაჩვენებელს 5.4%-ით აღემატება.

რაც შეეხება ტენდენციებს ცალკეული მუხლების მიხედვით:
აღსანიშნავია, რომ სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებიდან განზრახ მკვლელობა არ არის მომატებული. ძირითადი წილი მოდის სსკ-ს 115-ე მუხლზე (თვითმკვლელობამდე მიყვანა), თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტების უმრავლესობა არ წარმოადგენს თვითმკვლელობამდე მიყვანის კლასიკურ შემთხვევას. სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გამოძიება იწყება მაშინაც, როცა სახეზე არ არის ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელი ყველა ნიშანი (მსხვერპლისადმი მუქარა, სასტიკი მოპყრობა ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირება), მაგრამ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. ამგვარ საქმეებზე, ხშირ შემთხვევაში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ, დგინდება, რომ საქმე გვაქვს არა დანაშაულთან, არამედ ბუნებრივ სიკვდილთან ან სუიციდთან.
ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან რეგისტრირებული დანაშაულის დიდი ნაწილი მოდის 1261 მუხლზე (ოჯახში ძალადობა). ამ მუხლით რეგისტრირებული დანაშაულის ზრდა გამოწვეულია, ერთი მხრივ, მასობრივი კამპანიით ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, რამაც გაზარდა სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვიანობის მაჩვენებელი, მეორე მხრივ იმ ფაქტით, რომ ადრე არსებული პრაქტიკისგან განსხვავებით, ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების პარალელურად, უმეტეს შემთხვევაში, იწყება გამოძიება.
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან რეგისტრირებული დანაშაულის ნაწილი მოდის სსკ-ს 151-ე მუხლზე (მუქარა). კერძოდ, 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული გაზრდილია 61.7%-ით. მუქარის ფაქტების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის ოჯახური კონფლიქტის საფუძველზე განხორციელებულ მუქარაზე. გაზრდილია როგორც დაზარალებულთა, ასევე, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მქონე პირთა (ახლობლები, ნათესავები, მეზობლები) მხრიდან სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვიანობის მაჩვენებელი. ამასთან, სამართალდამცავი სტრუქტურების შესაბამისი დანაყოფების მხრიდან, ოჯახური კონფლიქტის შედეგად მუქარის თითოეულ ფაქტზე, მოსალოდნელი მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით, დაუყოვნებლივ იწყება გამოძიება მაშინაც კი, როდესაც სახეზე არ არის დანაშაულის შემადგენელი ყველა ნიშანი.
საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან მომატებულია უმეტესად სსკ-ს 177-ე (ქურდობა), 180-ე (თაღლითობა) და 181-ე (გამოძალვა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული.
რაც შეეხება დანაშაულს საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ, შემცირება ფიქსირდება ამ თავით გათვალისწინებული ყველა მუხლით, გარდა 2381 მუხლისა (ცივი იარაღის ტარება).
კლების ტენდენციაა ნარკოტიკულ დანაშაულზე (მუხლი 260-274). ამასთან, კლება ფიქსირდება ნარკოტიკული დანაშაულის თავში შემავალ თითქმის ყველა მუხლზე, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე (273-ე, 2731 მუხლები).
გარემოს დაცვის წესის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მატება, ძირითადად, მოდის სსკ-ს 303-ე (ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა), 299-ე (წიაღით უკანონოდ სარგებლობა) და მე-300 (უკანონო თევზჭერა) მუხლებზე.
სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მატება განპირობებულია სსკ-ს 381-ე მუხლით (განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, ან/და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა) გათვალისწინებული დანაშაულის ზრდით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვიურ სტატისტიკას გამოაქვეყნებს 2018 წლის მარტის თვის ჩათვლით, რის შემდეგაც დაიწყება კვარტალური სტატისტიკის გამოქვეყნება.
ბოლო პერიოდში, ჩვენ საზოგადოებას აქტიურად ვაწვდით ინფორმაციას, როგორც სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე, ასევე, ჩვენ მიერ ჩატარებულ ღონისძიებებზე. ბოლო კვირის განმავლობაში კრიმინალური სამყაროს არაერთი წევრი, ნარკორეალიზატორი და ოჯახში მოძალადე დავაკავეთ. გახსნილია ყაჩაღობის არაერთი ფაქტი. ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებები და უკანონო საბრძოლო იარაღი.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის საქმიანობაში არის ღია და გამჭვირვალე. ეს არის სტატისტიკური მონაცემების მხრივ არსებული რეალობა. ვთვლით, რომ მხოლოდ რეალური სურათის ობიექტური გააზრებით არის შესაძლებელი ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა.
რაც შეეხება რეგისტრირებული დანაშაულის ზრდის ფონზე ჩვენს პოლიტიკას კრიმინალთან ბრძოლაში, ჩვენ ვირჩევთ სისტემური რეფორმირების გზას. რეფორმირების ეს პროცესი უკვე დაწყებულია და დღევანდელი დღეც ამის ნათელი დასტურია. ეს ეხება რეფორმირებას კრიმინალურ პოლიციაში, სასაზღვრო პოლიციასა და პატრულში, სადაც დაიწყო რეფორმირების ახალი ეტაპი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია რეფორმა კრიმინალური პოლიციის მიმართულებით, რომლის მიზანია როგორც საგამოძიებო, ასევე, ოპერატიული საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება.
ჩვენი მიზანია არა რეპრესიული პოლიტიკის გატარება, არამედ პრევენციულ პოლიტიკაზე გადასვლა და ამისთვის საქართველოში ვნერგავთ ე.წ. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტს.
აღნიშნულის პარალელურად, მომატებული კრიმინალის საპასუხოდ, ჩვენი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, კანონის ფარგლებში ვიქნებით მკაცრები, პრინციპულები და ამ პროცესში მაქსიმალურად დავიცავთ ადამიანის უფლებებს”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0