ახლახან დავბრუნდი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან, სადაც სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდი და მინდა, გამოვეხმაურო ბოლოდროინდელ ფაქტებს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს უკავშირდება. პირველ რიგში, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ დემურ სტურუას გარდაცვალების გამო. ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, ასევე, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, თანამდებობის პირების ოჯახის წევრები თუ სამართალდამცველები. ჩვენ არ დავუშვებთ არც ერთი მოქალაქის უფლებების ხელყოფას. იმ შემთხვევაში, თუკი სამართლდამცველთა მხრიდან ნებისმიერი გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს. რეაგირება არის და ყოველთვის იქნება ადეკვატური. ჩვენი ვალია, გამოვავლინოთ ნებისმიერი კონკრეტული შემთხვევა, რათა ამან არ მიიღოს სისტემური ხასიათი. პასუხისმგებლობა კონკრეტულ გადაცდომაზე ეკისრება კონკრეტულ პირს. ის, რომ ამან სისტემური ხასიათი არ მიიღოს და ტენდენციად არ იქცეს – ეს უკვე ჩვენი პასუხისმგებლობაა. მაგრამ, მინდა აქვე აღვნიშნო, რომ დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევების გამო, მთელ პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ და მოხდეს კეთილსინდისიერი სამართალდამცველების დემოტივაცია, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენი უსაფრთხოების ხარისხზე. ჩვენს სისტემაში 40 ათასამდე ადამიანი მუშაობს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა თავისი ქვეყნის პატრიოტი და პროფესიონალია. ისინი თქვენი, თქვენი ოჯახის წევრების, თქვენი შვილების სიცოცხლისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან – 24 საათი, ყოველ დღე. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, ნებისმიერი განცხადების გაკეთებისას ნუ მივაყენებთ ჩრდილს მთელ ინსტიტუტს, რადგან თქვენი პოლიცია იმსახურებს პატივისცემას! ხაზგასმით ვაცხადებ: სისტემა, როგორც არასდროს, ორიენტიერებულია საზოგადოების უსაფრთხოებაზე. მე ამას სრული პასუხიმგებლობით ვამბობ! ხოლო პოლიციელი ჩემთვის იყო და არის გმირი! შესაძლოა, ამ ფრაზის გამო ოპონენტებმა ოპონირება გაგვიწიონ კონკრეტული შემთხვევის ან შესაძლოა გადაცდომის მოშველიებით, მაგრამ უდიდეს შეცდომად მიმაჩნია ერთეული შემთხვევების განზოგადება მთელი სამინისტროს მასშტაბით. დიახ, ადამიანებმა, რომლებიც შეგნებულად უტევენ ამ ინსტიტუტს, ძალიან კარგად იციან, რომ პოლიცია ქვეყნის უსაფრთხოების ფუნდამენტია და მისი დაკნინება შეასუსტებს თავად ქვეყანას. აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო ბოლო პერიოდის განმავლობაში თბილისში მომხდარ რამდენიმე კრიმინალურ ფაქტზე. თავად ხედავთ, რომ თითქმის ყველა დანაშაული უმოკლეს დროში იხსნება. ცხელ კვალზე გაიხსნა ეს დანაშაულებიც. თუმცა, საპოლიციო საქმიანობაში არანაკლებ მნიშვნელოვანია პრევენცია და აქ საზოგადოების განწყობას, მის თანამშრომლობასა და მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ გააზრებული არჩევანი: უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა პოტენციური დამნაშავეების ინსინუაციების დაქვემდებარება და მათი თამაშის პირობების მიღება, თუ ჩვენი პოლიციისთვის და შესაბამისად, უსაფრთხოებისთვის მხარდაჭერა? გარდა ამისა, ჩვენს წინ ახლა მნიშვნელოვანი გამოწვევაა: ჩვენ უნდა შევძლოთ მოახლოებული არჩევნების სამართლიან, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება. მესმის, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას პოლიტიკური ვნებათაღელვები პიკს აღწევს. მაგრამ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, მივმართავ ყველა მხარეს, ნუ ცდილობენ ამ პოლიტიკურ ბატალიებში საკუთარი ქვეყნის პოლიციელების ჩარევას – ვერავინ მოახერხებს მათ დისკრედიტირებას! პოლიცია არის აპოლიტიკური უწყება. ჩვენ ვართ საქართველოს და მისი ყველა მოქალაქის პოლიციელები. მაგრამ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ თქვენი უსაფრთხოება ამ პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობისას. ამდენად, ხაზგასმით ვაცხადებ, პირადად მე და შსს-ს მთელი შემადგენლობა არ დავუშვებთ ნებისმიერი სახის დესტაბილიზაციის მცდელობას, ძალადობის ნებისმიერი გამოვლენა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის! შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონის სრული დაცვით. ჩვენ გავაგრძელებთ დაუნდობელ ბრძოლას სამართალდარღვევების და კრიმინალის წინააღმდეგ! ეს არის ბრძოლა თქვენი და თქვენი ოჯახების უსაფრთხოებისთვის და ამ ბრძოლაში პოლიცია უკომპრომისო იქნება!
შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო ბრიფინგი გამართა
07/09/2016