შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის

24/05/2022

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონებში შესატან ცვლილებათა პროექტები პირველი მოსმენით განიხილეს. პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, რატი იონათამიშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ნინო იობაშვილის, გიორგი ამილახვარის, ალექსანდრე ტაბატაძის და ალუდა ღუდუშაურის საკანონმდებლო ინიციატივა დავით მათიკაშვილმა წარადგინა და კოლეგებს კანონპროექტების ძირითადი პრინციპები გააცნო. შემოთავაზებული პროექტით, უნდა მოწესრიგდეს იარაღის დროებითი მოწმობის გაცემის საფუძვლებთან, იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე იარაღის გადაადგილების წესთან და პირობებთან, იარაღის დროებითი მოწმობის ფორმასა და გაცემის წესთან, შიდა ტრანზიტის მომსახურების ვადასა და საფასურთან, სააგენტოს მიერ გასაწევ ცალკეულ მომსახურებათა მიღების ვადასთან, დაჩქარებულ მომსახურებებთან და საფასურის განაკვეთებთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შესაძლებელი იქნება, განისაზღვროს მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის წინასწარ (მომსახურების გაწევამდე) გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების გარემოებები.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის მიზანია მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ხარისხისა და ამ სფეროში დანერგილი ტექნოლოგიების გაუმჯობესების ხელშეწყობა, რაც, თავის მხრივ, მომხმარებლისთვის უკეთესი გარემოს შექმნასა და მისი ინტერესების ჯეროვან დაკმაყოფილებას ემსახურება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0