შიდა კვლევებში ”ქართული ოცნების” რეიტინგი 30-45%-მდე მერყეობს

07/06/2016

ბიძინა ივანიშვილის აზრით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება არ დასჭირდება. ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ საშუალოდ პლიუს-მინუს 95 კაცით მოვა პარლამენტში“, – დასძინა ივანიშვილმა.

მისი ინფორმაციით, შიდა კვლევებში ”ქართული ოცნების” რეიტინგი 30-45%-მდე მერყეობს. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, საარჩევნოდ ეს პროცენტი აიწევს.

”შიდა კვლევებით, ”ქართული ოცნების” რეიტინგი 30%-ს არ ჩამოცილებია და 30-დან 45%-მდე მერყეობს. თქვენი აგიტაციით მოახერხეთ, რომ აქამდე ჩამოგეყვანათ, თუმცა არჩევნებზე ეს პროცენტი აიწევს. ხალხს დავაბრუნებთ უკან და ავუხსნით სად არის რეალობა”, – მიმართა ივანიშვილმა ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ არჩევნები უნდა ჩაატაროს ზომიერად და ის მუშტი-კრივი, რაც კორცხელში მოხდა, აღარ განმეორდეს.
ივანიშვილმა NDI და IRI გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ”ამ ორგანიზაციებში ”ნაციონალური მოძრაობის” საცეცები მოქმედებს”.

”ამით უნდათ შექმნან რევოლუციური მდგომარეობა, თუმცა ამის არანაირი რესურსი ”ნაციონალურ მოძრაობას” არ აქვს. NDI-ს და IRI-ს ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვცდილობ, საზოგადოებაში ნიჰილიზმი არ გაჩნდეს ამერიკული ორგანიზაციების მიმართ, თუმცა მათაც კი ვერ მოახერხეს ”ნაციონალური მოძრაობისგან” თავის დახსნა. მათი საცეცები იქაც დღემდე მოქმედებს. ამ კვლევებს თახნიშვილი და ბოკერია ალაგებენ და ცქიტიშვილი და თურმანიძე აყალიბებენ ისე, როგორც ბოკერია უკვეთავს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება ჟურნალისტს შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა ეს კვლევები ასახავდეს რეალობას და საკუთარი გარემოცვა ატყუებდეს, ივანიშვილის თქმით, მისი მოტყუება არ არის მარტივი.

”არც ცდილობენ და რომც ეცადონ, ვერ მომატყუებენ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0